Home » საზოგადოება » როგორი იქნება ეკონომიკური ბლოკი ახალ მთავრობაში
როგორი იქნება ეკონომიკური ბლოკი ახალ მთავრობაში

როგორი იქნება ეკონომიკური ბლოკი ახალ მთავრობაში

კონკრეტული კონფიგურაცია განისაზღვრება სამთავრობო სტრუქტურის დაზუსტების შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია გადადგამს თუ არა მამუკა ბახტაძე საკმაოდ გაბედულ ნაბიჯს და შემოგვთავაზებს თუ არა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროების გაერთიანებას. ცხადია, გაერთიანების შემთხვევაშიც და გაერთიანების გარეშეც ამ მიმართულებებზე ან მიმართულებაზე კანდიდატურის წარდგენა რთულია. ჯერ–ჯერობით არავინ სახელდება. არადა, მამუკა ბახტაძის მიერ შემოთავაზებული ინიციატივები გულისხმობს, რომ ეკონომიკურ ბლოკს მისი თანამოაზრე უნდა ჩაუდგეს სათავეში.

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად სავარაუდოდ ლევან დავითაშვილი დარჩება. ის კომპეტენტური მინისტრია, მაგრამ სამინისტროს საქმიანობას დინამიზმი აკლია, რაც აგრარული პოლიტიკის არაეფექტურობაში გამოიხატება. საზოგადოებისთვის გაუგებარია ჰესების მშენებლობის გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების კუთხით სამინისტროს პოზიციაც. თანამდებობას შეინარჩუნებს შრომის, სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც. თუმცა, მისი საქმიანობით კმაყოფილების მიუხედავად, საზოგადოებას აქვს კითხვები ჯანდაცვის სფეროს ნელი განვითარების გამო, აგრეთვე საყოველთაო ჯანდაცვის მასშტაბური პროექტის მარგი ქმედების კოეფიციენტთან დაკავშირებით.

ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროს, შესაძლოა, ირაკლი ქარსელაძემ უხელმძღვანელოს. ეს იმ შემთხვევაში, თუ მაია ცქიტიშვილი ფინანსტთა სამინისტროსთან გაერთიანებული ეკონომიკის სამინისტროს პირველ პირად მოგვევლინება, ან გაერთიანების გარეშე ჩაუდგება ეკონომიკას სათავეში. თუმცა, ტექნოკრატების სიმრავლე ბახტაძის კაბინეტში პრობლემებს უფრო შექმნის, ვიდრე შეამცირებს. განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საქმეში გამოვლენილ სერიოზულ დარღვევებს და კორუფციის ნიშნებს, რაზედაც მედიის და არასამთავრობოების ნაწილი სულ ახლახანს მიუთითებდა.

ასე რომ, ეკონომიკური ბლოკის სტრუქტურა, კონტურები და პერსონალიები ჯერ–ჯერობით გამოკვეთილი არ არის. ყველა შემთხვევაში ამ ბლოკს პრემიერი ბახტაძე უხელმძღვანელებს, თუნდაც ამის გათვალისწინებით თანამოაზრე ტექნოკრატები და პოლიტიკური მენეჯერები მას უსათუოდ ესაჭიროება. ასთები კი ,,დროებით მთავრობაში“ ფაქტობრივად არ არიან.

                                                                                                                  ბაჩანა ჯინჭარაძე

Share