Home » ბიზნესი » საბანკო ტანგო – ვინ არის წამყვანი
საბანკო ტანგო – ვინ არის წამყვანი

საბანკო ტანგო – ვინ არის წამყვანი

რატომ ყიდის “ქართუ ბანკს” ივანიშვილი, რატომ აყოვნებს გაერთიანებას “ლიბერთი ბანკთან” და იქნება თუ არა ლიდერი ბანკების რეალური კონკურენტი ამ უცნაური შერწყმის შედეგ წარმოშობილი ფინანსური ინსტიტუტი

“ორმა ბანკმა ქვეყანა გადაჭამა” – ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან, ამ ფრაზას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოებაში კიდევ უფრო გაძლიერდა მოლოდინი, რომ საბანკო სექტორში მესამე ძლიერი ბანკის გამოჩენაა მოსალოდნელი. ბანკის, რომელიც რეალურ კონკურენციას გაუწევს ბაზრის ლიდერებს – “თიბისი ბანკსა” და “საქართველოს ბანკს”. თუმცა, იმ რეალობაში, როდესაც ქართული ბაზარი მსოფლიოს მოწინავე ბანკებმა “სოსიეტე ჟენერალმა” და HSBC-მა დატოვეს, ხოლო სხვა ქართული ბანკები დიდად ჩამორჩებიან სექტორის ლიდერებს,  რთულად წარმოსადგენია არსებული სიტუაცია მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის ქმედითი ჩარევის გარეშე შეიცვალოს.

ივანიშვილი რომ საბანკო სექტორში არსებული სიტუაციის შეცვლას გეგმავს, ამის შესახებ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში დაიწყო საუბარი, მაშინ, როდესაც მისი ბანკის “ქართუსა” და პატარკაციშვილების ოჯახის ბანკის “ლიბერთის” გაერთიანების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ამა მითქმა-მოთქმაც დიდი მოჰყვა, ამბობდნენ, რომ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და გარიგებას ხელს ვერაფერი შეუშლიდა, თუმცა ეროვნულ ბანკში დღემდე აცხადებენ, რომ ბანკების გაერთიანების შესახებ მათთვის არავის მიუმართავს. როგორც ჩანს, საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანები ბიძინა ივანიშვილი და პატარკაციშვილების ოჯახის წარმომადგენელი, ირაკლი რუხაძე საბოლოო დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ, თუმცა ბანკების გაერთიანების თემა რომ კვლავ აქტუალურია, ამას თავისი ბოლო ტელე-ინტერვუის დროს ივანიშვილის მიერ გაჟღერებული მოსაზრებები და შემდგომ ატეხილი აჟიოტაჟიც ცხადყოფს.  როგორც ჩანს, ივანიშვილმა გადაწყვიტა ერთი მხრივ ყოფილი ფინანსთა მინისტრის და ახლა უკვე პრემიერის მამუკა ბახტაძის მეშვეობით მნიშვნელოვანი რეგულაციებისა ქვეშ მოაქციოს საფინანსო სექტორი, ხოლო მეორე მხრივ ხელი შეუწყოს ისეთი ბანკის შექმნას, რომელიც დაარღვევს “თიბისი ბანკისა” და “საქართველოს ბანკის” ჰეგემონიას.

ოლიგარქიული გარიგება

ივანიშვილი-რუხაძე, რომ არახალია, ამას ტელეკომპანიების “იმედის”, “მაესტროსა” და ტელეკომპანია GDS-ის ერთი ქოლგის ქვეშ ოპერირებაც ცხადყოფს. შესაბამისად, მათ არ უნდა გაუჭირდეთ ორი საკუთარი ბანკის გაერთიანებაც. ამ შემთხვევაში, ალბათ, გასარკვევია თუ რომელი ბანკის სახელით გააგრძელებს ფუნქციონირებას უკვე ახალი ბანკი და ვინ გააკონტროლებს მას და რა პირობებსა და მომსახურებას შესთავაზებს  მომხმარებლებს, რითი გააუმჯობესებს საფინანსო ბაზარზე არსებულ სიტუაციას, როგორი საპროცენტო განაკვეთები ექნება სესხებსა თუ დეპოზიტებზე, როგორ მოახერხებს უკეთესი პირობებით სესხებისა გაცემას და რა ხერხებით შეძლებს “თიბისი ბანკთან” და “საქართველოს ბანკთან” კონკურენციის დაძლევას.

ზოგადად, ეს პოტენციური გაერთიანება, შესაძლოა, იდეალურიც აღმოჩნდეს, ვინაიდან “ქართუ” კორპორატიულ დაკრედიტებაზე ორიენტირებული საფინანსო ინსტიტუტია, ხოლო “ლიბერთი ბანკის” სასესხო პროდუქტების ძირითადი ვექტორი ფიზიკურ პირებზე გადის. თუმცა, ამ შემთხვევაში, საგულისხმოა ერთი ფაქტი, რაც დღემდე ვერდასრულებული გარიგების ერთ-ერთ მიზეზადაც დასახელდა – “ლიბერთი ბანკის” საპროცენტო შემოსავალი, რაც მისი მოგების გენერირების ძირითადი წყაროა, საპენსიო სესხებიდან მოდის და ეს ტენდენცია ლადო გურგენიძის მმართველობის დროს უაღრესად გაძლიერდა. საპენსიო სესხების კაბალურ პირობებზე ადრეც ბევრი ითქვა და დაიწერა. ბოლო პერიოდში, ამ ვითარების გაუმჯობესებას და რეპუტაციის გამოსწორებას რუხაძის მენეჯმენტიც ცდილობს და ამ საქმეს ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი და კიდევ მოსალოდნელი რეგულაციებიც ეხმარება. თუმცა, ფაქტია, წლობით მიმდინარე ტენდენციის ერთი ხელის მოსმით 180 გრადუსით შეტრიალება არც იოლი საქმეა და არც მოკლე დროშია შესაძლებელი. ბუნებრივია, ლოგიკას მოკლებული ვერ იქნება მოსაზრება, რომ ივანიშვილი ამ გარიგების დასრულებას არ ჩქარობს, რამდენადაც სწორედ ზემოაღნიშნული მომენტები აფიქრებს. თუმცა, საბოლოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მხარეები, ამას დრო გვიჩვენებს – მით უფრო, რომ საბანკო სექტორში მესამე, ძლიერი ბანკის გამოჩენის თემა სულ უფრო აქტუალური ხდება.

მოსალოდნელი რეალობა რიცხვებში

საინტერესოა, თუ რა რეალობას მივიღებთ იმ შემთხვევაში თუ გარიგება შედგა და “ლიბერთი” და “ქართუ” ბანკები გაერთიანდნენ. ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია ბანკების აქტივების მაჩვენებელი –  2018 წლის 3 კვარტლის მონაცემებით “ქართუ ბანკის” მთლიანი აქტივები 1 მილიარდს შეადგენს, ხოლო “ლიბერთი ბანკის” აქტივები 2 მილიარდს, ანუ გაერთიანების შემთხვევაში ახალი ბანკის მთლიანი აქტივები 3 მილიარდი იქნება. რაც შეეხება “თიბისი ბანკს”, მისი აქტივები 13 მილიარდს უტოლდება, “საქართველოს ბანკის” აქტივების მოცულობა კი 12 მილიარდია. ანუ, გაერთიანების შემთხვევაშიც კი ახალი ბანკი “თიბისი ბანკსა” და “საქართველოს ბანკს” საკმაოდ ჩამორჩება. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ მათი მფლობელების, ივანიშვილსა და რუხაძის ფინანსურ შესაძლებლობებს, ბანკის მოკლე დროში გაძლიერება და პოზიციონირების მხრივ ახალ ნიშნულზე გასვლა, ძნელი არ იქნება.

რაც შეეხება გაცემული სესხების მოცულობას, “ქართუ ბანკის” მიერ გაცემული მთლიანი სესხების მაჩვენებელი 803 მილიონია, “ლიბერთი ბანკის” მთლიანი საკრედიტო პორტფელი 916 მილიონი. ანუ, ჯამურად 1 მილიარდ 719 მილიონი. რაც შეეხება “თიბისი ბანკს”, ის 8 მილიარდ 869 მილიონის საკრედიტო პორტფელს მართავს, ხოლო “საქართველოს ბანკის” მთლიანი სესხების მაჩვენებელი 7 მილიარდ 644 მილიონია.

გიორგი კაპანაძე

Share