Home » საზოგადოება » როინ მეტრეველი – თვითონ რუსებმა მოაწყვეს ქართველების გენოციდი
როინ მეტრეველი - თვითონ რუსებმა მოაწყვეს ქართველების გენოციდი

როინ მეტრეველი – თვითონ რუსებმა მოაწყვეს ქართველების გენოციდი

ეს არის აბსურდი, ე.წ. გენოციდის აღიარება რუსეთის მხრიდან დიდი დანაშაული და შეცდომა იქნება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ისტორიკოსმა როინ მეტრეველმა განუცხადა. ამით ის გამოეხმაურა რუსეთის დუმის თავმჯდომარის განცხადებას, რომლის თანახმად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის მიმართვის საფუძველზე, სათათბიროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის საკითხს „ოსების გენოციდის ცნობის შესახებ“.

ისტორიკოსის თქმით, აღნიშნული საკითხი ახალი ამბავი არ არის, თუმცა, ახლა აქტუალური კიდევ ერთხელ გახდა. მისი თქმით, ოსებს მიაჩნიათ, რომ „კოზირი გაუჩნდათ“ და იმედი აქვთ, რომ აღნიშნულ საკითხზე რუსეთის მხარდაჭერას მიიღებენ. ისტორიკოსის განცხადებით, ე.წ. გენოციდის აღიარება რუსეთის მხრიდან დიდი დანაშაული და შეცდომა იქნება.

„თვითონ რუსებმა მოაწყვეს ქართველების გენოციდი, ეს არის 1918-1919 წლები, როდესაც რუსეთის მხარდაჭერით, ოსმა ბოევიკებმა დაარბიეს უამრავი ქართველის ოჯახი. ცნობილია, თავადების გვარები, რომლებიც დახოცეს, ქართველი ქალები გააუპატიურეს, ბავშვები მოკლეს. საარქივო მასალაა, რომ ფეხმძიმე ქალებს მუცლები გაუფატრეს და საძაგლობა და საშინელებები ჩაიდინეს. ამ პერიოდში, ოსები არიან ძალიან მცირე რაოდენობით, იქ მაშინ ძირითადად ქართველები ცხოვრობდნენ. რუსებმა მოაწყვეს გენოციდი ქართველების წინააღმდეგ. თავის დროზე მერე, როდესაც გადააჭარბეს, ყველაფერს, ქართველებმაც გარკვეულწილად უპასუხეს, მაგრამ ის, რა ზარალიც ოსებმა მიიღეს ქართველებთან შედარებით, არის მიზერული, ძალიან ცოტა. ასე რომ, ეს არის აბსოლუტურად აბსურდული წინადადება, რომელიც მოგონილ მასალას ეყრდნობა და ეს მასალა მიაწოდეს რუსეთს. ძალიან ცუდია, რომ დუმამ მიიღო და განიხილა, საერთოდ არ უნდა განეხილათ“,-აცხადებს როინ მეტრეველი

რაც შეეხება რუსეთის დუმის ხელმძღვანელების იმედს, რომ „საქართველოს მხრიდანაც იქნება კომუნიკაცია“ საკითხის განხილვისას, მეტრეველის თქმით, „კომუნიკაცია ოსების სასარგებლოდ არ იქნება“.

„ობიექტური შეფასება არის ის, რომ დამნაშავეები, პირველ რიგში, არიან ის ოსი ბოევიკები, რომლებმაც ასეთი ბრძოლა გააჩაღეს ქართველების წინააღმდეგ“,-აცხადებს მეტრეველი.

ცნობისთვის, რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, რუსეთის დუმამ განიხილა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის მიმართვა „1920 წელს ქართველი ნაციონალისტების მიერ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ოსების გენოციდის აღიარებასთან“ დაკავშირებით და მიიღო გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“.

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე იმედს იტოვებს, რომ საქართველოს მხრიდანაც იქნება კომუნიკაცია ამ საკითხის განხილვისას.

Share