Home » ბლოგი » რას მოუტანს სისტემის ჩამოშლა ქვეყანას და მის ეკონომიკას
რას მოუტანს სისტემის ჩამოშლა ქვეყანას და მის ეკონომიკას

რას მოუტანს სისტემის ჩამოშლა ქვეყანას და მის ეკონომიკას

მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციები გრძელდება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლების მხარდასაჭერად საპროტესტო აქციები გრძელდება. აქციის ორგანიზატორია ერთ–ერთი გარდაცვლილის მამა ზაზა სარალიძე, რომელსაც აქციების ორგანიზებასა და წარმართვაში ეხმარება უფლებადამცველი და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ზვიად კუპრავა და ენმ–ს ახალგაზრდული ფრთა. საზოგადოება მხარს უჭერს პროტესტს, რადგან ყველას მიაჩნია, რომ მკვლელობის საქმე სათანადოდ არ იქნა გამოძიებული და ადეკვატური განაჩენი არ დადგა. თანდათან პროტესტი ერთ–ერთი პარტიის – ,,ნაცმოძრაობის“ ღონისძიებად გარდაიქმნა და მის დასასრულს ბოლო არ უჩანს. პროტესტი ვერც იმან დააცხრო, რომ თანამდებობიდან გადადგა გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და ხელისუფლებამ პირობა დადო საქმის ობიექტურად და სრულყოფილად გამოძიების.

აქციის მთავარი მოთხოვნაა სისტემის დანგრევა, თუმცა ორგანიზატორები არ აზუსტებენ, რას გულისხმობს ტერმინი სისტემა. ჩვენ, მოქალაქეებმა და ქვეყნის გულშემატკივრებმა თავად უნდა გავარკვიოთ, რა იგულისხმება ცნება – სისტემის მიღმა.

არსებითად, ოპოზიციის ნაწილის მიზანი სხვადასხვა ორატორების მიერ არაერთგზის გაჟღერდა. განმარტებებიდან და განცხადებებიდან უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი გულისხმობს პროკურატურის და სასამართლო სისტემის სრულ დემონტაჟს არეულობის პირობებში და არა მის რეფორმირებას. ფართო გაგებით, სისტემა მოიცავს არამარტო მართლმსაჯულებას, არამედ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედუნარიანობის ლიკვიდაციას, რასაც ქვეყანაში გარდაუვალად მოჰყვება ქაოსი და განუკითხაობა. ამის თაობაზე აქციებს მიერთებული პოლიტიკოსები არ საუბრობენ და მრავალმნიშვნელოვნად დუმან. რამდენიმე განცხადება კი გაკეთდა, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილის მიზანია მთავრობის და ხელისუფლების ჩამოშლა. ანუ ,,ნაციონალური რევანშის“ ტრუბადურები ცდილობენ შვილმკვდარი მამების ტრაგედია თავიანთი დესტრუქციული მიზნებისთვის გამოიყენონ.

სამართლიანობის აღსრულების მოსურნე, უკმაყოფილო მოქალაქეების პროტესტი, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საზოგადოება მხარს უჭერს შვილმკვდარი მამების პროტესტს და არა ,,ნაციონალური რევანშის” მომხრეებს, რომ საზოგადოების უმრავლესობა სამართლიანობის აღდგენის და დამნაშავეთა სათანადოდ დასჯის უპირობო მომხრეა, მაგრამ კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ მიზნით დესტაბილიზაციისა და ქაოსის შექმნას ქვეყანაში, რომლის შედეგი იქნება საქართველოს სახელმწიფოებრიობის ეჭვქვეშ დაყენება.

მიუხედავად ამისა, ,,ქართული ოცნების“, პოლიტიკის შედეგად მმართველმა ძალამ დაკარგა კონტაქტი საზოგადოებასთან, შეწყდა დიალოგი და ხელისუფლება ძირითადად ივანიშვილის მიერ პოლიტიკოსებად დანიშნული გამოუცდელი ადამიანების ჩაკეტილ, რეალობისგან მოწყვეტილ ჯგუფად იქცა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ზომიერმა და გონიერმა უმრავლესობამ უნდა დაუშვას დესტაბილიზაცია, ქაოსი და არეულობა ქვეყანაში. შესაძლო გამოსავლად მოჩანს აზრი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ, რომელიც ამ დღეებში მედიაში ჟღერდა (პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე, პოლიტიკოსი გიგი უგულავა და სხვები).

კიდევ ერთი კითხვაა სადღეისოდ პასხუხგაუცემელი: რა ზეგავლენას მოახდენს სისტემის დანგრევა ეკონომიკაზე. ეკონომიკა სისტემის ნაწილია, ჩვენი 5%–იანი მშპ–ს ყოველწლიური ზრდა ადამიანების ღირსეულ ყოფაზე არანაირად არ აისახება, სოციალური ფონი მძიმეა, ინვესტიციები მოკრძალებული, ჩვენი სამეზობლო და რეგიონი ფეთქებადსაშიში. ასეთ ვითარებაში სისტემის დანგრევისკენ და არა მისი რეფორმირებისკენ მოწოდებები ანტისახელმწიფოებრივია და ამის თაობაზე საუბარი ჩვენ წამყვან მედიაში არ არის, მათ შორის იმ მედიაშიც, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებს პირდაპირ ან ირიბად. ასე რომ, მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო რაგინდარა სამართლიანი მოთხოვნების მქონე აქციების მსვლელობისას. შვილმკვდარი მშობლების მიმართ ყურადღება სამართლიანი სამართლის აღსრულებით უნდა იქნას მიღწეული და არა მათი დამანგრეველი პროცესების მიმართულებით გამოყენებით.

ეკონომიკას სისტემის და ხელისუფლების ჩამოშლის პირობებში სრული კოლაფსი ელის…

დღეს საქართველოში არასახარბიელო ვითარებაა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ არსებობს სხვა მაგალითები, როცა საქართველოზე არანაკლებ მცხოვრები ქვეყნები და ხალხები ნანგრევებში მოყოლილან, ხოლო მათი მთავარი ქალაქები ნაცარტუტად ქცეულა, თუნდაც სირია – ჰოლმსი, ალეპო, დამასკო და სხვა.

ასე რომ, მეტი გონიერება ქართველებო!

ბექა ციხისელი

Share