Home » მსოფლიო » რუსეთი, ირანი და თურქეთი დოლარით ვაჭრობაზე უარს აცხადებენ
რუსეთი, ირანი და თურქეთი დოლარით ვაჭრობაზე უარს აცხადებენ

რუსეთი, ირანი და თურქეთი დოლარით ვაჭრობაზე უარს აცხადებენ

ირანული ინგლისურენოვანი ტელევიზიის, PressTv-ის ინფორმაციით, თეირანი, ანკარა და მოსკოვი შეთანხმდნენ, რომ ამერიკულ დოლარზე უარი თქვან. ისინი ვაჭრობას ნავთობზე, გაზსა და საკვებ პროდუქტებზე ადგილობრივი ვალუტებით გააგრძელებენ.

უახლოეს მომავალში სამი ქვეყნის ცენტრალური ბანკების მმართველების შეხვედრაა დაგეგმილი, სადაც დაზუსტდება ის, თუ როგორ გაგრძელდება ვაჭრობა ამ სამ ქვეყანას შორის. შეხვედრა მოსკოვშია დაგეგმილი.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯებ ტაიპ ერდოღანის თქმით, თურქეთი თავის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებთან ვაჭრობას ადგილობრივ ვალუტაში გააგძელებს. თურქეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები კი რუსეთი, ჩინეთი, ირანი და უკრაინაა.

აღსანიშნავია, რომ 7 სექტემბერს თეირანში რუსეთის, ირანისა და თურქეთის ლიდერები შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც სირიის კონფლიქტი და ნატოს წევრი ქვეყნების საკითხები განიხილეს.

ამერიკული სანქციების გამო, ზაფხულის განმავლობაში თურქული ლირა დოლართან მიმართებით 40%-ით გაუფასურდა, რუსული რუბლი კი 14%-ით. რაც შეეხება ირანს, ამერიკული სანქციების შემდეგ, რომელიც მათ 2012 წელს დაუწესდათ, ისინი იძულებული გახდნენ უარი ეთქვათ დოლარში განსახორციელებულ ოპერაციებზე, თუმცა, ამას აშშ-სთვის ხელი არ შეუშლია ზეგავლენა მოეხდინა ირანულ რიალზე.

ბაჩანა ჯინჭარაძე

Share