Home » ეკონომიკა » როგორ ძირავენ მცირე მარკეტებს ქსელური მაღაზიები
როგორ ძირავენ მცირე მარკეტებს ქსელური მაღაზიები

როგორ ძირავენ მცირე მარკეტებს ქსელური მაღაზიები

ბოლო პერიოდში ყველასთვის შესამჩნევია, რომ მცირე უბნის მაღაზიები, ბრენდულმა მაღაზიათა ქსელებმა ჩაანაცვლეს. თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურას, სადაც მცირე ბიზნესს, ისედაც პატარა წილი უჭირავს ეს პროცესი მისასალმებელი ნამდვილად არ არის. თუმცა, რამ განაპირობა მცირე მარკეტების ბაზრიდან განდევნა?! მით უფრო, რომ ხსენებულ ბრენდულ მაღაზიებშიც საკმაოდ დაბალია მომსახურების დონე და მომხმარებელიც ხშირად გამოთქვამს საკუთარ უკმაყოფილებას, სხვადასხვა სოციალური სივრცის მეშვეობით.

საქმე ის გახლავთ, რომ გარდა საბრუნავი კაპიტალისა, ანდაც პროდუქტის მრავალფეროვნების უპირატესობისა, ბრენდირებულ მაღაზიებს კიდევ ერთი და თანაც, საკმაოდ დიდი უპირატესობა გააჩნიათ, ე.წ. უბნის მარკეტებთან შედარებით. ეს გახლავთ პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორების სისტემა.

საქმე ისაა, რომ კომერციული ბანკები აღნიშნული ტერმინალების განთავსებაში, მაღაზიებს გარკვეულ საფასურს ახდევინებენ. მისი პროცენტები კი იმდენად დიდია, რომ მცირე მარკეტებს, მისი განთავსება არ უღირთ, გადახდების უმრავლესობა კი დღეს სწორედ ტერმინალების მეშვეობით ხორციელდება.

აღნიშნული თემის შეფასება, ეკონომისტსა და “აფბა”-ს ვიცე-პრეზიდენტს, პაატა ბაირახტარს ვთხოვეთ. როგორც ბაირახტარი განმარტავს, აღნიშნული პრობლემა ერთ-ერთია, იმ მრავალი პრობლემებიდან, რომელიც მცირე ბიზნესს ექმნება ბანკებთან ურთიერთობისას.

“თავად ეკონომიკის სტრუქტურასაც თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკაში მთავარი კონტრიბუტორი მსხვილი ბიზნესია. ეს არ არის ჯანსაღი პრაქტიკა, ეს ეკონომიკის სიჯანსაღეზე არ მეტყველებს. მაგალითად, ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში მშპ-ის, თითქმის 70%-ის ფორმირებას მცირე და საშუალო ბიზნესი ახდენს, ჩვენთან კი პირიქითაა.

უნდა დაისვას კითხვა, რატომ ხდება ეს?! რატომ ჩამოყალიბდა ჩვენთან უკუღმა ეს სტრუქტურა?! საქმე კი გაცილებით მარტივადაა. ჩვენთან შეზღუდულია კაპიტალის წყაროები და რა წყაროებიც არის, ისიც ძალიან ძვირი ფულია. ცხადია, მცირე ბიზნესს უჭირს მოემსახუროს, ასეთ ძვირ კრედიტებს.

იგივეა მცირე მარკეტების შემთხვევაშიც, ბანკები ტერმინალის დადგმის შემთხვევაში ნებისმიერ ობიექტს ახდევინებენ ყოველთვიურ მოსაკრებელს ან ყოველი გადახდიდან გარკვეულ საკომისიოს. მცირე მაღაზიას არ აქვს იმის რესურსი, რომ ხსენებული მოსაკრებელი გადაიხადოს. აქედან გამომდინარე, მას რჩება ორი გზა, პირველი ან უარი თქვას საერთოდ ამ ტერმინალებზე, რაც არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს ქსელურ მარკეტებთან, ან დააწესოს ლიმიტები ტერმინალით გადახდის დროს. რაც მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი დისკომფორტია იმდენად, რამდენადაც მომხმარებელი ხშირად დაწესებულ ლიმიტზე მცირე ოდენობის შესყიდვას აკეთებს”, – ამბობს ბაირახტარი.

მან გამოსავალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული პრობლემის დარეგულირება ნამდვილად ხელეწიფებათ კომერციულ ბანკებს.

“ზოგადად, ბანკების მისამართით ხშირია კრიტიკა, საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით და ა.შ. თუმცა, საპროცენტო განაკვეთებსაც სხვადასხვა ფაქტორები განაპირობებენ. როგორიცაა რისკები, ლარში არსებული რესურსის სიმწირე და ა.შ. მაგრამ, აღნიშნულ შემთხვევაში, მთავარი პრობლემა არის კონკურენციის ნაკლებობა.
ანუ, ბანკებს ამ მიმართულებით რისკები გაცილებით ნაკლები აქვთ, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ტერმინალებზე და უკონტაქტო გადახდებზე არსებული პროცენტები დაუწიონ ბიზნეს ოპერატორებს. თუმცა, ამას არ აკეთებენ იმდენად, რამდენადაც მათ გარკვეული სასათბურე პირობები აქვთ, არ არიან კონკურენტულ მდგომარეობაში და შეუძლიათ საკუთარი თამაშის წესები უკარნახოს ყველას”, – აცხადებს ბაირახტარი.
თავის მხრივ, ქსელური მარკეტები ცალკე პრობლემას უქმნიან და კაბალურ პირობებს სთავაზობენ, იმ ქართველ მწარმოებლებს, რომლებიც ამარაგებენ პროდუქციით მარკეტებს.

რიგ შემთხვევებში ქსელურ მარკეტში შესვლის სანაცვლოდ, კომპანიები გარკვეული თანხის დეპოზიტზე დასმას სთხოვენ მეწარმეებს. რის გამოც ხშირად მეწარმეები ვერ შედიან ასეთ ქსელებში. ხშირად იძულებულნი არიან გახსნან საკუთარი საფირმო მაღაზია, რისი რესურსიც, ცხადია, ყველა მეწარმეს არ გააჩნია.

სქემა კი ასეთია, დეპოზიტის თანხა ინდივიდუალურია, თუ იმავე პროდუქციას სხვა კომპანიებიც აწარმოებენ, გადასახადი უფრო მეტია. საშუალოდ ქსელური მარკეტის შემთხვევაში ეს არის 1000 ლარი და, მაგალითად, თუ ამ მაღაზიათა ქსელს 10 ფილიალი აქვს 10 000 ლარი უნდა გადაიხადოს მეწარმემ.

მართალია, ეს “დაძინებული” თანხაა, რომელიც კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, წესით, უკან უბრუნდებათ, მაგრამ დამწყები მეწარმისთვის, ამის გადახდა რთულია. მით უფრო, რომ როგორც წესი, უკან დაბრუნებაც დროში იწელება. თავის მხრივ აღნიშნული პრობლემა არ იდგა ე.წ. უბნის მარკეტების შემთხვევაში.

პეტრე ლეკიშვილი

Share