Home » ფინანსები » საატესტატო გამოცდების გაუქმებით ბიუჯეტიდან 1.5 მილიონ ლარამდე გამოთავისუფლდება
საატესტატო გამოცდების გაუქმებით ბიუჯეტიდან 1.5 მილიონ ლარამდე გამოთავისუფლდება

საატესტატო გამოცდების გაუქმებით ბიუჯეტიდან 1.5 მილიონ ლარამდე გამოთავისუფლდება

მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც სკოლის გამოსაშვები გამოცდები უქმდება. ცვლილებები “ზოგადი განათლების შესახებ კანონში” შევა. კანონპროექტის ავტორები დოკუმენტის დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეროვნული გამოცდების ცენტრი იძულებული იქნება, გამოცდების ორგანიზება დაიწყოს.

როგორც edu.aris.ge კანონპროექტზე დაყრდნობით წერს, საკანონმდებლო ცვლილებები ბიუჯეტს ტვირთად არ დააწვება, რადგან საატესტაციო გამოცდების გაუქმებით, მისი ორგანიზებისთვის გამოყოფილი თანხა თავისუფლდება.

კერძოდ, საუბარია დაახლოებით 1.5 მილიონ ლარზე, რომელიც სკოლის გამოსაშვები გამოცდებისთვის იყო გათვალისწინებული. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

“რადგან „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუეჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით პროგრამის „გამოცდების ორგანიზება“ (პროგრამული კოდი 32 04 01) ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან სკოლის გამოსაშვები გამოცდებისთვის გათვალისწინებული იყო დაახლოებით 1.5 მლნ ლარი, რომელიც მიმართულ იქნება ცენტრის (იგულისხმება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი) მიერ განსახორციელებელ სხვა ღონისძიებებზე, მათ შორის საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევების ხარჯების დასაფინანსებლად”, – წერია განმარტებით ბარათში.

“ზოგადი განათლების შესახებ“ კანონს გარდამავალი დებულებების სახით ემატება ნორმა, რომლის თანახმად, სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარებისგან ისინი თავისუფლდებიან, ვინც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს, ანუ, პირები, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს, მაგრამ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილეობა არ მიუღიათ. მათზე ატესტატი გაიცემა. ატესტატი ასევე გაიცემა პირებზე, რომლებმაც სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილეობა მიიღეს, მაგრამ ატესტატის მოპოვებისათვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება ვერ დააგროვეს.

წყარო: imedinewss.ge

Share