Home » საზოგადოება » როგორ შეიძლება სათამაშო ბიზნესით ფულის გათეთრება
როგორ შეიძლება სათამაშო ბიზნესით ფულის გათეთრება

როგორ შეიძლება სათამაშო ბიზნესით ფულის გათეთრება

კაზინო “აჭარა” დაიხურა

კაზინო “აჭარაში” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა, “აჭარას” გადასახადებისთვის თავის არიდებას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებიან.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შპს “კაზინო აჭარას” მიმართ მიმდინარეობს გამოძიება 218-ე (გადასახადებისათვის თავის არიდება) და 194-ე (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) მუხლით. ამჟამად სამორინეში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ხორციელდება საგამოძიებო მოქმედებები. თავად კომპანიაში განცხადებას ამ დრომდე არ აკეთებენ.

აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო უწყება ტოტალიზატორ “აჭარაბეთში” შარშან ნოემბერშიც შევიდა და შემოწმების შედეგად, ,,აჭარაბეთი” 150 მილიონი ლარით დააჯარიმეს.

კაზინო “აჭარას” ისევე როგორც ინტერნეტტოტალიზატორი “აჭარაბეთი” რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს დავით იაკობაშვილს ეკუთვნის. არსებული მონაცემებით, Gანნადო ჭორლდწიდე-ის მეშვეობით იაკობაშვილი “კაზინო აჭარაში”, ფლობს 90%-იან წილს,  რომელიც მან 2011 წლის მაისში 8,72 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა.

ამ ეტაპზე დეტალები არ არის ცნობილი, კონკრეტულად თუ რას ედავება საგამოძიებო სამსახური კაზინო აჭარას, თუმცა, ფაქტია, რომ სათამაშო ბიზნესში დღეს უამრავი პრობლემაა. ფულის გათეთრება და ელექტრონულ კაზინოებში არსებული ანგარიშების დანაშაულებრივი მიზნით გამოყენება, არაერთხელ მოხვდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების არეალში. ამას მოწმობს ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ფინანსური მეთოდების შემუშავების ჯგუფის (FATF) და ევროსაბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) რეკომენდაციები, რომლებიც ინტერნეტ სათამაშო სივრცეში პირების რეგისტრაციის პროცესის დახვეწას ითვალისწინებს.

დღეს არსებული პრაქტიკით, ინტერნეტკაზინოებში დარეგისტრირება ინფორმაციის ყოველგვარი გადამოწმების გარეშე ხდება, რაც იძლევა საშუალებას დარეგისტრირება მოხდეს ყალბი და ცრუ მონაცემებით, ან სხვა პირის მონაცემებით.

არ არსებობს წესები, რომლებიც არეგულირებენ საიდენტიფიკაციო გარემოს შექმნას, სადაც კაზინოებს შეუძლიათ არასანდო მეთოდების გამოყენება, და სადაც მათი ვინაობის გადამოწმება პრაქტიკულად არ ხორციელდება. მაგალითად, ზოგი ინტერნეტ კაზინო კლიენტის შესახებ ინფორმაციას იღებს მისი რეგისტრაციის დროს სახელით და პირადი ნომრით. თუმცა, არანაირი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი არ არის მოთხოვნილი იმისათვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა ერთმანეთს სახელი და რეგისტრირებული პირადობის ნომერი. უფრო მეტიც, არანაირი კონტროლი არ არსებობს პრევენციისთვის, რომ ვინმემ ფიქტიური სახელი და პირადობის ნომერი გამოიყენოს. ასევე, არანაირი გადამოწმება არ ხორციელდება, როდესაც კლიენტი თანხას რიცხავს კაზინოს საკუთარ ანგარიშზე. უფრო მეტიც, თუ კლიენტი გადაწყვეტს, რომ მის საბანკო ანგარიშზე ან საკრედიტო ბარათზე გადარიცხოს თანხა, ვინაობის გადამოწმება არ ხდება.

FATF-ის და MONEYVAL-ის რეკომენდაციები სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრას უკავშირდება, ვინაიდან მსგავსი პრაქტიკა ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების და სხვა უკანონო ქმედებების განხორციელების რისკის მატარებელია. დღეისათვის, ონლაინ კაზინოს ანგარიშები, ფაქტობრივად, ფულის მიმოქცევის უკონტროლო არხებია.

აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში სახელმწიფო ახორციელებს აქტიურ კონტროლს, რომ ონლაინ კაზინოებში პირების რეგისტრაცია მოხდეს სტანდარტების დაცვით, რათა გამოირიცხოს ყალბი ან მისაკუთრებული მონაცემებით პირის დარეგისტრირება.

ამდენად, დღეისათვის საქართველოში ონლაინკაზინოებში რეგისტრაცია ძალიან შორს არის საერთაშორისო სტანდარტებისგან, უფრო მეტიც, არც არსებობს აღნიშნული სტანდარტები და შესაბამისად კომპეტენტური ორგანოს მხრიდან ვერც მოხდება კაზინოების გაკონტროლება. ამის გამო ონლაინკაზინოს ანგარიშების გამოყენების გზით მაღალია ფულის გათეთრების და კრიმინალის დაფინანსების რისკი. კაზინოების ანგარიშები ფულადი გადარიცხვების ალტერნატიულ სისტემად არის გადაქცეული და ამ სისტემაში მოძრავი ფინანსები ყოველგვარი კონტროლის მიღმაა დარჩენილი. მნიშვნელოვანია, რომ სახლემწიფომ სათანადო ყურადღება გამოიჩინოს ამ სექტორის მიმართ და მოახდინოს სათამაშო ბიზნესის კონტროლი.

გიორგი კაპანაძე

Share