Home » მსოფლიო » რას უქადის საპარლამენტო არჩევნები პოლონეთში ქვეყნის დემოკრატიას და ეკონომიკას
რას უქადის საპარლამენტო არჩევნები პოლონეთში ქვეყნის დემოკრატიას და ეკონომიკას

რას უქადის საპარლამენტო არჩევნები პოლონეთში ქვეყნის დემოკრატიას და ეკონომიკას

პოლონეთი საპარლამენტო არჩევნების წინ

2019 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება პოლონური პოლიტიკისთვის. გაზაფხულზე ევროპარლამენტის, ხოლო შემოდგომაზე შიდა საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული, რომელიც ერთგვარი შეაჯამება იქნება ხელისუფლების 4 წლიან მოღვაწეობას.

მმართველი პარტია „სიმართლე და სამართლიანობა“ (პოლონური შემოკლებული ვერსია პისPrawo i Sprawiedliwość) თავის რეიტინგს ჯერჯერობით სტაბილურად ინარჩუნებს. პარტიას 2015 წლის საპარლამენტო არჩევნებზე  მხარდაჭერა ამომრჩეველთა 38%-მა გამოუცხადა, ორმა პარტიამ კი ვერ გადალახა მინიმალური საარჩევნო ზღვარი, რამაც პის-ს („სიმართლე და სამართლიანობა“) საპარლამენტო უმრავლესობა მოაპოვებინა. გამოკითხვების მიხედვით, პარტიის რეიტინგი ამ ეტაპზე 37-42%-ის ფარგლებშია.

პის-ი პირველი პარტიაა პოლონეთის ისტორიაში, რომელიც ქვეყანას  დამოუკიდებლად, საპარლამენტო კოალიციის გარეშე მართავს და ცდილობს ამომრჩეველზე მიცემული დაპირებების შესრულებას. ეს პროცესი პოლონეთისთვის სიახლეა, რადგანაც კრიზისის დროს ყოველთვის არსებობდა სამთავრობო წრეებში არგუმენტი, რომ „ხმა მოგვეცით ჩვენ, თუ არადა მოვა პის-ი და დაიწყებს რუსეთთან ომს“, რაც არ გამართლდა. თუმცა საკითხავია, მართლაც, ამ 3 წლის მანძილზე რა ცვლილებები მოახდინა მმართველმა პარტიამ და ამავდროულად, რა საშუალებებით.

პის-მა შეასრულა ორი მნიშვნელოვანი დანაპირები: დაწია საპენსიო ასაკის ზღვარი (67 წლიდან 65 წელი მამაკაცებისთვის, 60 წელი ქალებისთვის) და ასევე, გაატარა რეფორმა 500+, რაც 500 ზლოტიან (დაახლოებით 135$) ყოველთვიურ დახმარებას გულისხმობს ყოველ მეორე და შემდეგ ბავშვზე დაბადებიდან სრულწლოვან ასაკამდე. ამ რეფორმის განხორციელება ტექნიკურად არ აღმოჩნდა რთული, შესაბამისად ბიუროკრატიული პროცესები ქვეყანაში არ გაზრდილა, თუმცა რეფორმამ არც განსაკუთრებული შედეგები მოიტანა ჯერჯერობით. სტატისტიკის თანახმად, ბავშვთა შობადობა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა ბოლო 2 წლის განმავლობაში, თუმცა საგრძნობლად იკლო სიღარიბის მაჩვენებელმა ბავშვებში. რაც შეეხება საპენსიო ასაკის კლებას, მან შეიძლება ეკონომიკური პროცესების შენელება გამოიწვიოს მომავალში, თუმცა მმართველ პარტიას რეფორმის კრიტიკოსების არ ეშინია, რადგან არგუმენტს, რომ „წინა ხელისუფლების დაშვებული შეცდომების გამო ხდება ასე“ კვლავაც აქტიურად იყენებს. საბოლოო ჯამში, ორივე რეფორმა ბიუჯეტიდან დიდი თანხების გადინებას იწვევს, ამიტომ მათი ეფექტი მწვავე დისკუსიის საგანია როგორც საზოგადოებაში, ასევე პოლიტიკურ წრეებში.

მნიშვნელოვანი და ხმაურიანი პროცესი წამოიწყო მმართველმა პარტიამ სასამართლო სისტემაში, როცა მოსამართლეებს კომუნისტური სასამართლოს ნაშთები უწოდა და ისინი მორალის კრიზისსა თუ კასტულ სოლიდარობაში დაადანაშაულა. რიტორიკა, რასაც პის-ი აღნიშნული რეფორმის განხორციელების დროს იყენებდა და იყენებს, ნამდვილად ვერ მოიტანს დადებით შედეგს. ამ ფაქტს კი ოსტატურად იყენებენ ოპოზიციური ძალები, თუმცა ხანდახან მათი არგუმენტები ნამდვილად რომ გადაჭარბებულია. აი, მაგალითად: „პოლონეთში ავტორიტარიზმი მძვინვარებს“, „კაჩინსკი ჰიტლერის პოლიტიკური მემკვიდრეა“ ან და „კაჩინსკი მეორე ერდოღანია“. ეს სლოგანები ისმის ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციებზე, სადაც ძირითადად 80-იანი წლებიდან მოყოლებული, აქციების მოყვარული პროლიბერალი საზოგადოება შეინიშნება. დღევანდელი პოლონეთის მემარცხენე ოპოზიციური ძალები მხოლოდ მოსახლეობის ემოციებით თამაშობენ და ვერ ახერხებენ ვერც სწორ ოპონირებას და შესაბამისად, ვერც დაკარგული რეიტინგის აღდგენას. ამასობაში კი პოლონეთი  ბიუროკრატიული პროცესის ქარცეცხლშია გახვეული. მაგალითად, 2016 წელს  მიღებული იქნა 32 000 გვერდიანი ახალი სამართლებრივი რეგულაციები, რაც ქვეყანას ევროპაში პირველი ადგილის სტატუსს ანიჭებს, განვითარებული შვედეთი კი ამ რეიტინგში 56-ე ადგილზეა. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს რეფორმას, მასზე მუშაობა 2018 წელს 7-ჯერ განახლდა და ჯერაც არ დასრულებულა.

სამთავრობო ხელისუფლების გამორჩეულ წევრს, სკანდალური რეფორმების ინიციატორ, იუსტიციის მინისტრს, ზბიგნიევ ჟიებროს 2018 წელს ყველაზე რადიკალურად განწყობილ ელექტორატთან მოუწია ურთიერთობა. მიზეზი კი მინისტრის ინიციატივაში მდგომარეობდა: დასჯადი უნდა ყოფილიყო ყველა პირი, ვინც პოლონეთის ტერიტორიაზე არსებულ საკონცენტრაციო ბანაკებს პოლონური საკონცენტრაციო ბანაკის სახელით მოიხსენიებდა, რაც მოგეხსენებად უტოპიაა და მასზე კონტროლი თითქმის შეუძლებელია. რეფორმამ გამოხმაურება ისრაელშიც ჰპოვა. იყო ბევრი კამათი, დისკუსია, კითხვები თუ ვის და როგორ უნდა გაეცა სანქცია ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში. საბოლოოდ და საბედნიეროდ, პოლონეთის მთავრობამ ინიციატივა უკან წაიღო.

ზემოაღნიშნულმა მიმდინარე პროცესებმა პოლონეთსა და ევროკავშირს შორის კონფლიქტი უფრო და უფრო გააღვივა, რომელიც თავის მხრივ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ნაკლებად ცივილიზებურად მიიჩნევს და ასეც წარმოაჩენს თავისი საზოგადოების წინაშე. ამ თეზას ამძაფრებს და თავისებურად ადასტურებს კიდეც რამდენიმე დღის წინ ქალაქ გდანსკში მომხდარი ტრაგედია, სადაც საქველმოქმედო კონცერტის დროს სცენაზე ქალაქის მერი პაველ ადამოვიჩი იქნა მოკლული. დასავლეთის მედიაში ამ მოვლენამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა, წერდნენ რომ მოკლული იქნა ქალაქის გამორჩეული მერი, რომელიც უმცირესობების უფლებებს აქტიურად იცავდა და ამ საკითხში მმართველ პარტიას ოპოზიციაში ედგა. ჯერჯერობით მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა მკვლელმა, რომელიც რამდენჯერმე გასამართლებული იყო ფინანსური ინსტიტუტების ყაჩაღობის ფაქტზე და დადასტურებულია, რომ აქვს შიზოფრენიის დიაგნოზი, ჯერ კიდევ სცენაზე ყოფნის დროს, მოახერხა და მიკროფონშივე განუცხადა საზოგადოებას, რომ ციხეში ყოფნის დროს ის ხშირად იყო შევიწროებული და დისკრიმინირებული იმ დროინდელი მთავრობის, ახლა უკვე ოპოზიციაში მყოფი პარტია „სამოქალაქო პლატფორმის“ მიერ. ადამოვიჩი 2015 წლამდე პარტიის „სამოქალაქო პლატფორმა“ გამორჩეული წევრი იყო. ის მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებამდე 3 თვით ადრე გამოეთიშა პარტიას და კენჭი დამოუკიდებელი კანდიდატის სახელით იყარა.

მოქმედი მთავრობის სახელს უკავშირდება სხვა ხმაურიანი რეფორმებიც, ისეთები როგორიცაა: კვირა დღეს ვაჭრობის ეტაპობრივი აკრძალვა, სამეურნეო მიწების გლეხებზე მიყიდვის შეზღუდვა, ასევე ცხოველის ქურქის წარმოების შეჩერებაზე დაწყებული დისკუსია. რომ არა ეს რეგულაციები, მმართველ პარტიას 2019 წლისთვის შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობის 2/3 მოპოვებაზეც კი ეფიქრა, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით ეს მიზანი უკვე რთულად წარმოსადგენია. პრემიერი მორავიეცკი ააანალიზებს რა დაშვებულ შეცდომებს, ცდილობს გამოასწოროს არსებული მდგომარეობა. მაგალათისთვის, 2018 წლისთვის ორჯერ შემცირდა მიღებული რეგულაციების რიცხვი 2016 წელთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ის კონტროვერსიული პროექტები, რომლის განხორციელებაც პის-ს სურდა ბოლო წლების განმავლობაში, უკან მიაქვს საზოგადოებაში გამოწვეული პირველივე პროტესტის შემდეგ, რაც ხელისუფლების მხრიდან ერთგვარი კომპრომისია.  თუმცა, ჩნდება კითხვები, რამდენად შეძლებს მმართველი ძალა ამომრჩეველში კვლავ ენთუზიაზმის გაღვივებას და ისევ 4 წლიანი ლეგიტიმაციის მოპოვებას.

მარჩინ ხმიელ

პოლონელი პოლიტოლოგი

Share