Home » ბიზნესი » როგორ აქცია შემოსავლის წყაროდ საცხოვრებელი სახლი ძველი თბილისის ბინადარმა
როგორ აქცია შემოსავლის წყაროდ საცხოვრებელი სახლი ძველი თბილისის ბინადარმა

როგორ აქცია შემოსავლის წყაროდ საცხოვრებელი სახლი ძველი თბილისის ბინადარმა

2008 წელს, აშშ-ში ერთ-ერთი ფესტივალის მიმდინარეობის დროს, გადატვირთული სასტუმროები და ჰოსტელები იყო ამჟამად 10-მილიონმომხმარებლიანი პლატფორმის – airbnb.com-ის ინსპირაცია.
მსოფლიოში პოპულარული, დამქირავებლებისა და გამქირავებლების კომუნიკაციის საიტზე,  airbnb.com-ზე, ტურისტებზე, თბილისის ყველაზე მოთხოვნად ლოკაციებსა და ბინის ინტერიერზე გვესაუბრა შოთა ანდრიაძე, რომელმაც საკუთარი საცხოვრებელი ბინა სამ სივრცედ დაყო და შესანიშნავ შემოსავლის წყაროდ აქცია.

რა არის airbnb-ი?
– თავიდან არასწორი წარმოდგენა მქონდა “აირბიენბისთან” დაკავშირებით. 2008 წელს დააფუძნეს ეს კომპანია აშშ-ში. მთავარი პარტნიორი იყო ბრაიან ჩესკი. ახლა  სიიო გახლავთ გენერალური დირექტორი. პირველად ამ საიტის შექმნის იდეა ერთ ფესტივალზე გაჩნდა. გადატვირთული იყო ყველა სასტუმრო და ჰოსტელი. დამფუძნებლებს ჰქონდათ მხოლოდ გასაბერი საწოლი და პირველ განაცხადს დაარქვეს „ეირბიენბი“, ანუ Air Bed And Breakfast, გასაბერი საწოლი და საუზმე. შემდეგ გაფართოვდა კომპანია და ამ ეტაპზე 10 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს. დაემატა ტურები, სხვადასხვა აქტივობა. მომავალშიც ძალიან ბევრ სიახლეს გვპირდება “აირბიენბი”.

მე მცდარი შეხედულება მქონდა ადრე. მეგონა, www.booking.com-ის იდენტური იყო “აირბიენბი”. რეალურად, იმდენად ადვილი პლატფორმაა და იმდენად მაგარი აქტივობებია, რომ შედარებაც არ შეიძლება.

– “აირბიენბის” ჰყავს ქართველი მომხმარებელი?
– რა თქმა უნდა, ჰყავს. ძალიან დიდი ბაზაა. გასულ წელს, ზაფხულში მართვის მიმართულებით ისე აღვიქვამდი, როგორც www.booking.com-ს და შემთხვევით წავაწყდი განცხადებას, რომელმაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ერთი, მინდა მადლობა გადავუხადო ბრაიან ჩესკს ამ პლატფორმის შექმნისთვის და მეორე, ბაჩოს, ვისაც სოლოლაკში ჰქონდა 12.5-კვადრატიანი სახლი და ძალიან აქტიურად აქირავებდა.

– აგვიღწერე პროცედურა…
– პირველ რიგში, რეგისტრირდები, როგორც ფიზიკური პირი ან თუნდაც რომელიმე ჯგუფის წარმომადგენელი, ქმნი ექაუნთს. არის ორი ტიპის მიმართულება – “აირბიენბი”, როგორც მომხმარებელი და “აირბიენბი”, როგორც მაპინძელი, ჰოსტი. გადადიხარ ჰოსტინგის სექციაში და ავსებ რამდენიმე სექციისგან შედგენილ ძალიან მარტივ კითხვარს. რეკომენდებულია, მასპინძელმა საკუთარი ფოტო ატვირთო.
ჩემი ოჯახის საცხოვრებელი ბინა დავყავი სამ სივრცედ: ერთი 28 კვადრატული სტუდიო ძველი თბილისის პანორამული ხედებით ტერასიდან, სადა, აქტუალურ ფერებში – თეთრი, აკვამარინი და ხის ფერი; მეორე – ტერასის გარეშე 42-კვადრატიანი სტუდიო, სხვა პიკანტური დეტალებით; მესამე სივრცეში ვცხოვრობთ მე და ჩემი ოჯახის წევრები. ყოველგვარი დიზაინერთან კონსულტაციისა და წინასწარ დაგეგმვის გარეშე გავაკეთე ყველაფერი, რაც საამაყო ნამდვილად არაა. ბოლოს ვფიქრობდი, როგორ შემეკრა ამდენი ფერი. თბილისს ყოველდღიურად ემატება ათეულობით ბინა, მოთხოვნაც დიდია.


– იაფად თუ შეგიძენია რამე, ძველებური, ლამაზი აქსესუარი ან ავეჯი?
– საშენი მასალები, ყველაფერი ძვირად ღირებული და ხარისხიანი შევიძინე. რაც შეეხება ავეჯსა და დეკორაციას, კი, ბევრი იყო ასეთი რამ. ვნახე მეორადი ავეჯის საწყობი, სადაც უამრავი ლამაზი, დეკორატიული ნივთი შევიძინე იაფად და იყო ბევრი ახალიც. მეორე სტუდიის მოწყობა დავიწყე მედიტერიანული აქცენტებით და შემდეგ გაუაზრებლად გადავედი მარაკეშულ აქცენტებში. საბოლოო ჯამში, მგონი, მისია შევასრულე.

– სირთულეებზე რას იტყვი?
– ყველაზე დიდი სირთულე იყო კარგი ხელოსნის მოძიება. არ ვიცი, არასწორად ვეძებდი თუ რა იყო ამის მიზეზი… მაგრამ ყველაზე დიდი დაბრკოლება მაინც ეს იყო. თუმცა ამასაც ჰქონდა თავისი დადებითი მხარეები. ხელოსნების ძიების პროცესი რაც უფრო იწელებოდა, მით უფრო დიდი დრო მქონდა “აირბიენბის” შესწავლისთვის. სწორედ უუნარო ხელოსნების დამსახურებაა, რომ დღეს ასე კარგად ვერკვევი ამ საკითხში (იცინის).
“აირბიენბის” აქვს ორმხრივი შეფასების სისტემა ბუქინგისგან განსხვავებით. დამქირავებლები გვაფასებენ მასპინძლებს და ჩვენც შეგვიძლია შევაფასოთ დამქირავებლები. შეგვიძლია თვითონ შევქმნათ წესები ჩვენს სახლში. კლიენტი, რომელიც გჯავშნის, ავტომატურად ეთანხმება იმ წესებს, რომლებიც შენ შეადგინე და ატვირთე. მერე შენ აფასებ, რამდენად კარგად იყო დაცული წესები. დამქირავებლები აფასებენ სისუფთავეს, ლოკაციას, კომფორტს. მეც ანალოგიურად, სისუფთავეს, კომუნიკაციას, ხმაურს… ჯერჯერობით 75 ვიზიტამდე ვითვლით და ნეგატიური არაფერი ყოფილა ამ დრომდე.

– საიტს რას უხდით?
– 3% საკომისიო თითოეული ჯავშნის სახლიდან.

– ძირითადად უცხოელი სტუმრები გყავთ თუ ადგილობრივებიც?
– კი, ძირითადად უცხოელი სტუმრები გვყავს. ადგილობრივები უფრო “მაიჰოუმს” ჰყავს, ფასებიც უფრო დაბალია იქ. თუმცა სანაცვლოდ, “აირბიენბი”  უსაფრთხო სისტემაა და ბევრ რამეში გეხმარება. თვითონ უკეთებს ადმინისტრირებას ყველაფერს. კლიენტი ჯავშნის თუ არა ბინას, საიტი აჭრის ანგარიშიდან თანხას, დამქირავებლის შემოსვლიდან მეორე დღეს მირიცხავს, თუ რომელიმე მხარემ არ გავაუქმეთ ჯავშანი.
ჯავშნის გაუქმების რამდენიმე პოლიტიკა არსებობს: 1. შედარებით თავისუფალი და მარტივი – 48 საათის განმავლობაში შეგიძლია გააუქმო ჯავშანი, თანხა არ ჩამოგეჭრება; 2. საშუალო აძლევს 5 დღის ვადას. და 3. მკაცრი – არ აქვს მნიშვნელობა, როდის დაგჯავშნა, 1 წლის თუ მეტი ან ნაკლები დროის წინ. თანხა გერიცხება სრულად. მე საშუალო მაქვს.

– უფრო ხშირად როგორი ტიპის სტუმრები გყავს?
– ყველანაირი, ახალგაზრდებიც, ოჯახიც, წყვილიც… ჰოლანდია დომინირებს ჩემს კლიენტებში, შემდეგ კანადა, რუსეთი, ბელორუსი, ბრიტანეთი. მაგრამ არიან პორტუგალიელები, ფილიპინელები, ჩინელებიც…

– რას ურჩევდი ახალბედა მასპინძელს, ვისაც სურს დაიწყოს სარგებლობა ამ საიტით?
– თავიდან გაუკეთოს ანალიზი ლოკაციას, უძრავი ქონების მონაცემებს, რომლის დადებასაც ის აპირებს. ამისთვის ყველაზე მარტივი საშუალებაა, გახსნან “აირბიენბის” გვერდი, თბილისის განაცხადებში რუკაზე ნახონ საკუთარი ადგილმდებარეობა და გადაავლონ თვალი სამეზობლოს. იქ ჩანს ბინები, ფასები და შეძლებენ შეისწავლონ საკუთარი უბანი ტურისტული თვალსაზრისით. მეც ასე გამოვიანგარიშე საშუალო ფასი.

– რა არის საშუალო ფასი?
– გააჩნია. შეიძლება კონკრეტულ დღეებში 50 დოლარი გედოს და მოთხოვნის კლების შემთხვევაში ჩამოხვიდე 35 დოლარზე. ფასებთან მიმართებაშიც არის ორი ტიპის მიდგომა, ფიქსირებული და დივერსიფიცირებული. მე მეორეს ვამჯობინებ. ფიქსირებულის შემთხვევაში, როცა მაგალითად, მითითებულია 200 დოლარი და დაშვებული გაქვს აპარტამენტში 5 ადამიანის მიღება, არ აქვს მნიშვნელობა, 3 იქნება, 1 თუ 5, იხდიან ფიქსირებულ თანხას. დივერსიფიცირებულის შემთხვევაში შეგიძლია მიუთითო 1 ადამიანზე – 30 დოლარი, ორზე – 40 და ა.შ.

– რომელი უბნებია ყველაზე მოთხოვნადი?
– ლოგიკურია, ძველი თბილისი, თავისუფლების მიდამოები და აბანოთუბნის მიდამოები.

marao.ge

Share