Home » საზოგადოება » “საფინანსო ორგანიზაციების ინტერესია, ე.წ. შავ სიაში ბევრი ადამიანი იყოს”
"საფინანსო ორგანიზაციების ინტერესია, ე.წ. შავ სიაში ბევრი ადამიანი იყოს"

“საფინანსო ორგანიზაციების ინტერესია, ე.წ. შავ სიაში ბევრი ადამიანი იყოს”

თითქმის ყოველი მეორე ადამიანი ქვეყნის ეკონომიკისთვის გამოუსადეგარია

ეკონომიკის განვითარებაში მოსახლეობის დიდი ნაწილი მონაწილეობას ვერ იღებს. ყოველი მეორე-მესამე ადამიანი ამ პროცესს ჩამოშორებულია. ყელამდე ვალებში ჩაფლულ ადამიანებს ხელ-ფეხი შეკრული აქვთ და ისინი მთელ სიცოცხლეს არსებობისთვის ბრძოლაში ატარებენ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იმ მიზეზებზე საუბრობს, რომელთა გამოც ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მესამედი ეკონომიკურ განვითარებას ჩამოსცილდა. ერთ-ერთი მიზეზი უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემაა.

“ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 25-30% ჩამოშორებულია ეკონომიკის განვითარებისგან. დაახლოებით 630 000 ადამიანი არის დღეს ე.წ. “შავ სიაში” და მოკლებულია სრულფასოვან ეკონომიკურ ცხოვრებას. ამ ადამიანებში არიან მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ საინტერესო ბიზნესპროექტები, არიან მცირე მეწარმეები, მაგრამ ვერ ავლენენ თავიანთ პოტენციალს იქიდან გამომდინარე, რომ უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემამ გამოიწვია მათი ჩამოშორება ეკონომიკური ცხოვრებიდან”, – განაცხადა ბახტაძემ.

ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ეთანხმება პრემიერის მოსაზრებას და ამბობს, რომ თუ სიღარიბე არ შემცირდება და მოსახლეობის შემოსავალი არ გაიზარდება, ქვეყანა ერთ ადგილას გაიყინება. ამისთვის საჭიროა, მთავრობა მოსახლეობას “შავი სიიდან” ამოსვლაში დაეხმაროს, რაც მათ ყოფით პრობლემებს მოაგვარებს. ეს არის ჩაკეტილი წრე, მსხვილი საფინანსო ორგანიზაციები ცდილობენ, სიაში ძალიან ბევრი ადამიანი იყოს, რათა მათ ეკონომიკური აქტიურობა შეეზღუდოთ.

“ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მთლიანი ოდენობა სასწრაფოდ უნდა გავზარდოთ, რომ სიღარიბე შემციდეს და მოსახლეობის შემოსავალი გაიზარდოს, თორემ ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებთ. ყველა მთავრობის მიზანი უნდა იყოს, დაეხმაროს “შავ სიაში” მყოფ ადამიანებს და ამოიყვანოს ფინანსური უფსკრულიდან, რომ მათ შეძლონ თავიანთი საქმიანობის გაგრძელება.

2008 წლიდან, როდესაც ეკონომიკური პრობლემები შეიქმნა, ისეთი ადამიანები აღმოჩნდნენ “შავ სიაში”, რომლებიც ნამდვილად იყვნენ აქტიურები. ბიზნესმა და მცირე მეწარმეებმა მიიღეს დიდი დარტყმა. მაშინ მათ სახელმწიფო დაეხმარა, მაგრამ უბრალო ხალხს არავინ დახმარებია, პირიქით, საბანკო სექტორი უფრო მკაცრადაც მოიქცა.

მოგვიანებით, ბანკები “შავ სიაში” მოხვედრილ ადამიანებს რომ აღარ აძლევდნენ სესხებს, ხალხი იძულებული იყო, ისეთი კატასტროფული არჩევანი გაეკეთებინა, როგორიცაა ონლაინ სესხები და მიკროსაფინანსოები. ისინი ბოლომდე აღმოჩნდნენ ჩაფლული ვალების ჭაობში და ახლა ვეღარ გამოდიან ამ უბედურებიდან.

ეს არის ჩაკეტილი წრე, როდესაც მსხვილი საფინანსო ორგანიზაციები დაინტერესებული არიან, რომ “შავ სიაში” ძალიან ბევრი ადამიანი იყოს. აქ უნდა ჩაერიოს სახელმწიფო და გაარღვიოს ეს წრე. ბახტაძე თუ მოაგვარებს ამ პრობლემას, მოხარული ვიქნები”, – განუცხადა “რეზონანსს” ჯანიაშვილმა.

მოსახლეობის ის წილი, რომელიც ეკონომიკურ აქტივობას ჩამოშორებულია, მესამედზე მეტია. სტატისტიკოს სოსო არჩვაძის თქმით, ქვეყანაში თვითდასაქმებულებს უნდა ეძლეოდეთ საშუალება, საკუთარი მცირე წარმოება განავითარონ. ამას სახელმწიფომ სხვადასხვა კამპანიით უნდა შეუწყოს ხელი.

“ჩვენ გვყავს საკმაოდ დიდი კატეგორია მოსახლეობისა, ვინც ყველანაირად პასიურია. ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობა, რომლებსაც მიეკუთვნებიან დიასახლისები, სტუდენტები, პატიმრები, ქრონიკულ ავადმყოფობაში მყოფი პირები, ვალაუვალი მოსახლება უფრო მეტია, ვიდრე დასახელებული 30%.

თითოეული დასაქმებულის კეთილდღეობა დამოკიდებულია მათ მიერ შექმნილი დოვლათის სიდიდეზე. სოფლის მეურნეობაში საკმაო დიდი კონტინგენტი მუშაობს, მაგრამ შარშან ეკონომიკური ზრდის ნაცვლად, შემცირება მოგვცა. მათი კეთილდღეობა მხოლოდ ბიუჯეტის ხარჯზე იზრდება.

ცოტათი გაუმჯობესდა დაქირავებით დასაქმებულების მდგომარეობა, ხოლო თვითდასაქმებულების არ შეცვლილა. ამიტომ ჩვენ გვინდა ისეთი ეკონომიკა, რომლის ყველა დარგი გაიზრდება. ჯაჭვის სიმყარე ხომ ყველაზე სუსტი რგოლით განისაზღვრება. ამის გამო უნდა ვითარდებოდეს ყველა მიმართულება, რომ დამატებითი ღირებულების შექმნის მოცულობა იყოს დიდი.

დღეს სოფლის მეურნეობაში დამატებითი ღირებულება იქნება 10-ჯერ ნაკლები, ვიდრე ეკონომიკის სხვა დარგებში. შრომის წარმოება უნდა გაიზარდოს და ასევე ნებისმიერ სფეროში დასაქმებულთა ეკონომიკური მდგომარეობა გამოვასწოროთ. თუ ამას შეძლებს ახალი პრემიერი, მისი ნებისმიერი წამოწყება იქნება წარმატებული”, – განუცხადა “რეზონანსს” არჩვაძემ.

“რეზონანსი”

Share