Home » საზოგადოება » რატი აბულაძე – საზოგადოების მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ  ფონს გააჩნია „პოლიტიკური ღირებულება“
რატი აბულაძე - საზოგადოების მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ  ფონს გააჩნია „პოლიტიკური ღირებულება“

რატი აბულაძე – საზოგადოების მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ  ფონს გააჩნია „პოლიტიკური ღირებულება“

გლობალურ სამყაროში, ქვეყნებს შორის ეკონომიკურ უთანასწორობას განაპირობებს სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა და „სიძლიერე“, რაც გამოიხატება ქვეყანაში არსებული რესურსების ეფექტიანად მართვაში.

კვლევები ადასტურებს, რომ ქვეყნის განვითარებას განაპირობებს სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერე – პოლიტიკური და სოციალური სისტემები, რომელიც ვითარდება მთავრობისა და ხალხის ურთიერთქმედებით.

აღსანიშნია, რომ სწორედ ძლიერი სახელმწიფო ინსიტუტები ქმნიან „თამაშის წესებს“, რომელიც:

  • სტიმულირებს ბაზარს, ბიზნესს, ხალხს, ინოვაციას;
  • განსაზღვრავს წარმოებისათვის საჭირო ეკონომიკურ სტიმულებს;
  • აფართოებს საერთაშორისო ვაჭრობას;
  • იზიდავს ინვესტიციებს და ქმნის კაპიტალდაგროვების შესაძლებლობებს. ხელმისაწვდომს ხდის კაპიტალურ რესურსებს;
  • „იმედისმომცემი“ პოლიტიკით სტიმულირებს საზოგადოების აქტივიზაციას;

ქვეყნის განვითარების ხელშემშლელი ფაქტორებიდან აღსანიშნია გეოგრაფიული, სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ფაქტორები (ცუდი მართვა, პოლიტიკური არასტაბილურობა, კორუფცია). ასევე, განიხილება ეკონომიკური ფაქტორები (საგარეო ვალის მომსახურებაზე გადახდილი თანხები აკლდება პროექტებს), ბუნებრივი რესურსების სიმცირე და ეკოლოგიური ფაქტორები. საქართველოს მოცემულობაში, აღნიშნული ფაქტორებიდან გამოვყოფ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფაქტორს .

არსებითია აღინიშნოს, რომ საქართველოს, რეგიონში, უკეთესი ზრდის ტემპი აქვს ვიდრე მეზობელ ქვეყნებს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენ გაცილებით მეტი პოტენციალი გვაქვს, ვიდრე მათ. ამიტომ, თუ მათთვის კონკრეტული ზრდის მაჩვენებელი დიდი მიღწევაა, ჩვენი ქვეყნისათვის ასეთი მოცემულობა მხოლოდ „დამაკმაყოფილებლად“ შეიძლება შეფასდეს.

ამიტომ, აღნიშნულ სტატიაში, არ მოვახდენ უწყებების მიერ წარმოდგენილი შთამბეჭდავი მონაცემების ტირაჟირებას, რადგან ერთგვარი დისბალანსია შთამბეჭდავ მონაცემსა და არსებულ რეალობას შორის. ქვეყანაში სიღარიბე ჯერ კიდევ დაუძლეველია.

გასათვალისწინებელია, რომ სამსახურის და ფულის შოვნის შესაძლებლობების გარეშე მოსახლეობა სიღარიბისკენ მიექანება. საქართველოში საკმარისი რესურსია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ცხოვრების საბაზისო მდგომარეობა და ოჯახის აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილება შეძლოს. თუმცა, სამწუხარო რეალობა კი ცხადყოფს, რომ რესურსებთან წვდომის პრობლემის გამო ოჯახები სიღარიბიდან თავს ვერ აღწევს. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში სიღარიბე „ერთგვარ სასჯელად“ იქცა.

სიღარიბის დაძლევა და სიმდიდრის შექმნა დამოკიდებულია ერთის მხრივ სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების განხორციელებაზე, მეორეს მხრივ ბიზნესის მიერ პროდუქტისა და მომსახურების შექმნასა და ვაჭრობაზე. ვაჭრობა დამოკიდებულია ინფრასრტუქტურის არსებობაზე, ინფრასტრუქტურის შექმნას განაპირობებს ინვესტიციები. ინვესტიციების მოზიდვის პირობებს კი ქმნის სახელმწიფო ინსტიტუტები. ჯამში, ყოველივე აღნიშნულის მამოძრავებელია პოლიტიკური და მმართველობითი რესურსი.

ჯამში, არსებული მოცემულობა ლეგიტიმურ კითხვებს ბადებს: ქვეყანაში ხელს რა უშლის ძლიერი პოლიტიკის შექმნას? რატომ გვაქვს სიღარიბე? რა აფერხებს ეკონომიკის განვითარებას? ვის არ აწყობს ცვლილებები? ფაქტია, რომ ყოველივე აღნიშნულის პასუხი უნდა ვეძებოთ არა გარე ძალებში არამედ შიდა პოლიტიკაში.

დაბოლოს, ყველამ კარგად იცის, რომ ახალი კადრი, ახალი რესურსი და ახალი პოლიტიკური ძალა ყოველთვის უკეთ მუშაობს. ამასთან, მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოებაც, რომ საზოგადოების მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ  ფონს „პოლიტიკური ღირებულება“ გააჩნია. რაც ხელს უშლის ყოველივე ახლის – ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებას.

ეკონომიკის დოქტორი

რატი აბულაძე

Share