Home » ფინანსები » “საბანკო სექტორი ძალიან მგრძნობიარეა ეჭვების მიმართ, ფრთხილი დამოკიდებულებაა საჭირო, რათა მთლიანი საფინანსო სისტემა არ ჩამოგვეშალოს”
"საბანკო სექტორი ძალიან მგრძნობიარეა ეჭვების მიმართ, ფრთხილი დამოკიდებულებაა საჭირო, რათა მთლიანი საფინანსო სისტემა არ ჩამოგვეშალოს"

“საბანკო სექტორი ძალიან მგრძნობიარეა ეჭვების მიმართ, ფრთხილი დამოკიდებულებაა საჭირო, რათა მთლიანი საფინანსო სისტემა არ ჩამოგვეშალოს”

საბანკო–საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ,,ბანკები და ფინანსებს“ ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე ესაუბრა.

ზოგადად, როგორ შეაფასებდით საბანკო სექტორში არსებულ სიტუაციას,  რამდენად მნიშვნელოვანი იყო ახალი რეგულაციების ამოქმედება და არის თუ არა კიდევ რაიმე გამოსასწორებელი ამ მიმართულებით?

საბანკო სექტორის რეგულაციები შეგვიძლია განვიხილოთ, საზოგადოებრივი მართვის მოწესრიგების კონტექტში. მაგალითად, გზაზე რომელზეც არ არის შუქნიშნები, რაღაც მომენტში კეთდება შუქნიშანი, აკრძალვის ნიშნები. ეს, რა თქმა უნდა, მძღოლს გარკვეულწილად ზღუდავს და დამოკიდებული ხდება  მარეგულირებელ ნორმებზე, მაგრამ მიზნად ისახავს იმას, რომ შენარჩუნდეს მძღოლის სიცოცხლე, მგზავრების უსაფრთხოება, ტრანსპორტის დაუზანებლობა და ა.შ.  სწორედ ამ პროცესს შეგვიძლია შევადაროთ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება. აღნიშნული რეგულაციები მიზნად ისახავს საზოგადოების ფინანსური–ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვას, პრევენციას. მათ გაუთვალისწინებელი და დაუსაბუთებელი რისკებისგან.

საბანკო სექტორი, საქართველოს ეკონომიკის ერთ–ერთი მზარდი და სწრაფად განვითარებადი სეგმენტია, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ  საკრედიტო რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილის მოზიდვა ბოლო დრომდე  უცხოეთიდან ხდება, ამიტომაც შემთხვევით არ არის, რომ ქართული ბანკების უმრავლესობის საკონტროლო პაკეტს უცხოური კომპანიები ფლობენ.  ეს, ერთის მხრივ ჩვენი ეკონომიკის სისუსტეზე მეტყველებს და მეორეს მხრივ უცხოური კაპიტალის დაინტერესებაზე საქართველოში ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებით, კონკრეტულად კი საფინანსო–საკრედიტო სფეროში. თუმცა, ეს დაინტერესება ეფუძნება მოგების მიღებას, ამიტომ ამ მხრივ ქართულს საბანკო სექტორს გაძლიერება სჭირდება.

მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას გეგმა რომლის მიხედვითაც ქვეყნიდან არალეგალურად გასული კაპიტალის უკან დაბრუნება მოხდეს, გასაკუთრებით ეს ეხება 1990–2000–იან წლებში გასულ კაპიტალს და იგი უნდა დაბრუნდეს  უკან ქვეყანაში. შედაგად საქართველო თვითონ უნდა გახდეს, არამარტო სანტრანსპორტო და საკომუნიკაციო ჰაბი, არამედ ფინანსური რესურსების დონორიც. კაპიტალის უკან დაბრუნების გარეშე კი ეს შეუძლებელია.

როგორ შეაფასებდით „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე პროცესებს, ხედავთ თუ არა მასში პოლიტიკურ ნიშნებს? სფეროს ექსპერტები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ თუკი ამ პროცესებმა „თიბისი ბანკი“ დააზარალა, მას დომინოს პრინციპით სხვა ბანკებიც მიჰყვებიან, თქვენი აზრით,  სახიფათოა თუ არა მსგავსი თემები საფინანსო და საბანკო სექტორისთვის?

საბანკო სექტორი ძალიან სენსიტიური და მგრძნობიარეა ნებიესმიერი ეჭვების მიმართ.  ამ შემთხვევაში ძალიან ფრთხილი დამოკიდებულებაა საჭირო, რათა სამართლიანობისთვის ბრძოლას არ გადავაყოლოთ ობიქტიც და სუბიექტიც და შედეგად მთლიანი საბანკო სისტემა არ ჩამოგვეშალოს. ზედმეტი აჟიოტაჟი, აღნიშნული თემის ზედმეტი ტირაჟირება პრესაში, მედიაში, ვფიქრობ, არ არის მიზანშეწონილი. იმ მაკონტროლებელ და ძალოვან სტრუქტურებს, რომლებსაც აღნიშნული საქმიანობის განხორციელება ევალებათ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ მათ მოქმედებაზე დამოკიდებული იქნება, არამარტო სამართლიანობის აღდგენა და ვერდიქტის დადება, არამდე ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობა, განვითარება და სახელმწიფროებრივი მდგრადობა.

გარდა ამისა, ამ პროცესებს რეზონანსური დატვირთვა  ექნება არამარტო ქვეყნის შიგნით მოქმედი ინსტიტუების მიმართ, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც. პროცესებმა შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს უცხოელ ბიზნესმენებსა და ინვესტორებზე, რაც ბუნებრივია ცუდია საქართველოსთვის.

შოთა ხაფავა

Share