Home » ბიზნესი » რატომ არ მცირდება საწვავის ფასი საქართველოში
რატომ არ მცირდება საწვავის ფასი საქართველოში

რატომ არ მცირდება საწვავის ფასი საქართველოში

კონკურენციის სააგენტოს უმოქმედობამ საწვავის ბაზარი სრულ განუკითხაობამდე მიიყვანა

ხანმოკლე ფასის მატების შემდეგ, უკვე ერთი თვეა მსოფლიოში ნავთობის ფასი ეცემა. უფრო კონკრეტულად კი თუ გასულ თვეს ერთი ბარელი WTI -ის ტიპის ნავთობი 72 დოლარად ივაჭრებოდა, დღეს ერთი ბარელი 65 დოლარამდეა დაცემული. თუმცა მსოფლიო ბაზარზე ფასების მსგავს შემცირებას, მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია ადგილობრივ საწვავის ბაზარზე. ერთი თვის მონაკვეთში ადგილობრივ ბაზარზე ფასები 3 ჯერ დაკორექტირდა და დღეს ერთი ლიტრი პრემიუმის ტიპის ბენზინის ღირებულება 2.52 ლარს აღწევს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საწვავის ფასი ბოლო წლების მაქსიმუმზეა, როგორც ეკონომისტები მიიჩნევენ, აღნიშნული ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, საწვავის ფასი სამომხმარებლო პროდუქტების ფასზეც მოახდენს გავლენას. აფბას ვიცე – პრეზიდენტის, პაატა ბაირახტარის შეფასებით, დღეს ბაზარზე სრული განუკითხაობაა და ბრენდირებული კომპანიები კოლოსალური მარჟებით საქმიანობენ.

„ჩვენს ბაზარზე საწვავის ფასის ზრდა ნამდვილად იყო გამოწვეული გლობალური პროცესებით, უფრო კონკრეტულად კი გასულ თვეში ნედლი ნავთობის ფასი 65$-72$ -მდე გაიზარდა, რამაც ცხადია გავლენა იქონია „პლაცსის“ ფასზეც და ჩვენს საცალო ქსელშიც გაძვირდა საწვავი. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ბაზარზე საწვავის გაძვირება ბრენდირებულმა კომპანიებმა, იმაზე ადრე დაიწყეს, ვიდრე ნავთობის ფასი მატებას დაიწყებდა. ქართულ ბაზარზე ფასების ზრდის ტენდენცია 2 თვეზე მეტია მიმდინარეობს და ამ დროში ფასები 15-16 თეთრით არის მომატებული. თუმცა გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასის მატება ფსიქოლოგიურ და ტექნიკურ ფაქტორებს უკავშირდებოდა და ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა. კონკრეტულად კი ნავთობის ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა აშშ პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებამ მოახდინა, რომლის მიხედვითაც, ამერიკა ირანს უპრეცენდენტო სანქციებს დაწესებით დაემუქრა, რომელიც უფრო ხისტი იქნებოდა, ვიდრე 2012 – 2015 წლების დროს მოქმედი სანქციები. შეგახსენებთ, რომ ირანი დღეს ნავთობის ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია, სხვადასხვა მონაცემებით, დღეს ირანი 24 საათის განმავლობაში 1-დან 3 მილიონ ბარელამდე ნავთობის ექსპორტს ახორციელებს, რაც გლობალური ბაზრებისთვის მნიშვნელოვანი ოდენობაა, ამ მოცულობის ნავთობის მიწოდების შეწყვეტა მის ღირებულებაზე, სერიოზული გავლენას იქონიებს.

ბირჟებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ოპეკის აპრილის შეთანხმებამაც, აპრილის თვეში “ოპეკმა” შეამცირა ნავთობის მოპოვება 2016 წლის ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით 2,03 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში, რითაც 172%-ით შეასრულა ვენის შეთანხმება, რაც რეკორდული მაჩვენებელია. სწორედ აღნიშნულმა გარემოებებმა გამოწვია მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასის მატება, რომელიც თითქმის მყისიერად აისახა ჩვენს ადგილობრივ ბაზარზეც. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ნავთობის ფასზე მოქმედი ფაქტორები ფსიქოლოგიური იყო, ხოლო ოპეკმა გარკვეულწილად უარი თქვა, მოპოვების შემცირების, შეთანხმების გაგრძელებაზე და რუსეთთან მოპოვების გაზრდაზე მოლაპარაკებები დაიწყო. საუბარია დღეში 1 მლნ ბარელამდე მოპოვების გაზრდაზე. ინფორმაციამ მყისეიერი ზეგავლენა იქონია ბირჟებზე და ბარელის ფასი უკვე 3 კვირაზე მეტია მცირდება, თუმცა თუ ფასების ზრდის შემთხვევაში, ჩვენს ბაზარზე ეს ყველაფერი უმალ აისახა, სულ სხვა სიტუაციაა ახლა, როდესაც მსოფლიოში ნავთობზე ფასების მნიშვნელოვნად მცირდება ადგილობრივ ბაზარზე ფასები კვლავ უცვლელია“, – ამბობს ბაირახტარი.

ბაირახტარმა ქართულ ბაზარზე არსებულ არაჯანსაღ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საწვავის ბაზარზე შქმნილ მძიმე მდგომარეობას, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კონკურენციის სააგენტოს უმოქმედობა.

„უკვე თითქმის ერთი თვეა, რაც მსოფლიოში ნედლი ნავთობის ფასი მცირდება ამან ასახვა ჰპოვა „პლაცსის“ ფასზე, თუმცა ეს ჩვენს ბაზარზე ჯერ არ ასახულა. კომპანიების მხრიდან ვისმენთ უსუსურ თავის მართლების მცდელობას თითქოს რაღაც მარაგების ამოწურვას ელოდებიან, მაგრამ სად იყო ეს მარაგები მაშინ როდესაც მსოფლიოში ფასები იზრდებოდა ნავთობზე ?! დღეს საწვავის ბაზარზე, იმაზე მძიმე მდგომარეობა გვაქვს კონკურენციის თვალსაზრისით, ვიდრე ეს იყო 2015 წლამდე. როდესაც კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. კომპანიები სრულიად უმართავები არიან და არ ემორჩილებიან არანაირ ეკონომიკურ და გლობალურ პროცესებს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ რამდენიმე კომპანიის კარტელურ „თამაშებს“ ეწირება საქართველოს ყველაზე მოწყვლადი ფენა რომელთა, ისედაც მძიმე სოციალურ ფონს, ხელოვნურად გაძვირებული საწვავი კიდევ უფრო აუარესებს, იმდენად რამდენადაც, საწვავის ფასის ცვლილება ავტომატურად იწვევს ფასთა ცვლილებას მთელს სამომხმარებლო კალათაზე. დღეს ამ ბაზარზე სრული ვაგხანალიაა და ამ ყველაფერზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება კონკურენციის სააგენტოს, რომელიც თავისი უმოქმედობით, პრაქტიკულად მწვანე შუქს უნდებს კომპანიების თვითნებობას, ამის ნათელი მაგალითი იყო სააგენტოს წინა ხელმძღვანელობის პერიოდში გამოწერილი ჯარიმის 18 -ჯერ შემცირება, ახალი ხელმძღვანელობის პირობებში“,-აცხადებს ბაირახტარი.

მსოფლიო ბაზარზე ფასების შემცირებას არ უარყოფენ ნავთობიმპორტიორთა კავშირშიც და აცხადებენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე ფასების შემცირება დამოკიდებული იქნება შემდგომში განვითარებულ პროცესებზე.

„საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე  „S&P Global Platts“- ის  მიხედვით მარტის თვიდან დღემდე  გაზრდილია საშუალოდ 90 – 100 დოლარით/ტონაზე, ბენზინის შემთხვევაში 600$ – დან 700 დოლარამდე, დიზელის საწვავის შემთხვევაში 560 დოლარიდან 645 დოლარამდე. ფასების მატებამ პიკს მაისის თვეში მიაღწია, როდესაც ბენზინის საშუალო ფასმა თვის განმავლობაში შეადგინა 730 დოლარი/ტონაზე, ხოლო დიზელზე 680 დოლარი/ტონაზე. შესაბამისად, ჩვენს საცალო ქსელშიც მოხდა ფასების მატება სხვადასხა ოპერატორის მიერ სხვადასხვა მოცულობით. ივნისის თვეში ბოლო შვიდი დღეა, რაც ბენზინის ფასი „S&P Global Platts“- ის   მიხედვით შედარებით კლებისკენ წამოვიდა  კერძოდ, ის მერყეობს 695-700 დოლარის/ტონაზე ფარგლებში. ხოლო დიზელის საწვავის ფასი შეადგენს  645-650 დოლარი/ტონაზე. ჩვენს საცალო ქსელში ფასების სამომავლო ტენდენციები დამოკიდებული იქნება უახლოეს კვირების განმავლობაში საერთაშორისო ფასი, როგორ ტრენდს შეინარჩუნებს ვინაიდან სამომავლოდ იმპორტის განხორციელების დროს კომპანიები შესაბამისი ფასებით იხელმძღვანელებენ“,- აცხადებენ ნავთობიმპორტიორთა კავშირში.

ზაზა ხორბალაძე

Share