Home » ბიზნესი » სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 200 ვაკანსიას აცხადებს
სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 200 ვაკანსიას აცხადებს

სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 200 ვაკანსიას აცხადებს

სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 21 აპრილს დასაქმების ფორუმს აწყობს და, პროექტის ფარგლებში, საცალო გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე 200 ვაკანსიას აცხადებს. ვის შეუძლია აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობა, რას სთავაზობს კომპანია  დასაქმების მსურველებს და რა პრინციპით მოხდება მათი შერჩევა?! ამის შესახებ, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გაყიდვების ადამიანური რესურსების მენეჯერ ვახტანგ კორძაიას ვესაუბრებით.

– რას გვეტყვით დასაქმების ფორუმის შესახებ?
– 21 აპრილს, 10:00-დან 18:00-მდე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ (მე-3 პავილიონი), სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ფართომასშტაბიან დასაქმების ფორუმს ატარებს. აღნიშნულ ფორუმზე წარმოდგენილი იქნება 200 ვაკანსია საცალო გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

– ვის შეუძლია დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მიღება?
– აღნიშნულ ვაკანსიაზე დასაქმების მსურველთა მიმართ კომპანიას არ გააჩნია მკაცრი მოთხოვნები სამუშაო გამოცდილების ან სპეციფიკური განათლების კუთხით. ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, ვისაც აქვს მაღალი მოტივაცია, დაეუფლოს ახალ პოფესიას და გახდეს გაყიდვების სპეციალისტი, არის 25 წელს ზემოთ, ენერგიული და შრომისმოყვარე, აქვს შანსი, ჩვენს კომპანიაში დასაქმდეს.

ჩვენ ვეძებთ კადიდატებს, ვისაც სურს, შეიცვალოს სამუშაო ადგილი, შეიძინოს ახალი, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვადი პროფესია ან ხელახლა დაიწყოს პროფესიული საქმიანობა და ეძებს თვითრეალიზაციის საშუალებას ისეთ სამსახურში, სადაც მუდმივად მოუწევს ახალ ადამიანებთან შეხვედრა და საინტერესო გამოცდილებების მიღება.

– როგორ მოხდება კანდიდატების შერჩევა?
– პირველ რიგში, ჩვენი კომპანიის თანამშრომლები დასაქმების მსურველებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან შეთავაზებული სამუშაოს შესახებ და იქვე მოხდება მოლოდინების შეჯერება, რათა ორივე მხარესთვის ნათელი გახდეს, რა სურთ სამუშაოს მაძიებლებს და რისი შეთავაზება შეუძლია კომპანიას. ამის შემდეგ შედგება ინდივიდუალური გასაუბრება, სადაც აქცენტი გაკეთდება მხოლოდ და მხოლოდ უნარებზე, ანუ შეფასდება ის, თუ  რამდენად აქტიური და კომუნიკაბელურია ადამიანი, რამდენად კარგად გადმოსცემს ინფორმაციას და ა. შ.; ფორუმზე მოგროვებული აპლიკაციები 1 თვის ვადაში გადაირჩევა და შემდეგი ეტაპი – საბოლოო გასაუბრება გაიმართება. ტესტირება ან მსგავსი ტიპის რაიმე გამოცდა კანდიდატებს არ ჩაუტარდებათ.

– შერჩეული კანდიდატი კომპანიაში ყოველგვარი გამოსაცდელი ვადის გარეშე დასაქმდება?
– შერჩეული კანდიდატები „ჯიპიაი ჰოლდინგის“ პროფესიონალ სპეციალისტებთან თეორიული და პრაქტიკული გადამზადების 6-თვიან პროგრამას გაივლიან, რომელიც მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: სადაზღვევო პროდუქტები და მომსახურება; კლიენტთან ეფექტური კომუნიკაციის უნარები; გაყიდვის ტექნიკები და ა.შ.; რაც ყველაზე მთავარია, შერჩეული კადიდატები მომზადების პროცესშივე მიიღებენ ყოველთვიურ ანაზღაურებას 400 ლარის ოდენობით, რაც მოიცავს როგორც ფიქსირებულ ნაწილს (ხელფასი), ისე ყოველთვიურ ბონუსს გაყიდვებიდან. შესაბამისად, გაყიდვების სპეციალისტის ანაზღაურება მუდმივად მზარდია მის მიერ გაყიდვების შედეგების გაუმჯობესებასთან ერთად. საბოლოო ჯამში კი, დაახლოებით, 1.5 წელიწადში, შესაძლოა, თითოეულმა დასაქმებულმა ყოველთვიურად 800 ლარი და მეტიც კი გამოიმუშავოს.

– როგორია სამუშაო გრაფიკი და  რა ევალება დასაქმებულს?
– სამუშაო განაკვეთი სრულია – 09:30-დან 18:30-მდე, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ საცალო გაყიდვების სპეციალისტს მეტი „მოქნილობა“ სჭირდება, შესაძლებელია შეღავათიანი გრაფიკის დაწესება.

რაც შეეხება მოვალეობებს, ხშირად ამ პოზიციაზე დასაქმებულის ფუნქცია-მოვალეობების არაწორი ინტერპრეტირება ხდება, საცალო გაყიდვების სპეციალისტს არ უწევს კარდაკარ სიარული და პოტენციური კლიენტის „ქუჩაში“ მოძებნა, მუშაობა ხდება გუნდური პრინციპით და ორგანიზებულად, რაც იმას ნიშნავს, რომ შერჩეულ კანდიდატებს უშუალოდ ეყოლებათ ჯგუფის უფროსი, რომელიც დაუგეგმავს ყოველდღიურ სამუშაოს, კონკრეტულ ლოკაციას და ა.შ. ასე რომ, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც სურს, შეიძინოს ახალი პროფესია და  ერთ-ერთ ლიდერ სადაზღვევო კომპანიაში დასაქმდეს, 21 აპრილს დასაქმების ფორუმზე უნდა მოვიდეს!

www.funtime.ge

Share