Home » საზოგადოება » როგორია აშშ-ჩინეთის ეკონომიკური ომის გავლენა საქართველოზე
როგორია აშშ-ჩინეთის ეკონომიკური ომის გავლენა საქართველოზე

როგორია აშშ-ჩინეთის ეკონომიკური ომის გავლენა საქართველოზე

წარმოება არასდროს ყოფილა ისეთი მასშტაბური, როგორიც დღეს, გლობალიზაციის ერაში. საერთაშორისო ვაჭრობამ მთელ აზიას მოუტანა ეკონომიკური სარგებელი, ხოლო კონფლიქტი, რომელმაც 2018 წელს იფეთქა ორ უდიდეს “სუპერ ეკონომიკურ ძალას” შორის ეკონომიკური აღმავლობის მთავარ დაბრკოლებად ჩამოყალიბდა. ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 2/5-ს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობის მეოთხედს ფლობენ. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული სავაჭრო კონფლიქტი არ არის მხოლოდ ორმხრივი, არამედ ესაა გლობალური პროცესი, რომელშიც ჯერ კიდევ პირველი ტალღის სატარიფო დარტყმა მასშტაბურად აისახა ისეთ პროდუქტზე, როგორიცაა: ქვანახშირი, ალუმინი, სარეცხი მანქანები და მზის პანელები, ხოლო ამ ტალღის საპასუხოდ საფრთხე დაემუქრა ავტომატურ ინდუსტრიასაც.

შესაბამისად, აუცილებელია გააზრება და ანალიზი იმ რისკებისა, რომელიც აზიურ ეკონომიკებზე დიდად აისახება და ასევე ექნება გავლენა ისეთი სტრატეგიული მდებარეობის ქვეყანაზე, როგორიც ევროპისა და აზიის გასაყარზე საქართველოს სახითაა წარმოდგენილი. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ აზიურმა ქვეყნებმა უკვე განახორციელეს რეფორმები და მიიღეს ზომები, რომელიც გარკვეულწილად უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას.

ეკონომიკური ომი

სავაჭრო კონფლიქტის პირველი ეტაპი 2018 წლის პირველ კვარტალში დაიწყო. 22 იანვარს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 20%-იანი ტარიფები დააწესა დიდი საცხოვრებელი სარეცხი მანქანების იმპორტზე, 30%-იანი ტარიფი მზის პანელებზე, 23 მარტს, 25% ტარიფი ქვანახშირის იმპორტზე, ხოლო 10% – ალუმინზე. საერთო ჯამში, ტარიფები შეეხო 58.3 მილიარდი ღირებულების საქონელს და დიდი დარტყმა მიიღო: კანადის, ევროკავშირის, მექსიკისა, რუსეთის ფედერაციისა და აზიის განვითარებადმა ქვეყნებმა. აღნიშნული მონაცემების თანახმად, პირველადი ტარიფების გავლენა აზიის ქვეყნებზე არ იყო დიდი მოცულობის, ვინაიდან, ეს განვითარებადი ქვეყნები რეგიონული ექსპორტის მხოლოდ 0.1%-ს წარმოადგენდნენ.

კონფლიქტი გამწვავდა და ორმხირივი სახე მიიღო 2018 წლის მეორე-მესამე კვარტალში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ორ ნაწილად დააწესა უფრო ფართომასშტაბიანი ტარიფები ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე, რაც დაახლოებით 50 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ მიიღო საპასუხო ზომები და იმავე რაოდენობის იმპორტირებულ საქონელზე დაუწესა აშშ-ს ტარიფები. 24 სექტემბერს დამატებითი დარტყმა მიიღო აზიურმა მხარემ 200 მილიარდი აშშ დოლარის რაოდენობით, რაც 10%-იანი ტარიფი იყო, რომელიც 2019 წლის იანვრისთვის 25%-მდე გაზრდას ითვალისწინებდა. საპასუხო რეაქცია იმავე დღეს განხორციელდა ჩინეთიდან 5-10%-მდე ტარიფებში, რაც დაახლოებით 60 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.

ეს ორმხრივი კონფლიქტი დიდი პრობლემაა არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც, ვინაიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები, 2 უდიდეს ჰაბს წარმოადგენს სამი მსოფლიო წარმოების უდიდესი კვანძიდან და, ამავდროულად, ისინი მჭიდრო სავაჭრო კავშირში არიან ისეთი მნიშვნელოვანი სექტორებით, როგორიცაა ელექტრონიკა და მაღალ ტექნოლოგიური აღჭურვილობა.

სავაჭრო ომის გავლენა აზიის განვითარებად ეკონომიკებზე

არსებობს მრავალი შეხედულება და ეჭვი კოლექტიური ზიანის შესახებ, რომელიც სხვა სახელმწიფოებს აშშ-ჩინეთის ეკონომიკური ომის შედეგად მიადგებათ. სავაჭრო ომი გრძელდება და, მასთან ერთად, ორივე ქვეყანა აფართოებს სავაჭრო კავშირებს მსოფლიო მასშტაბით, რაც, ბუნებრივია, ზრდის ალბათობას, რომ დაპირისპირების შედეგები მზარდი ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების ფონზე რევერსულად აისახება,. იდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აზია-წყნარი ოკეანის შეთანხმების, ტრანს-პაციფიკური პარტნიორობისა და რეგიონული ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ, რომელიც რეგიონის უდიდეს სავაჭრო ბლოკს ქმნის ჩინეთისა და ინდოეთთან ერთად. აქვე უნდა აღინიშნოს, ევროკავშირის როლის ზრდა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ისეთ ქვეყნებთან როგორიც იაპონია, სინგაპური და საქართველოა. თავად ევროკავშირს კი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ნულოვანი სატარიფო ბარიერი აქვს.
მკვლევართა მოსაზრების თანახმად, არსებობს რამდენიმე სცენარი, რომლითაც სავაჭრო ომის გავლენა აზიის განვითარებად ეკონომიკებზე, შესაძლოა სამი გზით წარიმართოს:

1. პირდაპირი ეფექტი – გულისხმობს გავლენას იმ პროდუქტებზე, რომლებზეც ტარიფები ვრცელდება. მყიდველებს იმ ქვეყნიდან, რომელმაც დააწესა ტარიფები პროდუქტებზე, უფრო მაღალი ფასების გადახდა მოუწევთ თითო ერთეულზე, რაც, თავის მხრივ, აღნიშნულ პროდუქტებზე სამიზნე ქვეყნიდან მოთხოვნას შეამცირებს.

2. არაპირდაპირი ეფექტი – აისახება ადგილობრივი და საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვზე. მწარმოებლები, იძულებული ხდებიან, რომ იყიდონ ნაკლები პროდუქცია, რადგან ტარიფების შედეგად დამწესებლები უფრო ნაკლებ საქონელს ყიდულობენ მიმწოდებლისგან როგორ საშინაო დონეზე, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რასაც თავის მხრივ ,,პეპლის აფრენის’’ ეფექტი აქვს ლოკალურ და გლობალურ მიწოდების ჯაჭვებზე.

3. ვაჭრობის გადამისამართება შესაძლებელია მიმწოდებლებზე, მაგრამ არაპირდაპირად, და ამ ყველაფერზე დიდ გავლენას ახდენს დაწესებული ტარიფები. ამ გზას შეიძლება სულაც არ ჰქონდეს ნეგატიური ეფექტი და ამით ისარგებლონ სხვა ქვეყნებმა, რომლებიც პირდაპირ ჩართული არ არიან სავაჭრო კონფლიქტში. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ქვეყნებს, რომლებიც უკვე აწარმოებენ ,,სამიზნე’’ საქონელს, მაგრამ გათავისუფლებული არიან ტარიფებისგან, მათ ასევე გააჩნიათ გაფართოების საშუალება გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ. ასევე ისარგებლებენ ის ქვეყნები, რომელთა წარმოებასაც შესაძლებლობა აქვს გაგრძელდეს ხანგრძლივად სავაჭრო კონფლიქტის პირობებში.

გავლენის ალბათობა საქართველოზე

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომს? – ეს კითხვა ნამდვილად ლეგიტიმურია საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის ფონზე. პირველ რიგში აქ უმჯობესია ვიფიქროთ იმაზე, თუ რა სტრატეგიული ინტერესები შეიძლება ჰქონდეს ამ ორ უდიდეს ეკონომიკას საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ჩინეთის დაპირისპირება ეკონომიკური ხასიათისაა, გეოპოლიტიკური ფაქტორი, საქართველოს შემთხვევაში, დიდ როლს თამაშობს, ვინაიდან, სწორედ აღნიშნულ საკითხში ინტერესთა კონფლიქტის მიზეზით, სავსებით შესაძლებელია, რომ საქართველო იძულებული გახდეს და მიიღოს ეკონომიკურად არასასურველი გადაწყვეტილება.

გეოპოლიტიკური ასპექტი

ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობა ხანგრძლივ სტრატეგიულ პარტნიორობას ეფუძნება, რასაც უფრო მყარ და სტაბილურ ხასიათს, ჯერ კიდევ 2008 წლის 8 აგვისტოს ომის შემდეგ, ბუშის ადმინისტრაციის მიერ ინიცირებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, აძლევს. ამ ქარტიის ინსტიტუციონალიზაცია ბარაკ ობამას პერიოდში განხორციელდა და ტრამპის პერიოდში ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსის ვიზიტით გაგრძელდა რის შემდეგაც დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ჩონსოლიდატედ Aპპროპრიატიონს Aცტ და ამით საქართველომ მიიღო სიგნალი ოკუპირებული ტერიტორიების არ აღიარების შესახებ, რომელთაც აშშ ფინანსურ მხარდაჭერას არ გაუწევდა. მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი ნატო საქართველოს ურთიერთობებია, რომელსაც ასევე ხანგრძლივი ,,საიმედო პარტნიორობის’’ ისტორია აქვს და რეგიონში რუსული გავლენის ერთგვარ შემაკავებელ მექანიზმად არის წარმოდგენილი თავისი განვითარების სტადიებით. ასევე მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხში აშშ-სა და ჩინეთის ინტერესთა კონფლიქტი და საქართველოს, როგორც ,,კორიდორის’’ სტრატეგიული მნიშვნელობა. ჩინური მხარის ინტერესები სამხედრო კომპონენტის გარდა, მნიშვნელოვნად იკვეთება ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებთან.

საქართველოს სტრატეგიული სატრანსპორტო მნიშვნელობა აქვს ჩინეთისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩინური ვაჭრობის დიდ წილს არ გულისხმობს, მაინც საგულისხმოა, თავისი პოზიტიური ასპექტებით, როგორიცაა: უფრო სწრაფი და ტემპერატურულად სასსურველი პირობები ტრანსპორტირებისთვის. ძირითადი საფრთხე, რაც გეოპოლიტიკური თვალსაზრისით შეიძლება არსებობდეს არის რომელიმე დაპირისპირებული მხარის მიერ საქართველოსგან თავისთვის პოლიტიკურად მომგებიანი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნა, რაც დახურულ თუ ღია კარს მიღმა არ იქნება უმტკივნეულო. მიუხედავად იმისა, რომ ამ სცენარის განვითარების ალბათობა მცირეა აღნიშნულის დაშვება მაინც აუცილებელია. ამის დასტური იყო აშშ-ს პოზიციის გამოხატვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის თაობაზე, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიერ გაჟღერდა, ის საქართველოს მიერ პორტის დასრულების იმედს გამოთქვამდა რუსებისა და ჩინელების ნაკლები ჩართულობით, შემდგომში ვაჭრობის შესაძლებლობების მნიშვნელოვანი განვითარებისთვის.

ეკონომიკური ასპექტი

ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდა. სატრანსპორტო თვალსაზრისით, აქ საგულისხმოა ,,ახალი აბრეშუმის გზისა’’ და ,,აღმოსავლეთ დასავლეთ სავაჭრო კორიდორის’’ ფაქტორი, რომელიც ყოველთვის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა ევროპასა და აზიას შორის საქონლის ტრანსპორტირებაში როგორც სამხედრო, ისე კომერციული კუთხით. საქართველო აღნიშნული კორიდორის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. ამავდროულად უნდა აღინიშნოს მისი მნიშვნელობა, კასპიის რეგიონიდან დასავლეთისკენ, ენერგეტიკული მიწოდების კუთხითაც.

სავაჭრო თვალსაზრისით საინტერესოა ექნება თუ არა გავლენა აშშ-ჩინეთის დაპირისპირებას 12 მილიარდი ლარის ბიუჯეტის მქონე ქვეყანაზე – ამაზე პასუხი კი ცალსახა არ არის. საერთაშორისო პოლიტიკაში ,,პეპლის აფრენის’’ ეფექტი ძალიან ცნობილი კონცეფციაა, რომლის მიხედვითაც ერთ ქვეყანაში განხორციელებული ცვლილება მეორე ქვეყანაში შეცვლის ,,ამინდს’’. ეს კი პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ ურთიერთდამოკიდებულებასთან. ამ მხრივ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას საქართველოზე საკმაოდ მნიშვნელოვანი ბერკეტი აქვს. 2018 წლის 1-ელ იანვარს საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ჩინეთთან ღრმა და ყოვლის მომცველი სავაჭრო შეთანხმება გააფორმა, რომელიც ნულოვან ტარიფს ითვალისწინებდა ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა ღვინო, მინერალური წყალი, თაფლი, ჩაი, ხილი, ბოსტნეული და სოფლის მეურნეობის პროდუქტები. ეს კი ქვეყნისთვის უდიდესი შესაძლებლობაა და პირდაპირი გზა 1.4 მილიარდ მომხმარებელზე, ყოველგვარი გადასახადების გარეშე. აშშ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები კი ჯერ არ გადასულა ამ ფაზაში, თუმცა არსებობს მოლაპარკებები ანალოგიური შეთანხმების მიღწევის თაობაზე. აქ აუცილებელია დავსვათ კითხვა, თუ რა არის საქართველოს ინტერესი პოლიტიკური უსაფრთხოების გარდა? – ეს ეკონომიკური უსაფრთხოება და რაც შეიძლება მეტი ექსპორტია, რომელიც ქვეყანას დიდ სარგებელს მოუტანს. აქვე საგულისხმოა, რომ საქართველო უდიდეს საექსპორტო ეკონომიკებს შორის მხოლოდ 117-ე ადგილს იკავებს მსოფლიოში და 63-ეა როგორც ყველაზე კომპლექსური ეკონომიკა მსოფლიოს ეკონომიკური კომპლექსურობის ინდექსის მიხედვით. ჩინეთთან ეკონომიკური პარტნიორობის ფარგლებში, საქართველო მნიშვნელოვნად ახერხებს ექსპორტის მაჩვენებლის ზრდას ჩინეთის მიმართულებით, რომელიც რუსეთის (403 მლნ. დოლარი), ბულგარეთისა (326 მლნ. დოლარი) და თურქეთის (229 მლნ. დოლარი) შემდეგ საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია (209 მლნ. დოლარი).

აღნიშნული ურთიერთობებისა და ურთიერთდამოკიდებულებების საფუძველზე სახეზეა, რომ ამ ეტაპზე, საქართველო სამხედრო და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ამერიკის შეერთებული შტატებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, ვინაიდან აღნიშნული სახელმწიფო რეგიონული უსაფრთხოების მთავარ გარანტორ პარტნიორად შეგვიძლია მივიჩნიოთ, ხოლო ეკონომიკური თვალსაზრისით ურთიერთობის განვითარებასაც დიდი პოტენციალი აქვს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა კი უფრო მეტად ეკონომიკურ პარტნიორად შეგვიძლია მივიჩნიოთ, ესაა საქართველოსთვის პირდაპირი გასასვლელი უდიდეს ბაზარზე და სატრანსპორტო მნიშვნელობის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი, თუმცა ამ შემთხვევაში არც ჩინეთს აძლევს ხელს რეგიონული არასტაბილურობა სავაჭრო პარტნიორის ირგვლივ. ორი უდიდესი სახელმწიფოს ეკონომიკური დაპირისპირების შედეგად, თუკი დადგება საკითხი საქართველოს მიერ აშშ-ისა და ჩინეთის სასარგებლოდ გადაწყვეტილებების მიღებისა, რისი ალბათობაც ძალიან მცირეა, მაშინ დილემა შემდეგში მდგომარეობს: ქვეყანაში ერთმანეთს ეჯახება ეკონომიკა და უსაფრთხოება. საქართველოს მოუწევს არჩევანი გააკეთოს ეკონომიკურ ზრდასა და რეგიონულ სტაბილურობას შორის და ამავდროულად თუკი სავაჭრო ომი კიდევ უფრო მწვავე ხასიათს მიიღებს, მაშინ, როგორც წესი სახელმწიფოები ეკონომიკური ბლოკების შეკვრას დაიწყებენ თავის პარტნიორებთან, ამ შემთხვევაში კი დიდი ეკონომიკები ,,მოიცლიან’’ საქართველოსთვის და ის, მართლაც, ,,გახლეჩვის’’ საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. ზემოთხსენებული სცენარი, არ არის ის მოლოდინი, რომელიც აუცილებლად გამართლდება, ამჟამად საქართველო არ დგას კონკრეტული საფრთხის წინაშე, თუმცა აუცილებელია პრობლემის გააზრება და მექანიზმების შემუშავებაზე ფიქრი, ესკალაციის შემთხვევაში ეკონომიკური და პოლიტიკური მზაობისთვის.

მეგი ქავთარაძე

,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის’’ ანალიტიკოსი

Share