Home » ფინანსები » როგორ დავიცვათ თავი კიბერთაღლითობისგან
როგორ დავიცვათ თავი კიბერთაღლითობისგან

როგორ დავიცვათ თავი კიბერთაღლითობისგან

როგორ დავიცვათ თავი კიბერთაღლითობისგან – ეროვნული ბანკის განცხადებით, ბოლო პერიოდში, ინტერნეტთაღლითობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ დასავლეთის ქვეყნებისთვისაც.

2019 წლის მდგომარეობით, გლობალური მასშტაბით, „ფიშინგი“ ერთ-ერთ მთავარ კიბერ-საფრთხედაა დასახელებული (წყარო – https://hostingtribunal.com/blog/phishing-statistics/). „ფიშინგი“კიბერ-თაღლითობის სახეა, რომლის დროსაც, რაიმე ტიპის პირადი ინფორმაციის გამოძალვის მიზნით, ფიზიკურ პირს ან ორგანიზაციას ელექტრონული ფოსტით, სოციალური ქსელით, SMS-ით ან სხვა ფორმით მისდის შეტყობინება. შეტყობინება ყალბი ვებგვერდის ბმულსაც შეიცავს, რომელიც ძალიან არის მიმსგავსებული ნამდვილ ინტერნეტბანკს ან სხვა გვერდს. მასზე საბანკო მონაცემების შეყვანით კი თაღლითებს კონკრეტული პირის ან ბიზნეს სუბიექტის ანგარიშზე განთავსებული თანხის მოპარვა შეუძლიათ.

ბოლო პერიოდში გამოიკვეთა კიბერდანაშაულის კიდევ ერთი სახეობა – „სპუფინგი“, რომელიც როგორც მომსახურე ბანკის მსგავს საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებას, ისე ელექტრონული ფოსტის გამომგზავნის ან IP მისამართის გაყალბებასა და სხვა მსგავსი საშუალებებით თაღლითობას გულისხმობს. მისი ზოგიერთი შემთხვევა ასეთია: მომსახურე ბანკის იდენტური ნომრიდან მომხმარებელს ურეკავენ, ის იდენტიფიცირებას ვერ ახდენს ბანკის წარმომადგენელი ურეკავს თუ მესამე პირი და თავის პერსონალურ მონაცემებს აძლევს. მათ შორის, ინტერნეტბანკის პაროლს.

გარდა ამისა, ინტერნეტთაღლითები სოციალური ქსელების მომხმარებლებს, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების სახელით სთავაზობენ სხვადასხვა გათამაშებას, ბმულზე დაჭერისას კი მომხმარებელი გადადის მისი მომსახურე ბანკის ინტერნეტ ბანკის ვიზუალურად მიმსგავსებულ ვებგვერდზე, სადაც მონაცემების შეყვანის შემდეგ, ავტომატურად ხდება კიბერთაღლითობის მსხვერპლი.

როგორც საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, კიბერთავდასხმის რისკების შემცირებისთვის დღეს უკვე მიმდინარეობს საკანონმდებლო ბაზის ცვლილებაზე მსჯელობა. ასოციაციის განმარტებით, აღნიშნულ საკანონმდებლო ბაზაზე რამდენიმე უწყება, მათ შორის შს სამინისტროც მუშაობს და დეტალები ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.

„ბანკების მიერ კიბერთაღლითობის წინააღმდეგ სქემის შემუშავებამ მოიტანა ის, რომ თუ აქამდე ინტერნეტბანკში მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლა თავად შეგვეძლო, ახლა ეს პროცედურა მხოლოდ მომსახურე ბანკის ფილიალშია შესაძლებელი. აღნიშნული ცვლილება ბანკების შიდარეგულაციას წარმოადგენს. საბანკო ასოციაცია მიიჩნევს, რომ კიბერთაღლითობის გაზრდილი რისკების შემცირების მიზნით, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იყო“ – განმარტავენ ასოციაციაში.

ეროვნული ბანკი და საბანკო ასოციაცია ავრცელებენ ძირითად რეკომენდაციებს, რომელიც ინტერნეტთაღლითობისგან თავის დასაცავად მნიშვნელოვანია:

· მავნე და ჯაშუშური პროგრამებისგან თავის დაცვის მიზნით ლიცენზირებული პროგრამებისა და ანტივირუსების გამოყენება;

· საჯარო Wi-Fi-ით სარგებლობისას ინტერნეტბანკში შესვლასა და ბარათის მონაცემების შეყვანისგან თავის შეკავება;

· რთული პაროლებისა და მობილურ და ინტერნეტ ბანკში ორდონიანი ავტორიზაციის ფუნქციის გამოყენება, ხოლო ბარათებზე – 3D დაცვის მექანიზმის ჩართვა;

· დამცავი ბარიერის გამოყენება (Firewall);

· მესიჯების ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას რეკომენდებულია „სპამისა“ და “ფიშინგის“ ფილტრების გამოყენება;

· პაროლების, ბარათისა და ინტერნეტბანკის მონაცემების სხვისთვის გაზიარებისგან თავის შეკავება;

· სიფრთხილის გამოჩენა ინტერნეტ-სივრცეში არსებული შემოთავაზებების მიმართ რომლებიც გარკვეულ ბმულზე გადასვლას და საბანკო ანგარიშების, ინტერნეტ ბანკის პაროლისა და მსგავსი მონაცემების შეყვანას ითხოვენ;

· იმაში დარწმუნება, რომ აღნიშნული ვებგვერდი ყალბი არ არის და შესაბამისი ინფორმაციის მომსახურე ბანკთან გადამოწმება.

Share