Home » საზოგადოება » როგორ შეამოწმებენ მძღოლებს ნარკოტესტზე 1-ლი აპრილიდან
როგორ შეამოწმებენ მძღოლებს ნარკოტესტზე 1-ლი აპრილიდან

როგორ შეამოწმებენ მძღოლებს ნარკოტესტზე 1-ლი აპრილიდან

გერმანიაში წარმოებული 10 ათასი ნარკოტესტერი უკვე საქართველოშია.

1-ლი აპრილიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო მძღოლების ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმებას იწყებს.

1-ლი აპრილიდან საპატრულო პოლიციელს, გონივრული ეჭვის საფუძველზე, ნებისმიერი მძღოლის ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმების უფლება აქვს.

პროცედურა სულ სამწამიანია. 3-წამიანი პროცედურის შემდეგ, აპარატს 4-დან 8 წუთამდე სჭირდება იმის საჩვენებლად, აქვს თუ არა მოქალაქეს ბოლო 8 საათის განმავლობაში მიღებული რომელიმე ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება. გერმანული ფირმის ტესტერის შესაძლებლობებშია აღმოაჩინოს ამფეტამინისა და მეტამფეტამინის ჯგუფის ნარკოტიკი. ასევე მარიხუანის, ჰაშიშის, ექსტაზის, კოკაინისა და 6-მდე ოპიატის თრობა.

მედიკოსები თანხმდებიან, რომ თრობის მდგომარეობაში ავტომობილის მართვა მაღალი რისკის შემცველია, როგორც თავად მძღოლისთვის, ისე მოქალაქეებისთვის. თუმცა ხშირად თრობის დადგენა მხოლოდ ლაბორატორიული კვლევით რთულია. მედიცინის დოქტორის დავით ვადაჩკორიას რეკომენდაციაა, მოხმარების ფაქტი ტესტთანერთად კლინიკური ფორმით, ანუ ექიმის დაკვირვებით დადასტურდეს.

ალკოჰოლური თრობისგან განსხვავებით, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა. 275-ე და 276-ე მუხლების ახალი რედაქციით კანონდარღვევა ჯარიმას ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე შესაძლებელია მოქალაქეს 3 წლით მართვის უფლება შეეზღუდოს. ჯარიმის ოდენობის მოსამართლე ინდივიდუალურად განსაზღვრავს.

Share