Home » ბიზნესი » რითი ღებავენ პურს საქართველოში
რითი ღებავენ პურს საქართველოში

რითი ღებავენ პურს საქართველოში

საქართველოში პურის ხარისხთან დაკავშირებით კითხვები მუდმივად არსებობს, რასაც ობიექტური მიზეზებიც აქვს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში პურის ხარისხის კონტროლი, პრაქტიკულად არავის ევალება. ამ მიმართულებით მთავარი და უკვე ტრადიციად ქცეული კითხვაა, იღებება თუ არა პური საქართველოში. საქმე ეხება ჭვავის და ეგრეთ წოდებულ შავ პურს, რომელიც როგორც წესი ჭვავის, რუხი ფქვილისგან უნდა მზადდებოდეს.

თუმცა, წისქვილკომბინატების უმრავლესობა მსგავსი ტიპის ფქვილს ან საერთოდ არ აწარმოებს ან მხოლოდ დაკვეთის შემთხვევაში. არსებულ გარემოებებს ემატება, პერიოდულად ინტერნეტ სივრცესა და მედიასაშუალებებში გავრცელებული ფოტო, თუ ვიდეო მასალა, სადაც ნათლად ჩანს პურზე საღებავის კვალი.
ასეთი იყო, მაგალითად, კომპანია “ლიტვური საცხობის” შემთხვევაც, როდესაც სოციალურ ქსელებში, `ლიტვური საცხობის~ შავ-თეთრი პური გამოჩნდა. ცხადია, ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მომხმარებელს კიდევ უფრო გაუღრმავა ეჭვი იმის თაობაზე, რომ ადგილობრივ ბაზარზე პურის შეღებვის პრაქტიკა კარგად არის აპრობირებული. თავად კომპანია კი, იმხანად აღნიშნული ფაქტის ახსნას რამდენიმე ვერსიით ცდილობდა.

პირველადი ვერსიით, რომელიც კომპანიის ადმინისტრაციამ საკუთარ “ფესისფუქ” გვერდზე გაავრცელა, ფაქტს მათი პროდუქტის ფალსიფიცირებით ხსნიდა. კერძოდ, მომხმარებელს, რომელმაც კომპანია “ლიტვური საცხობის”, ოფიციალურ გვერდზე, მათივე წარმოების შავ-თეთრი პურის ფოტო ატვირთა ადმინისტრაციამ, ასეთი პასუხი გასცა.

“თუ კი ეს პური თქვენ შეიძინეთ, გთხოვთ, მოგვიტანოთ, გვაჩვენოთ და ერთად წარვადგინოთ ექსპერტიზაზე თუ რამდენად ჩვენი პროდუქტია. შეგიძლიათ თავადაც წაიღოთ და ჩაუტაროთ ექსპერტიზა და დარწმუნდეთ, რომ ჩვენი ბრენდის ფალსიფიკაციას აქვს ადგილი. უკვე არა ერთხელ მოხდა მსგავსი ფალსიფიცირებული პროდუქტის ჩვენს პროდუქტად გასაღება. გარწმუნებთ, ჩვენ ვაწარმოებთ, აბსოლუტურად, ჯანსაღი ინგრედიენტებისგან დამზადებულ პურებს”.

აღნიშნული ვერსია მალევე შეცვალა, თავად კომპანიამ და ფაქტს ამჯერად უკვე წარმოების პროცესში დაშვებული შეცდომით ხსნიდა.

“წარმოების პროცესში, ადამიანური ფაქტორით გამოწვეულმა შემთხვევამ, ე.წ ცომის საჭრელ დანადგარში, თეთრი და რუხი ცომის ერთმანეთთან შერევამ და მზა პროდუქტში ორფეროვანი შიგთავსის წარმოქმნამ, მომხმარებელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ჩვენ ვაწარმოებთ როგორც თეთრ, ისე შავ პურს. ბოლო პერიოდში კომპანიაში მოხდა გადაიარაღება და გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან სწრაფ ტემპში ხდება პურის ცხობა და მიწოდება მაღაზიებისთვის, მოხდა შემთხვევა, როცა თეთრი ცომის გუნდა რუხ ცომს შეერია. წარმოების პროცესში ადამიანური რესურსია ჩართული და სამწუხაროდ, უშეცდომო არავინაა. ბრალდება კი პურის შეღებვასთან დაკავშირებით სრულიად უსაფუძვლოა”, – ასეთი იყო კომპანიის უკვე მეორე განმარტება, შავ-თეთრ პურზე.

რაც შეეხება რუხი ფქვილის წარმოებას, რომელსაც როგორც ზემოთ ვახსენეთ ქართული წისქვილკომბინატები, თითქმის არ აწარმოებენ, კომპანიები ამ გარემოებასაც თავის ახსნას უძებნიან.

მაგალითად, როგორც “ლიტვური საცხობის” დამფუძნებელმა, არუნას მეშკაუსკასმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კომპანია თავად ახორციელებს რუხი ფქვილის იმპორტს საქართველოში. შესაბამისად, მას არ აქვს ამ პროდუქტის დეფიციტი და არ არის დამოკიდებული ქართულ წისქვილკომბინატებზე.

აღნიშნული თეორიის გადამოწმება, თითქმის შუძლებელია იმ მარტივი მიზეზით, რომ არცერთი სახელმწიფო ორგანო, თუ სსიპ-ი არ აწარმოებს დეტალურ რანჟირებას, თუ რა ტიპისა თუ შეფერილობის ფქვილისა და ხორბლის იმპორტი განხორციელდა ქვეყანაში.

ახლა რაც შეეხება ტექნიკურ ნაწილს, ზოგადად, სხვადასხვა საკვებში საღებავის დამატება აკრძალული არ არის, თუმცა აუცილებელია, მისი დამატება მოხდეს იმ რაოდენობით რა რაოდენობაც ტექნიკური რეგლამენტით არის გაწერილი. რაც შეხება პურ-პროდუქტებს, პურში საღებავის დამატებას ტექნიკური რეგლამენტი, საერთოდ არ ითვალისწინებს. თავის მხრივ, საკვებ საღებავებშიც არის, უფრო ნაკლებ საზიანო საღებავები და პირიქით, მათ ერთმანეთისგან მხოლოდ ფასი განასხვავებთ.

მაგალითად, ფართოდ არის გავრცელებული საღებავის სახეობა – კორელი, რომელიც შაქრის დაწვის შედეგად მიიღება და ის ჯანმრთელობისთვის ნაკლებად საზიანოა, თუმცა იმდენად, რამდენადაც ამ უკანასკნელის დამზადებისთვის საჭირო ნედლეული შაქარია, მისი ღირებულება მცირე არ არის და პრაქტიკულად პურში მისი გამოყენება ფასიდან გამომდინარე აზრს კარგავს. აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ მართალია ეს უკანასკნელი ადმიანის ჯანმრთელობისთვის ნაკლებ საზიანოა, თუმცა დიდი დოზით მიღება მაინც მნიშვნელოვან რისკებთან არის დაკავშირებული.

პურის შესაღებად ასევე იყენებენ შაქრის ჭარხლის ნარჩენებს, რომელსაც მუქი შეფერილობა აქვს. მისი მიღებით წარმოიქმნება კანცეროგენული ნივთიერებები, რაც სხვადასხვა დაავადებების გამომწვევი მიზეზია.
როგორც უკვე ვახსენეთ, იმ მიზეზით, რომ ქვეყანაში პურის ხარისხის კონტროლი არ მიმდინარეობს, ისღა დარჩენია მხოლოდ ივარაუდოს, თუ რომელი საღებავითაა შეღებილი ამა თუ იმ კომპანიის ნაწარმოები პური და რამდენად არის ის ადამიანისთვის საზიანო.

პეტრე ინაური

Share