Home » ბიზნესი » საამქროს მუშის პოზიციიდან ტფილისის ვაჭრების უმაღლესი გილდიის წევრობამდე – მიქაელ არამიანცის ბიზნეს ისტორია
საამქროს მუშის პოზიციიდან ტფილისის ვაჭრების უმაღლესი გილდიის წევრობამდე – მიქაელ არამიანცის ბიზნეს ისტორია

საამქროს მუშის პოზიციიდან ტფილისის ვაჭრების უმაღლესი გილდიის წევრობამდე – მიქაელ არამიანცის ბიზნეს ისტორია

თბილისი, მე-20 საუკუნის დასაწყისი, მოქალაქეები, მაჩაბლის ქუჩაზე გამავალ დროშკებსა და ეტლებს გზაზე თივას უფენენ, იმისათვის, რომ ავადმყოფი კნიაზი არ შეაწუხონ. 1924 წელი – გაკულაკებულ, საკუთარი სახლის სარდაფში გარდაცვლილ მილიონერს თეთრი კატაფალკითა და შავი ცხენებით მიასვენებენ ხოჯევანგის სასაფლაოსკენ – ასე გამოხატავს ძველი თბილისი პატივისცემას მეცანატის, ბიზნესმენისა და ქველმოქმედ მიქაელ არამიანცის მიმართ.

სანამ მისი ისტორიის რეტროსპექტულ თხრობას გავაგრძელებდეთ, ხაზს გავუსვამთ იმ ხელშესახებ ადგილებსა თუ შენობებს, რაც მეცენატისგან თბილისს დღემდე შემორჩა – საქველმოქმედო პროექტი, რომელშიც ბიზნესმენმა მილიონ მანეთზე მეტი დახარჯა – არამიანცის საავადმყოფო, პირველი კლინიკური და იმ დროისათვის, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი დაწესებულება, სადაც ადამიანებს უფასოდ მკურნალობდნენ, ხარჯებს კი მიქაელი იხდიდა. სასტუმრო „მაჟესტიკი“ რუსთაველის გამზირზე (ამჟამად Tbilisi Marriot), სასტუმრო „არფასტო“ (ამჟამად, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი), კავკასიაში ნავთობის ინდუსტრიის განვითარებაც, გარკვეულწილად, მის სახელს უკავშირდება, ასევე, თბილისს შემორჩა უამრავი, იმ დროისათვის, შემოსავლიანი, უნიკალური არქიტექტურის სახლი, რომელიც მიქაელმა ააგო და მემორიალური დაფა ბიზნესმენის სახლთან, მაჩაბლის ქუჩაზე, თუმცა, არა საფლავის ქვა.

ეს არის ისტორია მეცნიერებით დაინტერესებულ ბავშვზე, რომელიც ტფილისის გიმნაზიაში სწავლაზე ოცნებობდა, თუმცა, 15 წლის ასაკში, მოღვაწეობა ხალიჩების საამქროში, დამხმარე მუშის პოზიციაზე დაიწყო, 28 წლის ასაკში, დააგროვა თავისი პირველი მილიონი და თბილისის ვაჭ­რე­ბის უმაღ­ლე­სი გილ­დი­ის წევ­რი გახდა.

კავკასიაში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი – მიქაელ არამიანცი თბილისში, 1924 წლის 19 დეკემბერს, სიღარიბეში გარდაიცვალა. ამბობენ, რომ სიკვდილამდე, მას ხშირად ხედავდნენ სასტუმრო „მაჟესტიკთან“ ჩამომჯდარს, ხან კი გარს უვლიდა ამ მშვენიერ და იმ დროისათვის, უიშვიათესი არქიტექტურის შენობას, როგორ ეფერებოდა მის კედლებს და ამბობდა – „რა დრო იყოო“. თბილისში მას ჰქონდა სახლები, მიწის ნაკვეთები, მამულები, კოტეჯები. მის მფლობელობაში იყო ახტალასა და კისლავოდსკში მდებარე სასტუმრო კომპლექსები. ხოლო მე-20 საუკუნის დასაწყისში, გოლოვინის პროსპექტზე (ახლანდელი რუსთაველის გამზირი) სასტუმრო „მაჟესტიკის“ მშენებლობა გადაწყვიტა.

სასტუმრომაჟესტიკი“, ამჟამად, Tbilisi Marriot

პროექტი საკმაოდ ამბიციური იყო, თუმცა, არამიანცს შეეძლო მისთვის თავის გართმევა. შენობის აგება იმ დროისათვის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ არქიტექტორს – გაბო ტერ-მიქელოვს დაავალა, რომელსაც ჰქონდა მისია, აეგო მეცენატის საყვარელი გემის – „მაჟესტიკის“ მსგავსი შენობა. ამისათვის, არამიანცმა იგი ორი წლით გაგზავნა ევროპაში, რათა გაცნობოდა და დეტალურად შეესწავლა საუკეთესო ევროპული სასტუმროების არქიტექტურა. მშენებლობა 1915 წელს დასრულდა. „მაჟესტიკის“ პროექტი, რომელშიც განსაკუთრებული გემოვნებით იყო გამოყენებული ბაროკოსა და რენესანსის მოტივები, პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე ოქროს მედლით დაჯილდოვდა. 1912-1915 წლებში გოლოვინის პროსპექტი ახალი არქიტექტურული შედევრებით დამშვენდა. მდიდრული სასტუმროს ფასადი ქუჩასთან ერთად უხვევდა და ერწყმოდა ქალაქის რთულ რელიეფს, თუმცა, სანამ სასტუმროს შესაბამისი ინვენტარით აღჭურვავდნენ, პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, დროთა განმავლობაში კი, მიქაელის შედევრი ხან ლაზარეთად გამოიყენებოდა, კომუნისტების დროს კი სასტუმრო „თბილისის“ სახელს ატარებდა. ბოლშევიკური რეჟიმის პირობებში, მეცენატს საკუთარ ქმნილებაზე უფლება არ ჰქონდა.

არფასტო“, ამჟამად, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი

გარდა ამისა, ბიზნესმენმა ამ პერიოდში ააგო ძვირადღირებული სასტუმრო, რომელსაც შვილების სახელების პირველი ასოებისგან შემდგარი სახელი, „არფასტო“ უწოდა (შემდგომში – „პალას-ოტელი“, ახლა ამ შენობაში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტია განთავსებული). ამასობაში კი, არამიანცს დიდი უბედურება დაატყდა თავს: მისი ერთ–ერთი ვაჟი, სოღომონი გაიტაცეს და იმ დროისათვის დიდი გამოსასყიდი 100 ათა­სი მანეთი მოითხოვეს. არამიანცმა თანხა გადაიხადა და შვილი ტყვეობიდან დაიხსნა, თუმცა, მალე, მიუხედავად ექიმების ჩარევისა, მისი მეორე ვაჟი – ოვანესი გარდაიცვალა. ზოგიერთი ისტორიკოსი სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს ქალაქში პირველი კლინიკური საავადმყოფოს – არამიანცის აგების გადაწყვეტილებას.

რა სჭირდება ახლა ყველაზე მეტად ტფილისს? – მკითხა არამიანცმა.
– ქალაქს ბევრი რამე სჭირდება, მაგრამ უმთავრესი საავადმყოფოა. მიხაილოვის საავადმყოფოს ქალაქი ინახავს და ვალდებულია, მთელ მხარეს მოემსახუროს. ბუნებრივია, რომ სნეულების მეათედსაც ვერ ართმევს თავს. ქალაქს კი ახალი საავადმყოფოსთვის ფული არ აქვს – ასე იხსენებს ტფილისის თავი ალექსანდრ არღუთინსკი–დოლგორუკი მიქაელ არამიანცთან საუბარს, რომელიც 1902 წელს გამართულა.

1903 წლის 14 აპრილს, არამიანცმა ქალაქის თავს წერილი მისწერა: „მაქვს პატივი, ვაცნობო თქვენს ბრწყინვალებასა, რომ ქალაქის საავადმყოფოს მშენებლობას 100 000 მანეთს ვწირავ“. წერილში არამიანცი გამოთქვამდა სურვილს, რომ საავადმყოფოს მისი სახელი დარქმეოდა. მეცენატის დაფინანსებით, ქალაქის არქიტექტორმა პავლე ზურაბიანმა პირველი შენობა ააგო, რომელშიც განთავსდა უახლესი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი თერაპევტული განყოფილება. მიქაელ არამიანცმა ევროპიდან პირადად ჩამოიტანა რენტგენის აპარატი, რომელიც იმ დროისათვის, მთელ რეგიონში იშვიათი მოვლენა გახლდათ. 1909 წლის 21 დეკემბერს გაიხსნილი კომპლექსი ქალაქი–საავადმყოფო იყო, რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებით. მიქაელ არამიანცი საკუთარი სახსრებით ინახავდა შენობასაც, ავადმყოფების გადასახადებსაც იხდიდა და თანამშრომლების ჯამაგირსაც თავად ანაზღაურებდა. მიუხედავად იმისა, რომ არამიანცი ქალაქის თავს 100 000 მანეთის ინვესტიციას დაჰპირდა, მან საავადმყოფოს პროექტში მილიონ მანეთზე მეტი დახარჯა. ამბობენ, რომ ისე კარგად იყო დაპროექტებული საავადმყოფო, ეპიდემიის შემთხვევაში, ოთხ იზოლირებულ კორპუსად შეიძლებოდა გადაქცეულიყო და 120 საწოლზე გათვლილ საავადმყოფოში იმ პერიოდის საუკეთესო ექიმები მუშაობდნენ.

მიქაელ არამიანცი, რამდენადაც წარმატებული იყო ბიზნეს საქმიანობაში, იმდენად წარუმატებლად ირეკლებოდა ეს მის პირად ცხოვრებაზე, თუმცა, სანამ მის ცხოვრებაში გამოკვეთილ ორ ქალზე ვისაუბრებდეთ, უნდა მოვყვეთ ისტორია მისი ნავთობმაგნატობის შესახებ, საიდანაც მან მისი ძირითადი კაპიტალი დააგროვა.

პირველი მილიონი 28 წლის ასაკში იშოვა და სწორედ მაშინ, 1871 წელს, მიქაელმა ბავშვობის ოცნება აისრულა და ტფილისში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ცნობილი კომერსანტის – შოლ­კო­ი­ან­ცის ქა­ლიშ­ვი­ლი, 18 წლის ეღსაპეტა შეუყვარდა და ცოლად შეირთო. ამ პერიოდში, ნავთობის ბუმმა არამიანცსაც აღუძრა ბიზნეს სურვილები. თუმცა, მსგავსი საქმიანობის დასაწყებად და ნავთობის ცისტერნა-ვაგონების შესაძენად, კრედიტი სჭირდებოდა. ამ საჭიროებამ იგი ალექსანდრე მანთაშევთან მიიყვანა, რომელიც ტფილისის უმსხვილესი კომერციული ბანკის აქციონერი და ვიცე–თავმჯდომარე იყო, არამიანცი კი მას ახალგაზრდობაში დაუმეგობრდა, თავრიზში. მანთეშევმა კრედიტთან ერთად 50 000 მანეთიც დაუმატა, იმ პირობით, რომ ამ საქმეში მისი კომპანიონი გახდებოდა. აღნიშნული გარიგების შედეგად კი, ახალი ნავთობის კომპანია – „მანთაშევი ა.ი“ გაჩნდა, რომელშიც არამიანცი 25%-ს ფლობდა. საქმიანობიდან გამომდინარე, 1884 წელს, ბიზნესმენი ოჯახთან ერთად, ბაქოში გადავიდა. აფ­შე­რო­ნის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე კომ­პა­ნი­ის სა­კუთ­რე­ბა­ში იყო ნავ­თო­ბით მდი­და­რი 173 დე­სე­ტი­ნა (1 დე­სე­ტი­ნა = 1.09 ჰექ­ტარს) მი­წის ფარ­თო­ბი. მას­ვე ეკუთ­ვ­ნო­და: ნავ­თო­ბის ქარ­ხა­ნა, სა­ქა­ჩი სად­გუ­რე­ბი, სპე­ცი­ა­ლუ­რად მოწყო­ბი­ლი ნავ­­სად­გო­მი. არა­მი­ან­ცის ფირ­მას წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ჰქონ­და გახ­ს­ნი­ლი სმირ­ნა­ში, სა­ლო­ნიკ­ში, კონ­ს­ტან­ტი­ნო­პოლ­ში, ალექ­სან­დ­რი­ა­ში, კა­ი­რო­ში, პორტ-სა­იდ­ში, მარ­სელ­ში, ლონ­დონ­ში, ბომ­ბე­ი­სა და შან­ხა­ი­ში. თუმცა, მიუხედავად ამისა, ნავთობის ბაზარზე თავის დამკვიდრება ადვილი როდი იყო. ამ პერიოდში, ბაქოში უკვე მყარად მოეკიდათ ფეხი ნავთობმაგნატებს – როტშილდებსა და ნობელებს, მათთვის კონკურენციის გაწევა კი რთული იყო. სწორედ ამ პერიოდში დაიბადა ამბიციური პროექტი – ბაქობათუმის ნავთობსადენი.

„1883 წელს განხორციელებული ნავთობპროდუქტების პირველი ექსპორტის მოცულობამ შეადგინა 3 000 000 ფუნტი. ნავთობის გადაზიდვით დაკავებული 18 საზოგადოებიდან, განსაკუთრებით გამოირჩეოდა როტშილდების, მანთაშევებისა და ნობელების გაერთიანებები“, – ვკითხულობთ ბათუმის პორტის ვებგვერდზე, სადაც ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის ისტორიაა გადმოცემული.

მანთაშევს რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად თვლიდნენ, ამის მიუხედავად, მან ფარულად დაიწყო კომპანიონების აქციების შესყიდვა და ბიზნესიდან მათი განდევნა. როცა მიქაელის რიგი დადგა, არამიანცმა გაიგო ამის შესახებ და პარტნიორს უთხრა – „არ დაგავიწყდეს, ამ საქმეზე ვინ დაგაყენა“. თუმცა, მანთაშევის სურვილის კვალდაკვალ, ბაქოში 14 წლიანი ცხოვრების შემდეგ, არამიანცი იძულებული გახდა ქალაქიდან წასულიყო. მისი მეუღლე – ეღსაპეტა ბაქოს პროვინციულ, მიყრუებულ ადგილად თვლიდა და ქმარს ყოველდღე სთხოვდა თბილისში დაბრუნებას. თუმცა, მისი ცხოვრება არც მას შემდეგ დაწყნარებულა: ჩამოსვლიდან ცოტა ხანში გაარკვია, რომ ცოლის ღალატის შესახებ არსებული მრავალწლიანი ეჭვი სიმართლეს შეესაბამებოდა, როცა შემთხვევით, საყვარელთან მიმოწერას წააწყდა.

მიქაელ არამიანცი ოჯახთან ერთადსაქართველოს ეროვნული არქივი

მეუღლე ეღსაპეტთან არამიანცს 6 შვილი ჰყავდა. ქალი მას გამუდმებით ღალატობდა, არამიანცის ფინანსებს კი კაზინოებსა და რესტორნებში ფლანგავდა. მეუღლეთა გაყრის პროცესი რვა წელი გაგრძელდა. ამ პერიოდში კი, არამიანცს ტფილისის ცნობილი ლამაზმანი – ევგენია შხიანცი შეუყვარდა. მარ­თა­ლია, ევ­გე­ნია ცო­ლად არ მო­უყ­ვა­ნია, მაგ­რამ მასთან 14 წელი იცხოვრა და ყველ­გან ამ­ბობ­და, რომ იგი მი­სი მე­უღ­ლე იყო. სატრფოს სამსართულიანი სახლი აუგო ოლგას ქუჩაზე (ახლანდელი კოსტავას ქუჩა), რომლის ეზოშიც პარიზში, „ტუდიეს“ სახელოსნოში სპეციალური შეკვეთით დამზადებული ბრინჯაოს ირმების სკულპტურა დაადგმევინა. 14 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, როცა არამიანცმა კიდევ ერთხელ დაიჯერა ბედნიერების პირად ცხოვრებაში, ევგენიამ ხშირი ღალატი გუბერნატორის პირად ექიმთან ერთად ევროპაში გაქცევით დააგვირგვინა. თუმცა, დიდი ხნის შემდეგ, ჭლექით დაავადებული და მომაკვდავი დაუბრუნდა ძველ სატრფოს. არამიანცმა ის დიდსულოვნად მიიღო და მასზე მზრუნველობა განაგრძო. ამ დროისათვის, ბიზნესმენი თბილისის ხმოსანთა საბჭოს წევრი იყო. როცა ევგენია გარდაიცვალა, არამიანცმა მის სახლთან გამავალ ქუჩას ევგენიას ქუჩა („ევგენიევსკაია ულიცა“) უწოდა.

პატარა არამიანცის ოჯახს არც ისე კარგი ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა, თუმცა, ყოველთვის უნდოდათ შვილს განათლება მიეღო, ამიტომაც, 15 წლის მიქაელი სასწავლებლად ქალაქ შუშაში გაემგზავრა. ბიჭი მეცნიერებისადმი გამძაფრებულ ინტერესს ავლენდა და ტფილისის გიმნაზიაში სწავლაზე ოცნებობდა, თუმცა, ოჯახს ფინანსური მხარდაჭერა ძალიან სჭირდებოდა, ამიტომაც, 15 წლის ასაკში, ცნობილ ვაჭარ თარუმანიანთან დაიწყო მუშაობა, თანაშემწედ. მან საკმაოდ სწრაფად გაიარა გზა ხალიჩების საქსოვი მანუფაქტურის დამხმარე მუშიდან მმართველამდე და 4 წელიწადში, თავისი პირველი კაპიტალი – 3 000 მანეთიც დააგროვა, რის შემდეგაც, ქსო­ვი­ლე­ბით, აბ­რე­შუ­მით, შა­ლით და შაქრით ვაჭრობას მიჰყო ხელი. მოგვიანებით კი, მარ­სელ­თან, თავ­რიზ­თან, თე­ი­რან­თან შაქ­რის ტრან­ზი­ტულ კო­მერ­ცი­ა­ში ჩაერთო.

ყველაფერი კი 1843 წლის 4 მაისს, ყარაბაღში, სოფელ კეატუკში დაიწყო, როცა სოფლის მამასახლის ოვსეპის ვაჟი – მიქაელ არამიანცი დაიბადა.

წყარო: Marketer.ge

Share