Home » ფინანსები » საბანკო რეგულაციებს უარყოფითი შედეგები არ მოჰყოლია – დაკრედიტების ტენდენცია მზარდია
საბანკო რეგულაციებს უარყოფითი შედეგები არ მოჰყოლია – დაკრედიტების ტენდენცია მზარდია

საბანკო რეგულაციებს უარყოფითი შედეგები არ მოჰყოლია – დაკრედიტების ტენდენცია მზარდია

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორისთვის დაწესებული რეგულაციების შემდეგ, საზოგადოების გარკვეულ წრეებში და აგრეთვე შესაბამის ბიზნეს სექტორებში, არსებობდა მოლოდინი, რომ ეს რეგულაციები გამოიწვევდა ერთი მხრივ დაკრედიტების შემცირებას, ხოლო მეორე მხრივ ეკონომიკური ზრდის ტემპის შეფერხებას. თუმცა, 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით სრულიად საპირისპირო სურათი დაფიქსირდა. ერთი მხრივ არ შეფერხდა ეკონომიკური ზრდა, რომელმაც მარტის თვეში 6 პროცენტი შეადგინა, ხოლო მეორე მხრივ გაზრდილია საკრედიტო პორტფელიც. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 26,4 მილიარდი ლარიდან 26,7 მლრდ ლარამდე. იდენტურია.

ამ მონაცემებიდან ნათლად ჩანს, რომ რეგულაციებმა უარყოფითი ეფექტი არ გამოიწვია დაკრედიტების მაჩვენებლის ზრდაზე, პირიქით დადებითი როლი ითამაშა საფინანსო სექტორის გაჯანსაღების თვალსაზრისით. ეს კი გამოიხატება საფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელის სტრუქტურის ცვლილებაში, სადაც საფინანსო ორგანიზაციებმა ორიენტირი აიღეს ახალ-ახალი საკრედიტო პროდუქტების შეთავაზებაზე იურიდიული პირებისთვის, მათ შორის ფიზიკური პირებისთვისაც, ახალი ტიპის იპოთეკური სესხების შეთავაზებით. რეგულაციების შედეგად, საბანკო სექტორმა გააცნობიერა, რომ საჭიროა ახალ ბიზნეს მოდელზე გადართვა, რაც მეტწილად ბიზნესისთვის მოქნილი პროდუქტების შეთავაზებაში გამოიხატება. ამ კატეგორიის სესხები პირდაპირ კორელაციაშია ეკონომიკურ ზრდასთან, ვინაიდან ის ასტიმულირებს წარმოების სექტორის განვითარებას.

სეგმენტი, რომელმაც რეგულაციების ამოქმედების შემდეგ კლება განიცადა, არის მოკლევადიანი სამომხმარებლო სესხები, ძირითადად სწრაფი სესხები და განვადებები. კერძოდ შემცირება არის მოკლევადიანი სამომხმარებლო სესხების ნაწილში, 659 მლნ ლარიდან 261 მლნ ლარამდე ანუ 400 მლნ ლარით. ეს მოულოდნელი არავისთვის ყოფილა, ვინაიდან საჭირო გახდა შემოსავლების დადასტურება და მიუხედავად იმისა, რომ დაკრედიტება შემცირდა, რეალურად მოხდა მსესხებლებისა და საფინანსო ორგანიზაციების ცივილური ურთიერთობის ჩამოყალიბება, როცა საკრედიტო ორგანიზაცია სესხს გასცემს შემოსავლის დადასტურების საფუძველზე და არა უძრავი ქონების უზრუნველყოფით.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოკლევადიანი და მაღალპროცენტიანი სესხებით ეკონომიკაში დამატებითი ღირებულებები არ იქმნება, რეგულაციები კი სწორედ ამ კატეგორიის სესხებს შეეხო.

რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამომხმარებლო სესხებზე გაზრდილია 16,3 % დან 17 %-მდე, ზრდა გაცილებით მაღალია მოკლევადიან სესხებზე ეროვნული ვალუტით 20 % დან 22,7 %-მდე. ეს ბუნებრივიც არის, ვინაიდან, ბანკებმა შემცირებული განვადებების შედეგად მიღებული დანაკლისის დასაბალანსებლად, გაზარდეს საპროცენტო განაკვეთები. თუმცა, მომავალში პროცენტმა წესით უნდა დაიწიოს, მზარდი კონკურენციის გათვალისწინებით.

პროცენტების მცირეოდენი ზრდა და მოკლევადიანი სესხების შემცირება, რეგულირების ზეგავლენის პირველადი შედეგებია, რომელიც მოკლევადიანია. საშუალო და გრძელვადიან პერიოდებში კი, შედეგები გაცილებით თვალსაჩინო იქნება.

შოთა კორინთელი

Share