Home » ეკონომიკა » „საბანკო რეგულაციები სხვა ქვეყნებშიც შემოიღეს და რაიმე „კატასტროფა“ არსად მომხდარა“
„საბანკო რეგულაციები სხვა ქვეყნებშიც შემოიღეს და რაიმე „კატასტროფა“ არსად მომხდარა“

„საბანკო რეგულაციები სხვა ქვეყნებშიც შემოიღეს და რაიმე „კატასტროფა“ არსად მომხდარა“

ბოლო დღეებში კვლავ აქტუალური ახალი საბანკო რეგულაციების თემა, საკრედიტო დაწესებულებები და ექსპერტების ნაწილი   რეგულაციების შემოღებიდან უკვე 3 თვის თავზე რეგულაციებში ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ. გთავაზობთ ინტერვიუს საბანკო და საფინანსო ექსპერტთან, პროფესორ გიორგი ცუცქირიძესთან, რომელიც მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია არა ის თუ როგორი იქნება დაკრედიტების ტემპები, არამედ როგორ გადაეწყობა თავად ბანკების საკრედიტო პორთფელიც, რამდენად დაბალანსდება ბიზნეს დაკრედიტების ტემპები პორტფელის ზრდის დინამიკაში.

– ზოგიერთი შეფასებით 70-80%-ითაც კი არის შემცირებული საცალო დაკრედიტება, ძირითადად განვადებები და იპოთეკური დაკრედიტება, ამდენად ნეგატიურად აისახება ეს არა მხოლოდ საბანკო სექტორზე, არამედ, მთლიანად ეკონომიკაზე?

გიორგი ცუცქირიძე: ამ ტიპის საბანკო რეგულაციების შემოღება გრძელვადიან სტრატეგიაზეა გათვლილი, წლის დასაწყისიდან მხოლოდ 3 თვის, მონაცემებით შეფასება ან რაიმე დასკვნების გამოტანა არასწორია, რადგან შედარებითი სურათის მისაღებად ერთი წელი მაინც უნდა გავიდეს, ხოლო ზოგადი ტენდენციის შესაფასებლად სულ მცირე ორი კვარტალი ანუ 6 თვე მაინც არის საჭირო. სწორედ, ამ დროის გასვლის შემდეგ უფრო ცხადად გამოჩნდება თუ როგორ დინამიკაშია გადასული საკრედიტო პორთფელი და მთლიანად მისი სტრუქტურა. ის ფაქტი, რომ საკრედიტო დაწესებულებების მიერ დაკრედიტების ზრდის გასული წლების საშუალო მაჩვენებელი შემცირდებოდა, ეს ისედაც მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო, და არც არაფერი ისეთი კატასტროფული აქ არ ხდება.  შესაბამისად, ნაკლებად არის მოსალოდნელი ამ რეფორმამ ეკონომიკაზე იქონიოს რაიმე სერიოზული ნეგატიური ზეგავლენა. საბანკო რეგულაციები სხვა ქვეყნებშიც შემოიღეს და კატასტროფა არსად მომხდარა, გარკვეული სახის პრობლემები საწყის ფაზაში ყველგან იყო, მაგრამ შემდგომში ბუნებრივად მოხდა საკრედიტო პორთფელის ამ რეგულაციებზე გადაწყობა. მართალია, თებერვალში იანვართან შედარებით საკრედიტო პორთფელის ზრდამ მხოლოდ 0, 2 % შეადგინა, ხოლო გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე საერთოდ 0.6%-ით შემცირდა, მაგრამ ანალიზისათვის გაცილებით ზუსტ სურათს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარება უფრო იძლევა. გასული წლის გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში ზრდამ 15 % შეადგინა, ხოლო გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდა სულ მცირე 11 %-ს შეადგენს, რაც არც თუ ისე მცირეა.

რეალურად, პრობლემა იმაშია, რომ ბანკებს უწევთ არსებული ბიზნეს მოდელების გადაწყობა, რომელიც განსაკუთრებით ბოლო წლებში, საცალო დაკრედიტების ზრდის პრიორიტეტებზე იყო აგებული. ვალაუვალობის და ვადაგადაცილებული სესხების ზრდაც, დიდწილად, ამის შედეგი იყო.

ბუნებრივია, დაკრედიტების ზრდა დადებით კორელაციაშია ეკონომიკის ზრდასთან  მიმართებაში. კერძოდ, როგორც განვითარებადი, ასევე განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების ნაწილში დაკრედიტების ზრდა აღემატება ეკონომიკის ზრდის ტემპებს, მაგრამ ამავდროულად ზრდის ტემპების თანაფარდობა მაქსიმუმ 2 -ის ფარგლებშია.

მაგალითისათვის, ევროზონის ქვეყნებში მშპ-ის ზრდის და საბანკო კრედიტის საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებლები 2018 წლის მიხედვით პრაქტიკულად თანაბარია, მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 2.4%, ხოლო დაკრედიტების ზრდის მაჩვენებელი 2.9 %-ია. ევროპის განვითარებული ქვეყნებიდან შედარებით მაღალი კორელაცია აქვს საფრანგეთს( მშპ-ის წლიური ზრდა 2.3 %, დაკრედიტების ზრდის დონე-4.97 %)  და შვედეთს(მშპ-ის წლიური ზრდა 3.3 %, დაკრედიტების ზრდის დონე-6.8 %) ანუ დაკრედიტების წლიური ზრდა დაახლოებით ორჯერ მეტია ეკონომიკის ზრდასთან შედარებით.

ნიშანდობლივია, რომ აზიის სწრაფად განვითარებადი ქვეყნებისთვისაც კი(ინდოეთი, ჩინეთი) სადაც ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 3 ჯერ აღემატება ევროზონის ქვეყნების წლიური ზრდის დონეს და 7 %-ზე მაღალია, დაკრედიტების ტემპები ეკონომიკის ზრდას მხოლოდ 1.8 ჯერ აღემატება. იგივე შეიძლება ითქვას სხვა განვითარებად ქვეყნებზეც;

ჩვენს შემთხვევაში, თუ გასული 2015-2017 წლის პერიოდს მივიღებთ მხედველობაში, ეკონომიკის ზრდამ საშუალოდ 3.56 % შეადგინა, ხოლო ბანკების საკრედიტო პორთფელი ამავე პერიოდში საშუალოდ 19.8 %-ით არის გაზრდილი, ხოლო რეალური ზრდა ინფლაციის გამოკლებით 15.3 %- შეადგენდა ანუ დაკრედიტების ტემპები ეკონომიკის რეალურ ზრდას 5.6 ჯერ, ხოლო ინფლაციის გამოკლებითაც კი 4.3 ჯერ აღემატებოდა!.

როგორც ვხედავთ, ეს თანაფარდობა თვით სწრაფად განვითარებად ქვეყნებშიც კი მაქსიმუმ 2-ის ფარგლებშია. ამიტომ, ეროვნული ბანკის და მთავრობის სტრატეგია პასუხისმგებლიან დაკრედიტების მოდელზე გადასვლაში, არის დროული და გამართლებული. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საკრედიტო ექსპანსიის ტემპები იყო მაღალი რისკების მატარებელი, რადგან ბიზნესდაკრედიტების ტემპების შემდგომი შენელება, და სამაგიეროდ, საცალო დაკრედიტების ზრდა, ისედაც ატარებდა მაღალ ლიკვიდობის რისკებს, და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდებოდა ეკონომიკურ ზრდაზე მხოლოდ ნეგატიურად აისახებოდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ფინანსებზე წვდომის შესახებ ჩატარებულმა კვლევამაც აჩვენა, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორის არის, სადაც საკმაოდ მაღალია კომერციული ბანკების მსესხებელთა რაოდენობა. 2016 წლის მონაცემების მიხედვით, 1000 ზრდასრულ მოსახლეზე მსესხებელთა რაოდენობით მსოფლიოში სიდიდით მეორე მაჩვენებელი გვაქვს თურქეთის შემდეგ,, თუმცა  იგივე თურქეთში დაკრედიტების ტემპების ზრდა 2017 წელს, მშპ-ის 7.4 %-იანი ზრდის პირობებში, მხოლოდ 2,4 % იყო!

– რამდენად მოსალოდნელია ცვლილებები საბანკო რეგულაციებში?

გიორგი ცუცქირიძე: როგორც ავღნიშნე, ერთი წელი მაინც უნდა გავიდეს საერთო სურათის შესაქმნელად. მანამდე რაიმე სახის ცვლილების შეტანა არა მგონია გონივრული იყოს. პროცესებს სჭირდება არა მხოლოდ დაკვირვება, არამედ განვითარებაც. მოკლევადიანი ტრენდი არ იძლევა ობიექტური სურათის დანახვის შესაძლებლობას. მნიშვნელოვანია არა ის თუ როგორი იქნება დაკრედიტების ტემპები, არამედ როგორ გადაეწყობა თავად ბანკების საკრედიტო პორთფელიც, რამდენად დაბალანსდება ბიზნეს დაკრედიტების ტემპები პორტფელის ზრდის დინამიკაში და ა.შ.

 

ამ სახის რეგულაციები განხორციელდა როგორც ბალტიის ქვეყნებში, ასევე აღმოსავლეთ ევროპის და სკანდინავიის ქვეყნებშიდა ჩვენს მეზობელ თურქეთში და პირველ პერიოდში პრობლემები საკრედიტების შენელების კუთხით იქაც მწვავედ იდგა. ამ ტიპის რეფორმებისას საკრედიტო დაწესებულებებს უწევთ ახალ ბიზნეს მოდელებზე გადასვლა, რაც ბუნებრივია, ახალ მიდგომებს და გარკვეულ დროს მოითხოვს როგორც საცალო, ასევე ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით;

მიმაჩნია, რომ ბანკებს სჭირდებათ ინოვაციური მიდგომების დანერგვა ბიზნესთან ურთიერთობაში, სხვა დროსაც აღმინიშნავს, რომ არსებული სტანდარტული დაკრედიტების მოდელები დროს აშკარად ვეღარ პასუხობს დროის მოთხოვნებს, რადგან იგი კონსერვატულ მიდგომაზე -მთლიანად უძრავი ქონების ღირებულებაზეა რეალურად მიბმული და ნაკლებად ფულადი ნაკადების საპროგნოზო მაჩვენებლებზე. ეს თანაბრად ეხება და აფერხებს როგორც დამწყები ბიზნესის, ისე მოქმედი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას. ამასთან, ბიზნეს დაკრედიტების სტიმულირებისათვის, ძალზე დიდი მნიშვნელობა ექნება საკრედიტო საგარანტიო მექანიზმების სისტემზე გადასვლას, რაც მთავრობის მიერ უკვე დაანონსებულია და ცალკე საუბრის თემას წარმოადგენს.

Share