Home » ფინანსები » რატომ მცირდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა
რატომ მცირდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა

რატომ მცირდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა

ბოლო 1 წლის განმავლობაში, ბაზარი 15-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დატოვა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, თუ 2017 წლის აპრილში ბაზარზე 88 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში მათი რაოდენობა 73 გახდა.

გარდა ბაზარზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობისა, შემცირდა მათი მოგებაც. მათი რაოდენობის შემცირება, სპეციალისტთა შეფასებით უკვე გატარებულმა და სამომავლოდ მოსალოდნელმა რეგულაციებმა განაპირობა.

საბანკო საქმის ექსპერტის, დავით კიკვიძის პროგნოზით, ბაზრიდან კიდევ ათეულობით კომპანია გავა.

“მიკროსაფინანსოებს დაემატებათ ახალი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები, ახალი მინიმალური ლიმიტების დაკმაყოფილება, რაც ფაქტობრივად ბაზარს ძალიან შეზღუდავს, ბიზნესსეგმენტს ძალიან შეამცირებს და ეს კიდევ დამატებით გამოიწვევს ბაზრიდან მოთამაშეების გასვლას. მეორე მხრივ, უკეთესობა რაც შეიძლება მოხდეს, ის არის, რომ მცირე ორგანიზაციები, რომლებიც იყვნენ, ისინი გაერთიანდნენ და ამის საფუძველზე რამოდენიმე კომპანია გადარჩეს”, – აცხადებს კიკვიძე.

არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის ხელმძღვანელის, ირაკლი ბერძენაძის განცხადებით, არასაბანკო დაწესებულებებისათვის საქართველოში ოპერირება ხელსაყრელი აღარ არის. ბერძენაძის განცხადებით, ახალმა რეგულაციებმა სექტორი მნიშვნელოვნად დააზარალა.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ლიბერალუი ბაზარი გვაქვს, არასაბანკო-ფინანსური ორგანიზაციებისათვის საქართველოს ბაზარი ხელსაყრელი არ არის. არასაბანკო-საფინანსო ორგანიზაციებს ჩვენ ვუქმნით იმ პირობებს, რომ ისინი არ წავიდნენ იმ რისკზე, რა რისკზეც მიდის ეს სექტორი დაკრედიტების დროს”, – აცხადებს ბერძენაძე.

ირაკლი ბერძენაძე მიიჩნევს, რომ უკვე ბიზნესმენი აღარ ფიქრობს მოგებაზე და ის ფიქრობს ინვესტირებული თანხის გასწორებაზე.

მიკროსაფინანსო და სხვა არასაბანკო ორგანიზაციებისათვის, მინიმალური საწესდებო კაპიტალი 250 000 ლარია. მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან საწესდებო კაპიტალი ნახევარ მილიონ ლარამდე, ხოლო 2019 წლის იანვარში ერთ მილიონამდე ზრდა იგეგმება.

Share