Home » ახალი ამბები » „როლანდ ბლადაძის ქონებრივ უფლებებში აღდგენა, აღმოჩნდა, ბევრს არც სურს“
„როლანდ ბლადაძის ქონებრივ უფლებებში აღდგენა, აღმოჩნდა, ბევრს არც სურს“

„როლანდ ბლადაძის ქონებრივ უფლებებში აღდგენა, აღმოჩნდა, ბევრს არც სურს“

როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული ქონების საქმეზე გვესმის ძალიან ბევრი მოარული ხმა, სახიფათო მოსაზრებები და დასკვნები, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მომავალ გადაწყვეტილებასთან, რაც სახელს უტეხავს არამხოლოდ საქართველოს უზენაეს სასამართლოს, არამედ მთლიანად მართლმსაჯულების სისტემას და მზად ვარ აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მივაწოდო, როგორც საქმის განმხილველ მოსამართლეებს, ასევე სასამართლოს თავმჯდომარეს და მთლიანად საზოგადოებას – აღნიშნულის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა სახელმწიფოსთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახით და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის სადავო, ჩამორთმეულ ქონებაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მომავალ გადაწყვეტილებაზე მსჯელობისას განაცხადა.

არჩილ კაიკაციშვილის თქმით, საქმეს არავითარი სამართლებრივი პრობლემა არ გააჩნია და თავისუფალი ნების პირობებში, მოსამართლეებმა – ნინო ბაქაქურმა, ბესარიონ ალავიძემ და ზურაბ ძლიერიშვილმა უნდა მიიღონ კანონის არსიდან, წარდგენილი მასალების საფუძველზე, კანონიერი გადაწყვეტილება – როლანდ ბლადაძეს ჩამორთმეული ერთადერთი საცხოვრებელი სახლი უნდა დაუბრუნდეს. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასამართლოს არ სურს სახელმწიფოსა და ყოფილ მოსამართლეს (საჯარო მოხელეს) შორის სადავო ქონების გადაცემაზე გაფორმებული 2007 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება გააუქმოს, ვინაიდან საქმეზე დადგება პრეცედენტი და დღევანდელი სასამართლო ამ ფორმით საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ წარსულში გადაცემული ქონებების კანონიერების საკითხს დააყენებს. ამასთან, ერთი ინფორმაციით, იკვეთება სახელმწიფოს პირდაპირი ინტერესი, დაიცვას მიხეილ სააკაშვილის მიერ მოსამართლეების მიმართ ქონებების ჩუქების პრაქტიკა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მომავალშიც გააგრძელოს მოსამართლეების მიმართ ბინების ჩუქების ტრადიცია. აგრეთვე, საუბარია სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობაში ცალკეული საერთაშორისო ინსტიტუციების ლობისტურ მოთხოვნებთან, არ მოხდეს ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა და დაზარალებულის ქონებრივ უფლებებში აღდგენა. არსებობს გარკვეული მოსაზრებები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და არასაპარლამენტო პარტიის გარკვეულ ინტერესებზე, რომელებიც დაინტერესებულნი არიან როლანდ ბლადაძე არ აღდგეს ქონებრივ უფლებებში და ამ საქმით, არ დადგეს წინა ხელისუფლების სისტემური გადაცდომის ფაქტი.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მომავალი გადაწყვეტილების წინ ყველა მოსაზრება იწვევს ინტერესს და უკიდურესად შემაშფოთებელია. სიცრუეა იმის დაშვება, რომ 2007 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება ავტომატურად გამოიწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ, ანალოგიური ფორმით გადაცემული ქონებების კანონიერების საკითხის დასმას. აღნიშნულს გამორიცხავს ის გარემოება, რომ 2007 წელს, სასამართლოს ცხრა მოსამართლის მიმართ სიმბოლურ ფასად – 1000 ლარად გადაცემული ქონებებიდან მხოლოდ ერთადერთი – როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული სახლი აღმოჩნდა სადავო, რომლის ჩამორთმევაც და შემდეგ გასხვისებაც, ოჯახმა სამართლებრივი საშუალებებით, სადავო 2005 წლიდან გახადა. შესაბამისად, არც ერთი მოსამართლის მიმართ გადაცემული ქონება, დროის არც ერთ ეტაპზე, სადავო არ ყოფილა. შესაბამისად, იმ ვითარებაში, როდესაც როლანდ ბლადაძე 2013 წელს აჭარის ა/რ პროკურატურის დადგენილების საფუძველზე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, მის მიმართ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა, გაუქმდა დაპატიმრებისა და ძებნის ბრძანებები, დღეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქმის განმხილველ პალატას სამივე მოსამართლის შემადგენლობით აქვს მრავალგზის დაფიქსირებული ერთი პოზიცია – სახელმწიფოს აღიარება პირის უდანაშაულოდ მიჩნევის შესახებ იურიდიულ საფუძვლებს აცლის ყველა აქტს და გადაწყვეტილებას, რომელიც საფუძვლად დაედო ქონების ჩამორთმევასა და გადაცემის პროცესს, ვინაიდან სახელმწიფომ როლანდ ბლადაძის უდანაშაულოდ ცნობით აღიარა, რომ დანაშაული, რომლის საფუძველზეც მას ერთადერთი საცხოვრებელი სახლი ჩამოართვეს, დაზარალებულს არასოდეს ჩაუდენია. შესაბამისად, ქონების ჩამორთმევა და შემდეგ გასხვისება სახელმწიფოს მხრიდან მოხდა უკანონოდ.

არჩილ კაიკაციშვილის თქმით, სამართალწარმოების პროცესი მიუთითებს იმას, რომ საქართველოს უზენაესს სასამართლოს შესწევს ძალა სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობა აიღიოს როლანდ ბლადაძის საქმეზე, მიუხედავად იმისა, რომ პროცესის მონაწილე მხარეები: სახელმწიფო (პოლიტიკური ხელისუფლება) და გიორგი პაპუაშვილია (სასამართლო ხელისუფლება). საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სათანადოდ ვერ შეაფასა როლანდ ბლადაძის თანხვედრი ნაბიჯები დავის მორიგებით დასრულებაზე. სამწუხაროდ, მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სასამართლოს დავალების მიუხედავად, არ შეხვდა დაზარალებული როლანდ ბლადაძის ოჯახსაც. ჩვენს ქვეყანაში ბოლო დღეების მღელვარების ქრონიკა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმას, რომ საზოგადოება აღარ შეეგუება უსამართლობას და აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას კიდევ ერთი შანსი ეძლევა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში დაშვებული უხეში შეცდომები გამოასწოროს. შესაბამისად, სასამართლო ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს აღმასრულებელი ხელისუფლების ერთი უწყების არამართლზომიერ მოქმედებებს და ამით ხელი შეუწყოს მომავალი თვითნებობის აღკვეთას. მოსამართლეებმა – ნინო ბაქაქურმა, ბესარიონ ალავიძემ და ზურაბ ძლიერიშვილმა უნდა მიიღონ კანონის არსიდან, წარდგენილი მასალების საფუძველზე, კანონიერი გადაწყვეტილება – როლანდ ბლადაძეს ჩამორთმეული ერთადერთი საცხოვრებელი სახლი უნდა დაუბრუნდეს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უზენაესმა სასამართლომ როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი, არსებითი განხილვისთვის დასაშვებად, პრეცედენტული დავის სტატუსით, 2017 წლის 15 სექტემბერს მიიღო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოდან საქმეზე 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია შემდეგი: „საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და დაადგინა: როლანდ ბლადაძის საკააციო საჩივარი ცნობილ იქნეს დასაშვებად“. სასამართლოს მიერ მითითებული კანონის თანახმად, „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას“.

როლანდ ბლადაძის საქმე ნინო ბაქაქურმა (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძემ და ზურაბ ძლიერიშვილმა განიხილეს.გადაწყვეტილება 11 ივნისს, 12:00 საათზე გამოცხადება.

Share