Home » ბიზნესი » საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო: ნავთობპროდუქტების ბაზარზე 2013-2014 წლებში კონკურენცია უმნიშვნელოდ გაიზარდა

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო: ნავთობპროდუქტების ბაზარზე 2013-2014 წლებში კონკურენცია უმნიშვნელოდ გაიზარდა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ნავთობპროდუქტების ქართული ბაზრის შესახებ კვლევა გამოაქვეყნება.  კვლევამ შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოავლინა:

ბაზრის მახასიათებლები

  • საქართველოში მოხმარებული ნავთობპროდუქტები მთლიანად იმპორტირებულია და 2014 წელს იგი საქართველოს უმსხვილეს საიმპორტო საქონლის ჯგუფს წარმოადგენდა. 2014 წელს ქვეყანაში შემოტანილ იქნა 1.415 მლრდ ლარის ღირებულების 903.2 ათასი ტონა საავტომობილო საწვავი;

  • 2012 წლამდე ნავთობპროდუქტების ბაზარზე მკვეთრად გამოკვეთილი ოლიგოპოლიური სტრუქტურა ჩამოყალიბდა, სადაც ხუთი კომპანია დომინირებდა, როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტში, ისე საბითუმო და საცალო ვაჭრობაში. ამასვე ადასტურებენ კონკურენციის საზომი სტატისტიკური ინდიკატორებიც;

  • სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ 2013-2014 წლებში ამ ბაზარზე კონკურენცია მცირედით გაიზარდა, თუმცა ბაზრის სტრუქტურა კვლავ შორს არის სასურველისგან. 2013 წელს მსხვილი საწარმოების წილი მთლიან ბრუნვაში, წინა წელთან შედარებით, 2%-ით შემცირდა და 93% შეადგინა;

  • 2013-2014 წლებში, 2012 წელთან შედარებით, დაახლოებით 1000 პუნქტით შემცირდა ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსიც1, რაც ასევე წინსვლაა.  თუმცა, საწვავის იმპორტიორ კომპანიათა რიცხვის შემცირებამ და ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსის ზრდა მცირე მასშტაბის იყო, რაც აჩენს იმის რისკს, რომ მომავალში ამ ბაზარზე ოლიგოპოლია კვლავ შენარჩუნდება.

ბაზრის რეგულირება

  • 2014 წელს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის მიღებისა და, კონკურენციის სააგენტოს ახალი სახით ჩამოყალიბების შემდეგ სახელმწიფოს შესაძლებლობები კონკურენციის დაცვის მხრივ გაიზარდა. 2015 წლის ივლისში სააგენტომ საწვავის ბაზრის შესწავლა დაასრულა და კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევისთვის რვა კომპანია ჯამში 55 მილიონამდე ლარით დააჯარიმა. რამდენიმე კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა;

  • საწვავის ხარისხის კონტროლის ეფექტური მექანიზმი ფაქტიურად არ არსებობს,მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სტანდარტები, რომლებსაც საქართველოს ბაზარზე გაყიდული ნავთობპროდუქტები და ბუნებრივი აირი უნდა აკმაყოფილებდეს. ამასთანავე, ხარისხობრივი ნორმების დარღვევისთვის არ არის განსაზღვრული ადეკვატური სანქცია;

  • 2010-2015 წლებში სულ 489 ნიმუშის (ბენზინის და დიზელის) შემოწმება განხორციელდა, საიდანაც 38% (187 ნიმუში) არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ხარისხობრივ ნორმებს.

ფასები

  • ნავთობპროდუქტებზე ქართული ბაზრის ხუთი ძირითადი მოთამაშის ფასების ცვლილება ბოლო სამი წლის განმავლობაში ფაქტობრივად ერთდროულად ხდებოდა, რაც კარტელური შეთანხმების არსებობის საფუძველს აჩენს.

  • მთლიანობაში, საწვავის ადგილობრივი ფასები ნავთობის მსოფლიო ფასების საერთო ტენდენციას მიყვებოდა, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაცმსოფლიო ფასების ცვლილება ქართულ ბაზარზე რამდენიმე თვის დაგვიანებით აისახებოდა. ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალში საცემია ფასების კლების დროს;

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად:

  • გამოკითხულთა 26% საწვავს სხვადასხვა კომპანიებისგან იძენს, 20% „ვისოლის“ საწვავს ანიჭებს უპირატესობას, 17% „გალფის“ ავტოგასამართ სადგურებში იძენს საწვავს, გამოკითხულთა 16% – „რომპეტროლის“, ხოლო 14% – „სოკარის“ მიერ მიწოდებული საწვავის მომხმარებელია. ხუთ დიდ კომპანიას შორის შედარებით ნაკლებად პოპულარული „ლუკოილია“, გამოკითხულთა მხოლოდ 10%-მა განაცხადა, რომ საწვავს ამ კომპანიის ავტოგასამართ სადგურებში იძენს;

  • გამოკითხულთა 50%-ის თქმით, საწვავის არჩევისას პრიორიტეტული მათთვის საწვავის ხარისხია, ხოლო 41%-ის განცხადებით, მათი არჩევანი საწვავის ფასზეა დამოკიდებული.

წყარო: bpi.ge

Share