Home » ეკონომიკა » საბანკო რეგულაციებმა სესხები ვერ შეამცირა – რა ხდება სასესხო ბაზარზე რეგულაციებიდან 9 თვის შემდეგ
საბანკო რეგულაციებმა სესხები ვერ შეამცირა - რა ხდება სასესხო ბაზარზე რეგულაციებიდან 9 თვის შემდეგ

საბანკო რეგულაციებმა სესხები ვერ შეამცირა – რა ხდება სასესხო ბაზარზე რეგულაციებიდან 9 თვის შემდეგ

საბანკო რეგულაციებმა, რომელიც სრულად მიმდინარე წლის იანვრიდან შევიდა ძალაში, თავიდანვე არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია ეკონომისტებსა თუ საზოგადოებაში. ყველაზე მწვავე რეაქცია კი რეგულაციებზე ცხადია, თავად კომერციულ ბანკებს ჰქონდათ. როგორც მათი წარმომადგენლები პროგნოზირებდნენ ეს გამოიწვევდა სესხების მნიშვნელოვან შემცირებას, რაც საბოლოოდ სერიოზული დარტყმა იქნებოდა ქვეყნის ეკონომიკისთვის. ერთად მიმოვიხილოთ ის შედეგები, რაც საბანკო რეგულაციებმა 9 თვის თავზე მოგვიტანა და ვნახოთ მართლაც იქონია თუ არა ნეგატიური გავლენა რეგულაციებმა ეკონომიკასა და საბანკო პროდუქტებზე.

რაც შეეხება, ზოგადად, დაკრედიტების წილს, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობას თუ შევხედავთ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2019 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით 214.05 მლნ ლარით (0.73%-ნი) ზრდა ფიქსირდება, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აგვისტოში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 2.31მლრდ – ით გაიზარდა (ზრდის ტემპი კურსის ეფექტის გამოკლებით 2.51%).

ზრდა ფიქსირდება უცხოური ვალუტით დაკრედიტების შემთხვევაშიც და თუ 2018 წლის აგვისტოში უცხოური ვალუტით გაცემულმა სესხებმა 13.49 მლრდ შეადგინა, 2019 წლის აგვისტოში ეს რიცხვი 16.51მლრდ გაუტოლდა.

როგორც ვხედავთ, დაკრედიტების საერთო სურათი გაუარესებული არ არის, მაგრამ ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია, არა ზოგადად დაკრედიტება, არამედ დაკრედიტების ის ტიპები, რომელიც მეტ წილად ეკონომიკის დაკრედიტებისკენ არის მიმართული. სწორედ ამიტომ თვალი გადავავლოთ სესხებს მიზნობრიობის მიხედვით.

რეგულაციების სპეციფიკიდან გამომდინარე, მან მთავარი გავლენა სამომხმარებლო სესხებზე მოახდინა, თუმცა როგორც ყველა ელოდა, ფულად გამოსახულებაში ის არ შემცირებულა და თუ 2018 წლის აგვისტოში 3.782 მლრდ შეადგინა, 2019 წლის აგვისტოში ეს რიცხვი 3.958 მლრდ-მდე გაიზარდა, თუმცა შემცირებულია მისი წილი, საერთო დაკრედიტებაში და თუ ის 2018 წელს 15.61%-ს შეადგენდა, 2019 წელს ის 13.39%-მდე შემცირდა.
მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ბიზნეს სესხებთან მიმართებაში და თუ გასული წლის აგვისტოში 7.645 მლრდ არ აღემატებოდა, მიმდინარე წლის აგვისტოში ბიზნეს სესხები 10.427 მლრდ ლარამდე გაიზარდა. გაზრდილია მისი წილიც საერთო დაკრედიტებაში 31%-დან 35%-მდე.

ერთ-ერთი მთავარი სექტორი, რომელზეც რეგულაციებს მნიშვნელოვანი გავლენა უნდა მოეხდინა არის სამშენებლო სექტორი, თავად ამ სექტორის წარმომადგენლების მტკიცებით, რეგულაციები მნიშვნელოვნად დააზარალებდა სამშენებლო სექტორს, სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით საინტერესოა, იპოთეკური სესხების წილის ცვლილება გასულ წელთან შედარებით.

თუ გასული წლის აგვისტოში იპოთეკური სესხების მოცულობამ 5.207 მლრდ შეადგინა, მიმდინარე წლის აგვისტოში ეს რიცხვი 6.773 მლრ-მდე გაიზარდა.

შემცირება ფიქსირდება სალომბარდე სესხების შემთხვევაში და თუ 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით, 537 მლნ სალომბარდე სესხი გაიცა, მიმდინარე წლის აგვისტოს ჩათვლით ეს რიცხვი 445 მლნ -მდე შემცირდა.
შეჯამებისკენ შეიძლება ითქვას, რომ რეგულაციებმა შეამცირა დაკრედიტების ზრდის ტემპი და არა დაკრედიტება, რომელიც ნაკლებად არის ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებაზე, ხოლო კომერციულ ბანკებს უბიძგა პრიორიტეტი გაეკეთებინათ, ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც ეკონომიკის დაკრედიტებისკენ არის მიმართული.

პაატა თურქია

Share