Home » საზოგადოება » რატომ არღვევს „მაგთი“ მომხმარებლის უფლებებს?
რატომ არღვევს „მაგთი“ მომხმარებლის უფლებებს?

რატომ არღვევს „მაგთი“ მომხმარებლის უფლებებს?

“მაგთიფიქსის“ მომსახურებაზე ლიცენზიის შეწყვეტის საკითხის ირგვლივ ვითარების შესწავლისა და შესაბამისი ზომების გატარებისთვის, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში მიმართვა შევიდა.

მიმართვის ავტორია მომხმარებელთა ინტერესების საზოოგადოებრივი დამცველი კომუნიკაციების საკითხებში გვანცა ჩხეიძე.

როგორც უკვე ცნობილია, 17 ივნისს სატელეკომუნიკაციო მომსახურების კომპანია „მაგთიკომს“ ერთ-ერთ პროდუქტზე, კერძოდ „მაგთი ფიქსის“ სერვისზე ლიცენზია შეუწყდება. ლიცენზიის ვადის ამოწურვის შემდეგ კომპანია დაახლოებით 111 430 აბონენტს, მათ შორის საზღვრისპირა სოფლების მოსახლლეობას, აღნიშნული სერვისით ვეღარ მოემსახურება.

M2B-მ გაარკვია, რატომ არ სურს „მაგთის“ ლიცენზიის გახანგრძლივება და რა შემთხვევაში დაირღვევა 100 ათასზე მეტი მომხმარებლის უფლება?

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომიის განცხადებით, დაახლოებით 3 თვის განმავლობაში ლიცენზიის ვადის გაგრძელებისთვის „მაგთიკომს“ ის სხვადსხვა გამოსავალს სთავაზობდა და მზად იყო მთელ რიგ დათმობებზე წასულიყო, თუმცა, კომპანიამ ყველა შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

„კომისიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქეს ჰქონდეს სატელეფონო მომსახურებებზე შეუზღუდავი წვდომა, სწორედ ამიტომ შევთავაზეთ კომპანია „მაგთიკომს“ მათთვის მისაღები პირობის გათვალისწინებით გაეგრძელებინათ CDMA ლიცენზიით სარგებლობა, თუმცა კომპანიამ იმ მიზეზით, რომ აღნიშნული სერვისი მათთვის მომგებიანი არ არის ჩვენს შეთავაზებებზე უარი განაცხადა“, – ნათქვამია განცხადების ტექსტში.

აღნიშნულის პასუხად „მაგთიკომმა“ გაავრცელა განცხადება, იმ გარემოებების შესახებ, რასაც მაგთი ფიქსის მომსხურების შეწყვეტის გადაწყვეტილება ეფუძნება. მისი განცხადებით, მიუხედავად კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან არა ერთი კონსულტაციისა, ლიცენზიის გაგრძელების კანონიერი შესაძლებლობა ვერ მოინახა.

„სამწუხაროდ, გავლილი კონსულტაციების საფუძველზე, ასეთი შესაძლებლობა (კანონიერი) გამოირიცხა. შესაბამისად, მაგთიკომი იძულებული გახდა, მიეღო გადაწყვეტილება მაგთი ფიქსის მომსახურების შეწყვეტაზე, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის გამო“, – წერია „მაგთიკომის“ განცხადებაში.

საკითხის კომენტირებისთვის M2B მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს კომუნიკაციების საკითხებში გვანცა ჩეიძეს დაუკავშირდა. იგი ადასტურებს, რომ „მაგთი ფიქსის“ სერვისის გაუქმებით „მაგთიკომი“ მომხმარებელთა უფლებებს დაარღვევს.

„მომხმარებელთ ინტერესების დაცვიდან გამომდინარე, აღნიშნული საკითხის შესწავლისა და შესაბამისი ზომების გატარებისთვის მივმართეთ კომუნიკაციების კომისიას და პროცესი დაწყებულია. გამოიკვეთა გარემოება, რომ მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი, ვინც „მაგთი ფიქსით“ სარგებლობს, რჩება ალტერნატიული მომსახურეობის გარეშე და ეს ცალსახად მათი უფლების დარღვევას წარმოადგენს“, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, არც ერთი აბობონენტი არ დარჩეს სატელეფონო კომუნიკაციის გარეშე“, – უთხრა M2B-ს გვანცა ჩხეიძემ.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ანალიტიკური პორტალის მონაცემებით, გასული წლის მარტის მონაცემებით, კომპანიას 153,207 აბონენტი ჰყავდა. 2018 წლის ბოლოს მაგთი ფიქსის მომხმარებლების რიცხვი 121,463-მდე შემცირდა. 2017 წლის ბოლოს მათი რიცხვი 168,548 იყო.

 

M2B.GE
Share