Home » ეკონომიკა » რიცხვებით ჟონგლირება – 5 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას მოსახლეობა ვერ გრძნობს
რიცხვებით ჟონგლირება - 5%-ნი ეკონომიკური ზრდას მოსახლეობა ვერ გრძნობს

რიცხვებით ჟონგლირება – 5 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას მოსახლეობა ვერ გრძნობს

სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.2 %-ით გაიზარდა. 5%-ის ზევით ნარჩუნდება მშპ-ის ზრდა მეორე კვარტლის შემდეგ. აგვისტოში ზრდის ტემპმა 5.8 %-ი შეადგინა, ივლისში კი 6.1%-ი. 2019 წლის 9 თვეში კი საქართველოს ეკონომიკა, საშუალოდ 5 %-ით გაიზარდა.

ტრადიციულად ზრდა შეინიშნებოდა მომსახურების სფეროებში, როგორიც არის ტრანსპორტი, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები. ასევე ზრდა შეინიშნებოდა, დამამუშავებელ მრეწველობასა და მშენებლობაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ თუ არ ჩავთვლით სომხეთს, რომლის ეკონომიკაც 10 თვეში 7.1%-ით გაიზარდა, საქართველო ეკონომიკური ზრდით რეგიონში პირველია. რუსეთის ეკონომიკა 10 თვეში საშუალოდ 3%-ით გაიზარდა, ყაზახეთში პირველი კვარტლის ბოლოს 3.6%-ნი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო იმავე პერიოდში თითქმის 2.6%-ით შემცირდა თურქეთის ეკონომიკა.

ასევე გასათვალისწინებელია სომხეთის ფაქტორი, რომელშიც ზემოთ ნახსენები ეკონომიკური მზრდის ტემპი, მნიშვნელოვან წილად განპირობებულია, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ჩრდილოვანი ეკონომიკის აღრიცხვითა და დარეგულირებით.

ასეთ რეალობაში საქართველოს ეკონომიკა ნამდვილად პირველია რეგიონში ზრდის მიხედვით. თუმცა, ამის მიუხედავადაც, საზოგადოება ისევ ვერ გრძნობს უკეთესობას, ეკონომიკური გუნდი კი ისევ ცდილობს ეკონომიკაში ინკლუზიურობის მიღწევას. ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველო არა მიმდინარე, არამედ ბოლო რამდენიმე წელია, ერთ-ერთი მოწინავეა რეგიონში, ეკონომიკური ზრდით. ამის მიუხედავად საინტერესოა, რატომ ვერ ხდება ინკლუზიურობის მიღწევა და რატომ რჩება ინკლუზიურობა, ყველა პრემიერის მთავარ გამოწვევად.

ამ კითხვით ეკონომისტს, “აფბა”-ს ვიცე-პრეზიდენტს, პაატა ბაირახტარს მივმართეთ. ბაირახტარი აღნიშნულ საკითხს რამდენიმე გარემოებით ხსნის და ამბობს, რომ პრობლემა ეკონომიკის სტრუქტურაში უნდა ვეძებოთ.

“მოდით შევხედოთ, თავად ეკონომიკის სტრუქტურას, თუ რითი ფორმირდება მშპ? დღეს ჩვენი ეკონომიკა დგას მომსახურების ეკონომიკის რელსებზე და არა მწარმოებლის.

ჩვენი ეკონომიკის მთავარი კონტრიბუტორები არიან სასტუმროები, რესტორნები, კავშირგაბმულობა და ტრანსპორტი. ინდუსტრიული მიმართულებებით ჩვენ ვაწარმოებთ ძალიან მწირ პროდუქციას. ისიც ექსპორტზე გაგვაქვს, როგორც ნახევარფაბრიკატი, როგორც ნედლეული, ანუ დამატებითი ღირებულება არ იქმნება ქვეყანაში. ასეთებია, მაგალითად, მადნები, ფეროშენადნობები, თავის მხრივ, ჩვენი ექსპორტი მნიშვნელოვან წილად ეყრდნობა რეექსპორტს, რაც დამატებით ღირებულებას საერთოდ არ ქმნის.

ქვეყანას, პრაქტიკულად, არ გააჩნია წარმოება, რომელიც მნიშვნელოვან დამატებით ღირებულებას შექმნის ქვეყანაში. თუ არ ჩავთვლით ღვინოსა და მედიკამენტებს, რომელსაც მცირე წილი უჭირავს საერთო სტრუქტურაში. ასეთ რეალობაში ძალიან ძნელია ინკლუზიურობის მიღწევა”, – ამბობს ბაირახტარი.

ბაირახტარმა დასაქმების სტრუქტურაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ დასაქმებულთა სტრუქტურა არ იძლევა ინკულუიურობის გაზრდის შესაძლებლობას.

“მაგალითად, თუ საინვესტიციო მიმართულებებს ჩავხედავთ, მუდმივად მოწინავე პოზიციების იკავებს, საფინანსო სექტორი და მუდმივად უკანასკნელ ადგილზეა (და ხშირად ინვესტიციების გადინებასთანაც გვაქვს საქმე) სოფლის მეურნეობა. ამ დროს საფინანსო სექტორი, რომელიც ვახსენეთ და, რომელიც, მოწინავეა საინვესტიციო მიმართულებებში, საერთო დასაქმებულების დახლოებით 5-7%-ი ასაქმებს, ხოლო სოფლის მეურნეობაში კი საერთო დასაქმებულების 48%-ია დასაქმებული. ასეთ რეალობაში, როდესაც მოსახლეობის ნახევარი სტაგნაციურ დარგში გყავს დასაქმებული, ცხადია, შეუძლებელი ხდება ინკლუზიურობის მიღწევა.

თავის მხრივ, ქვეყანას მომსახურების ეკონომიკიდან, მწარმოებელი ეკონომიკის რელსებზე გადასვლას, მნიშვნელოვნად ურთულებს, თითქმის განახევრებული ინვესტიციები. მაგალითად, წინა წელთან შედარებით, ინვესტიციები 53 %-ით არის შემცირებული. ქვეყანას, ასევე, პრობლემები აქვს მისი ბუნებრივი რესურსების ათვისებასთანაც. მაგალითად, ქვეყნის მთავარი რესურსი გახლავთ ჰიდრორესურსები, საინვესტიციო დარგებს, თუ ჩავშლით დავინახავთ, რომ სწორედ ენერგეტიკაში გვაქვს ყველაზე მეტად ინვესტიციების კლება და ის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35 %-ით არის შემცირებული.

არსებული პრობლემებით, რაიმე ტიპის ეკონომიკური გარღვევა და ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი აჩქარება თითქმის შეუძლებელია. თავის მხრივ, 5%-ნი ეკონომიკური ზრდით ინკლუზიურობის მიღწევაც ფანტაზიის ჟანრთან, ძალიან ახლოსაა”,-აცხადებს ბაირახტარი.

5%-ნი ეკონომიკურ ზრდას არასაკმარისად მიიჩნევს “ახალი ეკონომიკური სკოლის”, პრეზიდენტი პაატა შეშელიძეც.

“მაშინ როდესაც, ქვეყნის ეკონომიკის წლიური საშუალო ზრდა 5.0 %-ია, სექტემბერში ეკონომიკის 5.2%-იანი გაზრდა განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს. მთავარი ის არის, რომ ეკონომიკის ასეთი დაბალი ზრდა მოსახლეობაზე ვერ აისახება და ეს მაჩვენებელი რეალურად არაფრის მომცემია. საქართველოს ბევრად მაღალი ეკონომიკური ზრდა უნდა ჰქონდეს. საჭიროა უფრო მაღალი ტემპი და ამისთვის აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება”, – განაცხადა შეშელიძემ.

პაატა თურქია

Share