Home » ეკონომიკა » „რიცხვებით ჟონგლირება” – გაუმჯობესებული სტატისტიკის მიუხედავად, უმუშევრობის დონე იზრდება
„რიცხვებით ჟონგლირება" - გაუმჯობესებული სტატისტიკის მიუხედავად, უმუშევრობის დონე იზრდება

„რიცხვებით ჟონგლირება” – გაუმჯობესებული სტატისტიკის მიუხედავად, უმუშევრობის დონე იზრდება

„რიცხვებით ჟონგლირება” – გაუმჯობესებული სტატისტიკის მიუხედავად, უმუშევრობის დონე იზრდება

გასულ კვირას სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა უმუშევრობის დონის მაჩვენებლის მონაცემები გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, 2018 წელს დაფიქსირებული უმუშევრობის დონის მაჩვენებელი ბოლო 15 წლის ისტორიულ მინიმუმზეა და ის 12.7%-ს შეადგენს.

„ბოლო 9 წლის განმავლობაში უმუშევრობის დონის წლიური მაჩვენებლის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება. ამასთან, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წელს ყველაზე დაბალ ნიშნულს აღწევს”, – ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

მათივე ინფორმაციით, 2018 წელს პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დაფიქსირდა ტენდენცია, რომლის მიხედვითაც დასაქმებულთა მთლიან რიცხოვნობაში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას. კერძოდ, 2018 წლის IV კვარტალში თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 48.7 პროცენტს შეადგენდა, ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა წილი დასაქმების მთლიან მაჩვენებელში 51.3%-ია.

ეკონომისტ სოსო არჩვაძის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ საშუალოდ ერთი დაქირავებით დასაქმებული 2.0-2.5-ჯერ მეტ ღირებულებას ქმნის თვითდასაქმებულთან შედარებით, აღნიშნული ცვლილება პოზიტიურია.

„მნიშვნელოვანია, რომ 2018 წელს პირველად დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, დასაქმებულთა მთლიან რიცხოვნობაში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას. ამასთან, არსებითად გაუმჯობესდა დასაქმების სტრუქტურაც – მცირდება თვითდასაქმებულთა რაოდენობა და იზრდება დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა. იმის გათვალისწინებით, რომ საშუალოდ ერთი დაქირავებით დასაქმებული 2.0-2.5-ჯერ მეტ ღირებულებას ქმნის თვითდასაქმებულთან შედარებით, აღნიშნული ცვლილება ნიშნავს, რომ ეს ახალი სტრუქტურა დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის აბსოლუტური ზრდის ექვივალენტურია, დაახლოებით 50 ათასი თვითდასაქმებულით”, – აცხადებს სოსო არჩვაძე.

უმუშევრობის დონის მაჩვენებლის ტენდენცია მისასალმებელი და სასიხარულოა. თუმცა, ობიექტურობისთვის უნდა აღნიშნოს ის ფაქტი, რომ 2017 წელს საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა 1 მილიონ 983.1 ათას ადამიანს შეადგენდა, ხოლო თუ ამავე მაჩვენებელს 2018 წლის ჭრილში გადავხედავთ, დავინახავთ რომ 2018 წელს საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა შემცირებულია და ის 1 მილიონ 694.2 ათას ადამიანს შეადგენს. ანუ, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა 2018 წელს 2017 წელთან შედარებით 12 400 ადამიანით არის შემცირებული. გარდა ამისა, ასევე საკუთრივ შემცირებულია დასაქმებული ადამიანების რაოდენობაც. თუ 2017 წლის მონაცემებით დასაქმებული ადამიანების რაოდენობა შეადგენდა 1 მილიონ 706 ათას ადამიანს, 2018 წლის მონაცემებით იგივე მაჩვენებელი 1 მილიონ 694 ათასი ადამინით განისაზრვრა. ანუ, გამოდის, რომ დაახლოებით 12 ათასი ადამიანით ნაკლები არის დასაქმებული.

სტატისტიკური მონაცემებით მხოლოდ პროცენტულ ჭრილში არის გამოხატული უმუშევრობის მაჩვენებელი, რაც, ბუნებრივია, სიმშვიდის საფუძველი ვერ გახდება. შესაბამისად, უნდა ითქვას, რომ უმუშევრობის დონის ისტორიული მინიმუმის დაფიქსირება გარკვეულწილად „რიცხვებით ჟონგლირებაა”.

სასიხარულო და საამაყო იქნება უმუშევრობის დონის შემცირება ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის მიხედვით ხდებოდეს საქართველოში, თუმცა ამჯერად უმუშევრობის დონის შემცირების გამომწვევი მიზეზი ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დონის შემცირებაა. არადა, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, 2025 წლის ჩათვლით, ყოველწლიურად დამატებით 50-70 ათასი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას. საამისოდ, როგორც უწყების ხელმძღვანელი ამბობს სხვა ეკონომიკური სექტორების (მაგალითად, საექსპორტო პოტენციალის განვითარება, ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარება), პარალელურად კადრების გადამზადებით უნდა მიიღწეს.

ცხადია, გამოწვევა დიდია. მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო რთული. სამუშაო ადგილების შექმნა კი საციცხლოდ მნიშვნელოვანი, თანაც უმუშევრობის დონის შემცირება არა „რიცხვებით ჟინგლირების” ფარგლებში, არამედ რეალურად, ქმედითი და ხელშესახები ფაქტორების გათვალისწინებით.

ბაჩო ჯინჭარაძე

Share