Home » ფინანსები » რატომ გამყარდა ლარი?!
რატომ გამყარდა ლარი?!

რატომ გამყარდა ლარი?!

ნავთობის გაძვირების,  დოლარის გაუფასურების, ბიუჯეტისა თუ კურსის “მთავარი’’ მდგენელის წასვლის გამო

16 თვიანი დევალვაციის შემდეგ ლარმა გამყარება დაიწყო. ბოლო პერიოდში მსოფლიოში დოლარი სუსტდება და ამ ვალუტის მიმართ ყველა ქვეყნის გაუფასურებული ვალუტა მყარდება. თუმცა, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველო ამ მხრივაც გამორჩეული აღმოჩნდა. თუ, სულ რაღაც, 3 კვირის წინ ღია ბაზარზე ერთი დოლარი 2,5 ლარად იყიდებოდა, დღეს მისი ფასი 2,3 ლარზე ნაკლებია. ფაქტობრივად, ამ მოკლე პერიოდში ლარი 20 პუნქტით გამყარდა. რამ გამოიწვია ეს პროცესი, ჯერჯერობით, არგუმენტირებული ანალიზი არავის გაუკეთებია. ეროვნული  ვალუტა, გიორგი ქადაგიძის ამ პოსტიდან წასვლის შემდეგ მყარდება, შესაბამისად მას განმარტებების ვალდებულება აღარ აქვს. ახალი პრეზიდენტი კი წინა კვირას დაინიშნა და საზოგადოებას ინფორმაციას ალბათ ამ კვირას მიაწვდის.  მთავრობა კი ამბობს, რომ ეროვნული ვალუტის კურსი მაკროეკონომიკურ პარამეტრებში ჩაჯდა.

ლარის მკვეთრი გამყარება 6 მარტიდან დაიწყო. ზუსტად 10 დღეში ეროვნულმა ვალუტამ დოლარის მიმართ პოზიციები 2,35 ნიშნულამდე 13 პუნქტით გააუმჯობესა. 16 მარტს ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში დოლარის ღირებულება 2,26 ლარამდე შემცირდა. ამიტომ ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევიდან 5 მილიონი დოლარის ამოღების გადაწყვეტილება მიიღო და 17 მარტის ოფიციალური კურსი 2,3157 ლარის დონეზე შენარჩუნდა. კურსის მკვეთრი მერყეობა ისევ გაგრძელდა და ბლუმბერგზე ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ 2,25-2,34 ლარის  ფარგლებში მოძრაობდა. დღეს არსებული ოფიციალური კურსი ისევ 2,3157-ის ნიშნულზეა. სავალუტო პუნქტებში კი 1 დოლარი 2,28-2,29 ლარად იყიდება.

ეკონომისტების ერთი ნაწილი ამბობს, რომ ლარის გამყარებას ობიექტური მიზეზები აქვს. თებერვლის საგარეო ვაჭრობის, ფულადი გზავნილების და ტურიზმის სტატისტიკამ გვაჩვენა, რომ ამ მიმართულებებით სიტუაცია გაუმჯობესდა. თებერვალში საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა 19%-ით გაიზარდა. ასევე, თებერვალში, იანვართან შედარებით, ექსპორტი 37 მილიონი დოლარით გაიზარდა, იმპორტიც გაიზარდა 144 მილიონი დოლარით, მაგრამ ეს ზრდა მთლიანად ც ჰეპატიტის წამლების იმპორტზე მოდის, რომელშიც რეალურად თანხა არ გადაგვიხდია, ამერიკული კომპანია გვჩუქნის.

ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია ასევე ვარაუდობს, რომ ლარის გამყარება იმპორტის შემცირებამ გამოიწვია. “სამომხმარებლო ბაზარზე მოთხოვნა შემცირდა, რაც თავისთავად ცუდია’’, – ამბობს ჯგერენაია.

ოფიციალური სტატისტიკა კი ცოტა განსხვავებული მსჯელობის საფუძველს იძლევა. ამ ლოგიკას თუ მივყვებით, ეროვნული ვალუტა უფრო ადრე უნდა გამყარებულიყო. იანვარში უპრეცედენტო რამ დაფიქსირდა, იმპორტი 25% შემცირდა. კერძოდ, იმპორტს 400 მილიონ დოლარზე მეტი მოაკლდა, ხოლო ექსპორტს 62 მილიონი დოლარით. იმპორტის ასეთი მკვეთრი ვარდნის მიუხედავად იანვარში ლარი დოლარის მიმართ 2,5 ნიშნულამდე გაუფასურდა. გარდა ამისა, “ბანკები და ფინანსები’’ უკვე წერდა, რომ 2016 წლის მეორე ნახევარში საგადასახდელო ბალანსის გაუმჯობესება აღინიშნება, რასაც მინიმუმ კურსის  სტაბილურობა, ან მცირე მერყეობები უნდა გამოეწვია.  თუმცა, იანვარში ლარის 2,39 ნიშნულიდან 2,5 ნიშნულამდე დევალვაცია მთლიანად აზერბაიჯანული მანათის გაუფასურებას დაბრალდა.

ექსპერტის რომან გოცირიძის განცხადებით, კიდევ ერთი მიზეზი ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა იყო. თუმცა, ეროვნული ბანკის ოფიციალური ინფორმაციით, მიმოქცევაში ლარის მასა არ გაზრდილა. უფრო მეტიც, იანვარ-თებერვალში ლარის მასა 226 მილიონით შემცირდა. ამასთანავე, ფინანსთა სამინისტროში განმარტეს, რომ მათ პირველ კვარტალში შიდა ვალი აღარ გაუზრდიათ, 257 მილიონი ლარით შემცირდა რეფინანსირების სესხების მოცულობა. თებერვალში ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ წლის დასაწყიში ეროვნული ვალუტის აღნუშნულ ნიშნულამდე დევალვაცია მისთვისაც მოულოდნელი იყო, ხოლო ახლო მომავალში ლარის მკვეთრი გამყარება დაიწყებოდა.

 წინა კვირას კი ეკონომიკის  მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ  ქართული ვალუტა 5-7%-ით უფრო მეტად იყო გაუფასურებული, ვიდრე მაკროეკონომიკური ანალიზი აჩვენებდა.

“ჩვენ გვქონდა დოლარიზაციის კოეფიციენტი ძალიან აწეული, რაც ნიშნავდა იმას, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა, კომპანიებმა ის დანაზოგები, რომლებიც მათ გააჩნდათ თავიანთ ანგარიშებზე ლარში, წინა წლის აგვისტოდან მოყოლებული, მათი გადახურდავება დაიწყეს დოლარში. ჩვენ ვუყურებდით ტრენდს, რომლის მიხედვითაც იზრდებოდა უცხოურ ვალუტაში აღნიშნული დანაზოგები.  ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ გარდა  ჩვენი ვალუტა იყო 5-დან 7 პროცენტზე მეტად გაუფასურებული, ვიდრე შედარებითი ანალიზი აჩვენებდა, აქვე იყო ეს მოლოდინებიც, რომ კომპანიებმა და მოქალაქეებმა დოლარში დანაზოგები ზედმეტად გადაახურდავეს”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ერთდთვიან პერიოდში ლარი, სწორედ,  6,8%-ით გამყარდა, რაც ნიშნავს, რომ მინისტრის მიერ გაცხადებულ მაკროეკონომიკურ ჩარჩოში დაბრუნდა. ქუმსიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მოლოდინებს ჩვენს რეალობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ეკონომისტების განცხადებით, ნეგატიური მოლოდინი, აჟიოტაჟი, ფსიქოლოგიური წნეხი ეს ის ფაქტორებია, რომელიც მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ერთობლივი ძალისხმევით უნდა გაანეიტრალოს, რათა ეკონომიკა განვითარების ჩარჩოებიდან არ ამოვარდეს.

არადა, ეროვნული ბანკის მიმართ ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია საზოგადოებასთან ნაკლები კომუნიკაცია იყო. სანამ, ეროვნული ვალუტა გაუფასურების პიკს არ მიაღწევდა, აჟიოტაჟი არ დაიწყებოდა, მანამდე ეროვნული ბანკი განცხადებას არ აკეთებდა. ეს გაურკვეველი დუმილი კი ბაზარზე ქაოსს იწვევდა, რაც ვალუტას კიდევ უფრო მეტად აუფასურებდა. გაუფასურების პიკზე კი,  ეროვნული ბანკი 40 მილიონი დოლარის ინტერვენციას ახორციელებდა. გიორგი ქადაგიძემ ისე დატოვა თანამდებობა, რომ ვერავინ გაარკვია, მათ შორის  ვერც პარლამენტმა, რატომ გაჰქონდა  სავალუტო აუქციონებზე მაინცდამაინც 40 მილიონი დოლარი.

ჯერჯერობით, ლარის გამყარების მიზეზებზე  მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე  დამყარებული ანალიზი არავის გაუკეთებია, ისევე როგორც გაუფასურებაზე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, რომან გოცირიძე ყველაფერს ბიუჯეტს აბრალებს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს თამაზ მეჭიაურის აზრით, ლარის გამყარება კურსის მთავარი პოლიტიკური მდგენელის  ჩამოცილების “ბრალია”. ეკონომისტი დემურ გიორხელიძე არ გამორიცხავს, რომ კურსის გამყარება დროებითი იყოს და ისევ გაუფასურება დაიწყოს. ლევან კალანდაძე ლარის გამყარებას  მსოფლიოში ნავთობის გაძვირებასთან აკავშირებს.

 ,,ნავთობის ფასი იმატებს და ნელ-ნელა ლარი მყარდება. მოლოდინი მაქვს, რომ თუ ყველაფერი თანხვედრაში წავა, ლარის კურსი 2.20-ზე ჩამოვიდეს, რაც ძალიან კარგი შედეგი იქნება. გარეფაქტორების გარდა, ლარის კურსის გამყარება შედეგია ფინანსთა სამინისტროს მიერ გადადგმული მეტ-ნაკლებად სწორი ნაბიჯებისა _ ბიუჯეტის გეგმაზომიერი ხარჯვა. ამ ყველაფერს  ხელს უწყობს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც. რაც შეეხება კითხვას, რა ნიშნულზე შეიძლება გამყარდეს ლარი, ამის პროგნოზირება ძალიან ძნელია, მაგრამ დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, 2.2 მართლა არ იქნება ცუდი შედეგი”, – აღნიშნავს ქადაგიძე.

რაც შეეხება ნავთობის ფასის გავლენას ქართულ ლარზე, საქართველო იმპორტიორი ქვეყანაა და თუკი იმპორტირებული პროდუქტი ძვირდება მის შესასყიდად უფრო მეტი დოლარია საჭირო და ამ ვალუტაზე მოთხოვნა იზრდება. ასე რომ, განმარტებისთვის ნავთობთან ლარის პირდაპირ დაკავშირება არც ისე ლოგიკურია.

ფაქტი ერთია, მოკლე პერიოდში კურსის 20 პუნქტით გამყარება ნიშნავს იმას, რომ მთლად ჯანსაღ პროცესებთან არ გვქონდა საქმე, რის გამოც მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სერიოზული ზარალი იწვნია.

Share