Home » ბიზნესი » რატომ „შეუტია“ სახელმწიფომ „ტავ ჯორჯიას“
რატომ „შეუტია“ სახელმწიფომ „ტავ ჯორჯიას“

რატომ „შეუტია“ სახელმწიფომ „ტავ ჯორჯიას“

აეროპორტების მმართველი კომპანია ეკონომიკის სამინისტროს შენიშვნებს ნაწილობრივ იზიარებს

“ტავ ურბან ჯორჯიას” მისამართით პრეტენზიები და კაბალურ ტარიფებზე საუბარი კომპანიის საქართველოში შემოსვლისთანავე დაიწყო და თემა აქტუალობას დღემდე არ კარგავს. ავიაციის დარგის წარმომადგენლების მხრიდან ხშირად მიმდინარეობს აპელირება კომპანიის იმ კონტრაქტთან დაკავშირებით, რომელიც „ტავ ჯორჯიასა“ და საქართველოს მთავრობას შორის ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში გაფორმდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, ისიც რომ მომქედი ხელისუფლების პირობებში აღნიშნული ხელშეკრულება 10 წლით გახანგრძილვდა მას ვადა 2027 წელს ეწურება.

მიმდინარე კვირაში „ტავ ჯორჯიასა“ და ეკონომიკის სამინისტროს შორის გარკვეული პინგპონგი გაჩაღდა. როგორც ჩანს, სახელმწიფომ გარკვეული ფხიანობა გამოიჩინა და აეროპორტის მმართველ კომპანის ხარვეზები აღმოუჩინა. კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ეწვია და არსებულ ვითარებას გაეცნო. მინისტრმა აეროპორტის მოფრენის და გაფრენის ტერმინალები, შენობაში არსებული მაღაზიები და კაფეები, ასევე ავიასალაროები და სარეგისტრაციო დახლები დაათვალიერა.

თურნავას თქმით, საქართველო ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბაზარი და ქვეყანაა და პირველ რიგში, სწორედ აეროპორტებმა უნდა წარმოაჩინოს ჩვენი რეალური სახე, რომლითაც სტუმრებს ვეგებებით.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, უკმაყოფილო დარჩა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დათვალიერებისას საკმაოდ ბევრი ხარვეზი აღმოაჩინა. მინისტრმა ხარვეზების გამოსასწორებლად „ტავ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობას გარკვეული ვადა მისცა.

„რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ აეროპორტმა მოქალაქეებს უკეთესი სერვისი მიაწოდოს. თუმცა, დღეს დავათვალიერე ორივე ტერმინალი და უკმაყოფილო დავრჩი, რადგან კვლავაც ძალიან ბევრი ხარვეზია აღმოსაფხვრელი. ჩვენ ძალიან მკაცრი გაფრთხილება მივეცით „ტავ ჯორჯიას“. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ „ტავ ჯორჯია“ ამჩნევს ამ პრობლემებს და დროულად უზრუნველყოფს მათ გამოსწორებას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მოსაწესრიგებელია ისეთი ელემენტარული ინფრასტრუქტურა, როგორიცაა სველი წერტილები, გაფრენის დარბაზში არსებული სხვადასხვა სერვისები, იგივე კაფეები და რესტორნები, რომლის ინტერიერიც კარგა ხანია აღარ პასუხობს შესაბამის სტანდარტებს.

„დავგეგმეთ კონკრეტული ღონისძიებები, მივეცი გარკვეული ვადა „ტავ ჯორჯიას“. მინდა გითხრათ, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ კიდევ ერთხელ ვეწვევი თბილისის საერთაშორისო აეროპორტს და გადავამოწმებ რამდენად ხდება პრობლემების აღმოფხვრა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

თავის მხრივ, მინისტრის საყვედურები არც „ტავ ჯორჯიამ“ დატოვა უპასუხოდ. როგორც „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე განმარტავს, აეროპორტის მმართველ კომპანიასა და სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ერთი თვის წინ შედგა, სადაც „ტავ ჯორჯიამ“ აეროპორტის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის ხარვეზების და მისი გამოსწორების გზებზე ისაუბრა.

მისივე თქმით, სველ წერტილებთან დაკავშირებით სამინისტროს ინფორმაცია უკვე ჰქონდა და სარემონტო სამუშაოებიც დაწყებული იყო.

„ერთი თვის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, სხვა მრავალ საკითხთან ერთად, ჩვენ გავიარეთ აეროპორტის ინფრასტრუქტურის თემებიც, რის შემდეგაც ქალბატონი ნათია თურნავა ეწვია თბილისის საერთაშორისო აეროპორტს. ყველას მოგეხსენებათ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა 2007 წლის თებერვალში, შესაბამისად არის პატარა ხარვეზები, რაზეც ვისაუბრეთ მინისტრის ვიზიტის დროს. უმთავრესი ხარვეზი, რომელიც ქალბატონმა ნათიამ დააფიქსირა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არის სველი წერტილები. სველ წერტილებთან დაკავშირებით ჩვენ სამინისტროშიც უკვე გვქონდა ნასაუბრები და უკვე დაწყებული გვქონდა სარემონტო სამუშაოები. გარემონტდება რამდენიმე სველი წერტილი, პერიოდულად ეს რემონტი ისედაც ხდება”, – აცხადებს „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი მოადგილე.

ამასთან, თეა ზაქარაძის განცხადებით, სამინისტროს ინფორმაციის გავრცელებისას შეცდომა გაეპარა.

„რაც შეეხება რესტორნებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესრელიზში მრავლობით რიცხვშია ნახსენები რესტორნები. სავარაუდოდ, გაეპარათ ეს შეცდომა. იმიტომ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის, როგორც გაფრენის, ისე მოფრენის ტერმინალში ყველა კვების ობიექტი არის განახლებული და ახალი. დარჩენილია ერთადერთი კვების ობიექტი სარეჟიმო ტერიტორიაზე, რომლის პროექტზეც მუშაობა უკვე ორი თვეა მიმდინარეობს. ასევე ვაპირებთ, რომ თებერვლის ბოლოსათვის დასრულდეს ის მიმდინარე სარემონტო სარემონტო სამუშაოები, რაც დაგეგმილი იყო და გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ “ტავ ჯორჯია” „აეროპორტების საერთაშორისო საბჭო-„ს [ACI] „აეროპორტის მომსახურების ხარისხი“-ს [ASQ] პროგრამაში გაერთიანდა, რომელიც ამოწმებს აეროპორტის სერვისის ხარისხს. ერთი კვირის წინ მოვიდა მესამე კვარტლის შედეგები და ჩვენ მივიღეთ 4.27 შეფასება. უმაღლესი, მაქსიმალური შეფასება კი 5. ეს შეფასება არის მგზავრების გამოკითხვაზე დაყრდნობით და თქვენ იქ შეგიძლიათ ნახოთ თუ რომელ კატეგორიაში კატეგორიაში რა შეფასება მივიღეთ. რა თქმა უნდა ვითვალისწინებთ ყველაფერს, ჩვენ ისედაც დაგეგმილი გვქონდა ეს პროცესები“,- აცხადებს თეა ზაქარაძე.

“ტავ ჯორჯიაში” ამბობენ, რომ მინისტრ ნათია თურნავას აზრი მათთვის მნივნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია რას ფიქრობენ მგზავრები.

„სველი წერტილი მესმის, მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის, რადგან ტურისტები კმაყოფილები იყვნენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მინისტრის აზრი, მაგრამ ვიტყვი, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მგზავრების აზრი”,- აცხადებს “ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილე.

რამდენად იქნება ეს ხარვეზები აღმოფხვრილი, შენიშვნები გათვალისწინებული და აეროპორტი უფრო მეტად განვითარებული, ამას გარკვეული პერიოდის შემდგომ დავინახავთ, თუმცა, როგორც ჩანს, ამჯერად სახელმწიფომ გადაწყვიტა „ტავ ჯორჯიას“ „შეუტიოს“, რადგან ტურისტული პოტენციალის განვითარების პარალელურად, საჭიროა როგორც მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა აეროპორტებში, ასევე ხელსაყრელი ფასებით ოპერირებაც. ამჯერად აქცენტი ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე გაკეთდა, მოჰყვება თუ არა ამას რაიმე სხვა სახის გაგრძელება ამ ეტაპზე რთული სათქმელია, თუმცა ის რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მეტად განვითარება და მოქალაქეების ინტერესებზე უფრო მეტად აქცენტირება სჭირდება, ეს ეჭვგარეშეა.

სანდრო პირველი

Share