Home » საზოგადოება » „რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების ზიანის მაქსიმალური ზღვარი 2 მილიარდ ლარამდე შეიძლება იყოს“
„რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების ზიანის მაქსიმალური ზღვარი 2 მილიარდ ლარამდე შეიძლება იყოს“

„რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების ზიანის მაქსიმალური ზღვარი 2 მილიარდ ლარამდე შეიძლება იყოს“

აშშ–ში მცხოვრები ფინანსისტი თემურ ბასილია ბოლო დღეებში მომდარ მოვლენებს ეხმაურება. მისი განმარტებით, ამ დღეებში გავრცელებული ზოგიერთი განცხადება, რომ თითქოს რუსეთის მხრიდან საქართველოში ფრენების აკრძალვა, ასევე, ტურისტული კომპანიებისადმი მოთხოვნა, რომ შეაჩერონ საქართველოში ტურების გაყიდვა, გავლენას არ მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე, გახლავთ სრულიად არაკომპეტენტური და უპასუხისმგებლო.

მისი მტკიცებით, სამწუხაროდ, ეს ფაქტი მოახდენს გავლენას. „გავიხსენოთ რამდენიმე წლის წინ რუსეთის მხრიდან მიღებული მსგავსი გადაწყვეტილება თურქეთის მიმართ, სირიაში რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო. სწორედ, ამ გადაწყვეტილების შემდეგ შემცირდა საგრძნობლად რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთში, რამაც შესაბამისად, თურქეთის ტურისტული ინდუსტრიის შემოსავლების შემცირება გამოიწვია“ -აცხადებს ბასილია.

მისი განმარტებით,იმისათვის, რომ გავაანალიზოთ რამდენად მოახდენს გავლენას რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საავიაციო ფრენების დროებით შეწყვეტის თაობაზე საქართველოს ტურისტულ სექტორზე, გავეცნოთ საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცებს.

ქვემოთ ცხრილში მოცემულია საქართველოს ტურიზმის საერთო შემოსავლები ქვეყნების მოხედვით 2017 და 2018 წლებში.

ტურისტების მიერ საქართველოში ვიზიტისას გაწეული დანახარჯები  ქვეყნების მიხედვით (მილიონი ლარი)

როგორც ვხედავთ, ოფიციალური მონაცემებით 2017 წელს საქართველოში მყოფმა ტურისტებმა დახარჯეს 5.8 მილიარდი ლარი, საიდანაც 1.2 მილიარდი ლარი რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებზე მოდის, რაც საერთო დანახარჯების 20%-ია. 2018 წელს მთლიანად ტურისტების საერთო დანახარჯებმა 7.9 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებზე 1.9 მილიარდი ლარი მოდის, რაც საერთო დანახარჯების 24.1%-ია.

„თუ ტურისტების მიერ საქართველოში დახარჯული საერთო თანხა 2018 წელს 2017 წელთან შედარებით 36%-ით გაიზარდა, რუსეთიდან ჩამოსული ტურისტების მიერ დახარჯული თანხა იმავე პერიოდში კიდევ უფრო მეტად, 58%-ით გაიზრდება. აშკარაა, რომ საქართველოში რუსეთიდან ტურისტების რაოდენობა და მათ მიერ გაწეული დანახარჯები მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა. სამწუხაროდ, რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ არ არსებობს რაიმე საფუძველი, რომ ვივარაოდოთ, რომ ეს ტენდენცია კვლავ გაგრძელდება; სამწუხაროდ, პირიქით, ეს დადებითი ტენდენცია შეიცვლება.

ზემოთ მოყვანილი ციფრებიდან ჩანს, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად საქართველოს ტურისტულ სექტორზე მიყენებული ზიანის მაქსიმალური ზღვარი 2 მილიარდ ლარამდე შეიძლება იყოს, რაც ამ სექტორის საერთო შემოსავლების 25%-ია.

რა თქმა უნდა, რეალობაში ეს ციფრი გაცილებით ნაკლები იქნება, რადგან რუსეთიდან ტურისტების 2/3-ზე მეტი არა ტურ-ოპერატორების მეშვეობით, არამედ, ინდივიდუალურად შემოდიან. ამიტომაც, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ტურისტების გარკვეული რაოდენობა მაინც ჩამოვა საქართველოში ინდივიდუალურად. აქედან გამომდინარე, შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში მოსალოდნელი ზიანი დაახლოებით 650-700 მილიონ ლარს არ უნდა აღემატებოდეს; ეს კი, ტურიზმის საერთო შემოსავლების დაახლოებით 10%-ს შეადგენს„– აღნიშნავს ბასილია.

მისივე განმარტებით, როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეამცირებს საქართველოს ტურიზმის სექტორის შემოსავლებს. ეს კი, უარყოფით გავლენას მოახდენს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე, მათ შორის ლარის გაცვლით კურსზეც. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები არ გვაძლევს იმის საფუძველს,  ვივარაუდოთ, რომ მას კატასტროფიული მასშტაბი შეიძლება ჰქონდეს ტურიზმის სექტორისთვის ან მთლიანად ეკონომიკისთვის.

ბასილიას განცხადებით, იმისათვის რომ მოსალოდნელი ზიანის ოდენობა შემცირდეს, აუცილებელია სხვა ქვეყნებზე გადართვა. ვიცი, ტურიზმის სექტორში ბევრი ნიჭიერი და შემოქმედებითი ახალგაზრდა მუშაობს, რომლებსაც შეუძლიათ ახალი, არაორდინარული იდეების შეთავაზება. ამ მხრივ, დიდი პოტენციალია ევროგაერთიანების ქვეყნებში. სწორედ, ევროგაერთიანების ქვეყნებიდან გაიზარდა თითქმის ორჯერ ტურისტების რაოდენობა 2018 წელს წინა წელთან შედარებით. ასევე, აქტიურად უნდა გაგრძელდეს მუშაობა ისეთ ქვეყნებთან როგორც არის უკრაინა, ბელორუსი და ჩვენი მეზობელი ქვეყნები. სწორედ ამ ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობის ზრდით იქნება შესაძლებელი მოსალოდნელი ზიანის შემცირება.

„ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი კრიზისი ამავე დროს არის გამოწვევა, რომ გავხსნათ ახალი შესაძლებლობები. მაგალითად, ასე მოხდა 2008 წლის შემდეგ ღვინის სექტორში და დღეს, ქართული ღვინო ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. დარწმუნებული ვარ, მსგავსი რამ მოხდება ახლაც. აშკარაა, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო უნდა ველოდოთ კონკურენციის ზრდას საქართველოს ტურიზმის სექტორში, რამაც კიდევ უფრო უნდა გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი და შეამციროს ფასები. ეს კი, საბოლოოდ სასარგებლო იქნება მომხმარებლისთვის, პირველ რიგში, ქართველი მომხმარებლისთვის„–აცხადებს ბასილია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოში ფრენები აკრძალა. შესაბამისი დადგენილება კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პუტინის ბრძანების მიხედვით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის განხორციელება 2019 წლის 8 ივლისიდან აეკრძალებათ.

კრემლი ასევე აძლევს რეკომენდაციას ტუროპერატორებს, აღნიშნული პერიოდიდან შეაჩერონ  მომსახურების გაწევა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით, ამ შეზღუდვის მიზანი რუსეთის ეროვნული ინტერესებისა და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაა.

commersant.ge

Share