Home » ბიზნესი » როგორ გაება “მაგთიკომის” ფინანსურ ხაფანგში 50 ათასი აბონენტი
როგორ გაება "მაგთიკომის" ფინანსურ ხაფანგში 50 ათასი აბონენტი

როგორ გაება “მაგთიკომის” ფინანსურ ხაფანგში 50 ათასი აბონენტი

კარგი ამბავი აბონენტებისთვის – “მაგთი” ამ სქემით ვეღარ გაგღლეტთ!
2016 წლის 1-ელი იანვრიდან “მაგთი” თავის აბონენტებს ფინანსურ ხაფანგებს ვეღარ დაუგებს და ჩვენს თანამოქალაქეებს ინტერნეტ-დავალიანების გასასტუმრებლად სახლ-კარის გაყიდვა ან კრედიტის აღება აღარ მოუწევთ.

როგორ დაიძრა ყინული

2015 წლის თებერვლის ბოლოს “კვირის პალიტრის” დირექტორს დავით გიგუაშვილსმიუვიდა შეტყობინება, რომ მას “მაგთის” 1800 ლარზე მეტი მართებდა (სხვათა შორის, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც “პალიტრა მედიამ” “მაგთის” კორპორატიულ მომსახურებაზე უარი თქვა და სხვა ქსელზე დაპორტირდა). გიგუაშვილი 50-ლარიანი ულიმიტო ინტერნეტპაკეტით სარგებლობდა, რომელიც თვეში 10000 მეგაბაიტს მოიცავდა. Aარც ერთ თვეში მას ამ ლიმიტისთვის არ გადაუჭარბებია. და უცბად და მოულოდნელად, “მაგთის” მტკიცებით, გიგუაშვილმა 2015 წლის 18 თებერვლამდე ზემოხსენებული 10000 მეგაბაიტი ხომ გამოიყენა და გამოიყენა და შემდგომი 10 დღის განმავლობაში კიდევ 1814 ლარის ღირებულების ინტერნეტი მოიხმარა. ეს რომ სიმართლეს არ შეესაბამება, ამის დამტკიცება დოკუმენტურად შეუძლებელია, ვინაიდან ტექნიკური მონაცემები მხოლოდ თავად “მაგთის” აქვს და გადამოწმების საშუალება არ არსებობს. სხვათა შორის, “მაგთიკომიდან” სხვა ოპერატორთან პორტირების შემდეგ “პალიტრა მედიას” ხარჯები მობილურ კომუნიკაციაზე განახევრდა!
მომხმარებელთა უფლებების დარღვევა ანუ 70-ჯერ გაზრდილი ტარიფი
“კვირის პალიტრის” საჩივრის თაობაზე კომუნიკაციების კომისიამ რამდენიმე სხდომა გამართა, რომელზეც გაიშიფრა “მაგთის” ერთი ფინანსური მახის სქემა. კერძოდ, ის აბონენტები, რომლებსაც შეძენილი ინტერნეტ-პაკეტები ამოეწურებოდათ ხოლმე, “მაგთის” ავტომატურად გადაჰყავდა განსხვავებულ ტარიფზე. ულიმიტო ინტერნეტ-პაკეტისას 1 მეგაბაიტის ღირებულება 0,005 ლარი იყო და მისი ამოწურვის შემდეგ “მაგთი” მოხმარებელს 1 მეგაბაიტში 70-ჯერ მეტს ახდევინებდა( 0,35 ლარს) და რაც მთავარია- ამის შესახებ აბონენტებს არ აფრთხილებდა! მოქალაქეები მხოლოდ მას შემდეგ იგებდნენ ტარიფებს შორის 70-მაგი განსხვავების შესახებ, როდესაც ათასობით ლარის ოდენობის დავალიანება მისდიოდათ.

კომისიის სხდომებზე კონკრეტული ციფრებიც დასახელდა- მაგალითად, ერთ-ერთ აბონენტს ზემოხსენებული სქემით “მაგთიმ” 7213 ლარის ინტერნეტდავალიანება დაარიცხა, მეორეს- 5062 ლარი, მესამეს- 5033, მეოთხეს- 4611 და ა.შ. კომისიის ცნობით, ამ გზით 2015 წლის 5 თვის განმავლობაში “მაგთიმ” 438 000 ლარი იშოვა და კომისიისვე გაანაგარიშებით, წელიწადში ეს თანხა მილიონზე მეტია. საზოგადოებრივმა დამცველმა თამარ ტეფნაძემ, რომელიც კომისიის სხდომებს ესწრებოდა, განაცხადა, რომ მასთანაც ბევრი საჩივარი შედის ზემოხსენებულ არაადეკვატურ დავალიანებებთან დაკავშირებით … რომ არა “კვირის პალიტრის” სარჩელი, არავინ იცის, მოქალაქეთა ღლეტვის ეს სქემა რა სიმაღლეებს მიაღწევდა.

ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა ერთ-ერთ სხდომაზე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრმა ელისო ასანიძემ: “კომპანიას(“მაგთი”) შესაძლოა, არ ჰქონდეს მოტივაცია იმისათვის, რომ მომხმარებელი მომსახურების პაკეტის ამოწურვის შესახებ გააფრთხილოს”. რა თქმა უნდა, როდესაც ამ სქემით წელიწადში მილიონზე მეტს შოულობ, შენი პრიორიტეტი კი მხოლოდ ფინანსური მოგებაა, მოტივაცია არ გექნება, რომ მომხმარებელი ღლეტვის საფრთხის შესახებ გააფრთხილო. Mმეტიც შესაძლოა, მთავარი მოტივაცია სწორედ ასეთი სქემის სპეციალურად შექმნაა…
საბოლოოდ, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად: “შპს “მაგთიკომი” ცნობილ იქნას “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში

მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის დამრღვევად”…
ამასთან, “მაგთის” დაევალა 2016 წლის 1-ელი იანვრისთვის ისეთი სისტემის დანერგვა, “რომელიც უზრუნველყოფს მოხმარებელთა ინდივიდუალური შეტყობინებით წინასწარ გაფრთხილებას მათ მიერ შეძენილი მომსახურების მოცულობის ამოწურვისა და მომსახურების განსხვავებული ტარიფით მიწოდების გაგრძელების შესახებ…”

“ეს პრეცედენტული გადაწყვეტილებაა…
ვახტანგ აბაშიძე, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე:. “ეს მართლაც პრეცედენტული გადაწყვეტილებაა, რაც სხვა კომპანიებზეც გავრცელდება. “მაგთის” შემთხვევაში, 50 ათასამდე აბონენტს თანხის გადახდა ისე დაეკისრა, რომ თავად ამის შესახებ არც კი იცოდნენ. ეს საკმაოდ დიდი რიცხვია და ვალდებულები ვიყავით მომხმარებლის უფლების დაცვაზე გვეფიქრა. მომხმარებელს წინასწარ გააფრთხილებენ და ის თავად გადაწყვეტს, მომსახურების მიღებას გააგრძელებს თუ მას პაკეტის ამოწურვისთანავე შეწყვეტს.”

თამთა სტეფნაძე, საზოგადოებრივი დამცველი:
“კვირის პალიტრისა” და “მაგთის” დავის განხილვისას გამოიკვეთა, რომ პრობლემა ერთ კონკრეტულ საქმეს კი არ უკავშირდება, არამედ ბევრად უფრო მასშტაბურია. ნებისმიერმა კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მომხმარებელთა უფლებებს იცავს კანონი და ეს კანონი არ უნდა დაირღვეს”

P.S.
მომხმარებელთა მოტყუებით მოკლევადიან ფინანსურ სარგებელს მიიღებ, აი შელახული იმიჯის აღსადგენად კი ფული შესაძლოა, არ გეყოს.

P.P.S
პარადოქსულია, მაგრამ…

პარადოქსულია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ “მაგთიკომი” მომხმარებელთა უფლებების დამრღვევად აღიარეს, 1814 ლარის გადახდის ვალდებულება კომისიამ “კვირის პალიტრას” მაინც დაუტოვა, რაც უკვე გასაჩივრებულია სასამართლოში…

რუსუდან შელია 
kvirispalitra.ge

Share