Home » ეკონომიკა » რატომ ვერ ახერხებს საქართველო ევროპელი ტურისტების მოზიდვას
რატომ ვერ ახერხებს საქართველო ევროპელი ტურისტების მოზიდვას

რატომ ვერ ახერხებს საქართველო ევროპელი ტურისტების მოზიდვას

საერთაშორისო მოგზაურობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში. მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს (WTTC) მონაცემებით, 2017 წელს ამ დარგის პირდაპირმა კონტრიბუციამ მსოფლიოს მთლიან მშპ-ში 2.6 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა (3.2%) და ხელი შეუწყო 118 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას. მისი პირდაპირი და გვერდითი ეფექტების მხედველობაში მიღების შემდეგ, აღნიშნული სექტორის წვლილი მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში შემდეგია: მსოფლიოს მშპ-ს 10.4%, ერთი ადგილი ყოველი 10 სამუშაო ადგილიდან, 4.5% მთლიან განხორციელებულ ინვესტიციებსა და 6.5% მსოფლიოს მთლიან ექსპორტში. შესაბამისად საქართველოს თითქმის ყველა მოწვევის მთავრობისთვისაც ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ ლოკომოტივად მიიჩნევა. ეს არც არის გასაკვირი თუ ბოლო წლების მონაცემებს ჩავხედავთ, რომელიც წლიდან წლამდე, პროგრესირებს. მაგალითად გასულ წელს ქვეყანას 7.9 მლნ საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, ეს მონაცემი 18 % -ით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს. თუმცა ბოლო წლებში, პროცენტულ ჭრილში მატება, წინა წლებში უფრო მაღალიც ფიქსირდება, მაგალითად 2011 წელს 57% -ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა ქვეყანაში, ვიდრე 2010 წელს. იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული სტატისტიკა ბოლო 8 წელია პოზიტიური აქვს ქვეყანას, ვიზიტორების მიერ ქვეყანაში დახარჯული თანხა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება გლობალურ საშუალო მაჩვენებელს. ამის მთავარ მიზეზს კი ვიზიტად მყოფი ტურისტების წარმომავლობა წარმოადგენს. მაგალითად 2017 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი 1.3 მლნ ვიზიტორი ქვეყანას აზერბაიჯანიდან ეწვია, მეორე ადგილს იკავებს სომხეთი რომლიდანაც ქვეყანაში 1.2 მლნ ვიზიტორი ეწვია ქვეყანას. საქმე ისაა, რომ აღნიშნული ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ განსხვავდება საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობიდან და ამ ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორების მიერ დღეში დახარჯული თანხა, მნიშვნელოვნად განსხვავდება განვითარებული ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორების დღიური სახარჯო თანხისგან.

ეკონომიკური მაჩვენებლები

2017 წელს ტურიზმიდან ქვეყანამ 2,751 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც მშპ-ს 6.7 % -ია. ტურიზმის სტრატეგიის მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი 2025 წლისთვის 7.9 % -მდე უნდა გაიზარდოს. რაც ტურისტული ნაკადის, მსგავსი მატების პირობებში მაღალი ნამდვილად არ არის. პოზიტიური მაჩვენებლები ფიქსირდება 6 თვის მონაცემების მიხედვითაც, თუ 2017 წლის 6 თვეში ქვეყანაში 3,135 ,122 ვიზიტორი ეწვია, 2018 წლის იმავე პერიოდში ქვეყანას 3,561,963 მლნ ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 13,6 % აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

ტურისტული ბაზრის ანალიზი

როგორც ზემოთ ვნახეთ 2017 წლიდან 2025 წლამდე (სტრატეგიის მიხედვით) ტურიზმის კონტრიბუცია მშპ -ში მნიშვნელოვნად არ იზრდება, ამის მიზეზი კი რამდენიმეა. ერთ- ერთი მიზეზი არის ვიზიტორების წარმომავლობა. მაგალითად 2017 წლის მონაცემებით ტოპ ვიზიტორი ქვეყნები ასე ნაწილდება: აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რუსეთი. ტურისტების დიდი ნაწილი 35 % ქვეყანაში ტურისტული მიზნით შემოდის, ანუ ქვეყანას ტურისტულ პოტენციალს დიდწილად მხოლოდ მეზობელი ქვეყნები აფასებენ. ამასვე ცხადყოფს ტურისტული სააგენტოების მიერ გაყიდული ტურისტული პაკეტები, რომლის ანალიზიდანაც ირკვევა, რომ ვიზიტორების სრულ უმრავლესობას 98% ქვეყანაში ვიზიტისას ტურისტული სააგენტოს მომსახურებით არ უსარგებლია. მართალია ევროპის ქვეყნების წილი იზრდება ტურისტულ ნაკადებში მაგრამ როგორც მონაცემები აჩვენებს მთავარი წვლილი, ისევ მეზობელ ქვეყნებზე მოდის. ამის ერთ-ერთი მიზეზს კი ქვეყნის ცნობადობის დონე წარმოადგენს, თუ ინფორმაციული წყაროების მონაცემებს ჩავხედავთ, რომლითაც ტურისტები სარგებლობენ ვნახავთ, რომ ტურისტთა 45 % -მა საქართველოს შესახებ, მეგობრებისგან შეიტყო. მოგზაურების მხოლოდ 12,1 % გაიგო საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ, ინტერნეტის ან საინფორმაციო კამპანიების საშუალებით. ვიზიტორების მიერ ქვეყანაში ნაკლები თანხის დახარჯვა, ასევე აიხსნება განთავსების საშუალებების სტატისტიკითაც. ქვეყანაში შემოსული ტურისტების 37% ღამეს ნათესავის ან მეგობრების სახლში ათევს. თავის მხრივ ამის მთავარ მიზეზს კი ქვეყანაში საშუალო დონის სასტუმროების დეფიციტი წარმოადგენს. თუ სამასპინძლო დაწესებულებების ტიპებს ჩავხედავთ მათი მნიშვნელოვანი წილი ჰოსტელებზე და ე.წ. ბიზნეს კლასის სასტუმროებზე მოდის, მაშინ როდესაც ტურისტული ქვეყნები აქცენტს საშუალო დონის სასტუმროებზე აკეთებენ.

პრობლემები ტურიზმის სექტორში

ქვეყნის ტურიზმის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ისევ რჩება ხარისხის პრობლემა, რომელიც წლების მანძილზე ვერ გადაიჭრა. ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით მოწყობილმა სხვადასხვა გადასამზადებელმა ტრეინინგებმა გარკვეული გავლენა მართალია მოახდინა სამასპინძლო ბიზნესში მომსახურების დონის ამაღლების თვალსაზრისით, მაგრამ, ზოგადად, ქვეყანაში მომსახურების ხარისხი ისევ ძალიან დაბალ დონეზეა. ამასვე ცხადყობს ტურიზმის ადმინისტრაციის ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში, ერთ – ერთ მთავარ გამოწვევად ჩაწერილი, “ვიზიტორთა მომსახურების გაუმჯობესების” კონცეფცია. სტრატეგიის თანახმად, ვიზიტორთა მომსახურების გაუმჯობესება იგეგმება, (ტრანსპორტირების, განთავსების საშუალებებისა და უცხო ენის ფლობის თვალსაზრისით), რათა ქვეყნის შესახებ მიზნობრივი მარკეტინგული აქტივობების შედეგად ჩამოყალიბებული წარმოდგენა გამართლდეს, ხოლო, ჩამოსულმა ვიზიტორებმა პოზიტიური გზავნილები გაავრცელონ საქართველოზე და განმეორებით ესტუმრონ ქვეყანას. თუმცა აღნიშნული სტრატეგია არ ითვალისწინებს, ისეთ სენსიტიურ საკითხებს, როგორც საქალაქთაშორისო გზებზე ინფრასტრუქტურის პრაქტიკული არარსებობა, ასევე სტრატეგიაში არაფერია ნათქვამი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტურისტებზე ადაპტირების პრობლემაზე, შესაბამისად, რამდენად მოახერხებს ტურიზმის განვითარების სტრატეგია სრულად უპასუხოს არსებულ გამოწვევებს ეს სათუო საკითხია.

ლიკა მაისურაძე

Share