Home » ეკონომიკა » რას გულისხმობს სიღარიბესთან ბრძოლის ექსპერიმენტული მიდგომა
რას გულისხმობს სიღარიბესთან ბრძოლის ექსპერიმენტული მიდგომა

რას გულისხმობს სიღარიბესთან ბრძოლის ექსპერიმენტული მიდგომა

მსოფლიო მასშტაბით არსებობს სიღარიბესთან ბრძოლის მთელი ინდუსტრია – გაეროს, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მრავალი საქველმოქმედო ფონდების პროგრამები. მაგრამ, უზარმაზარმა ფინანსურმა ნაკადებმა ღარიბ ქვეყნებში ჯერჯერობით ვერ შეძლეს სიღარიბის აღმოფხვრა. პირიქით, ისინი კორუფციის და სხვაზე დამოკიდებულების პროვოცირებას ახდენენ. ღარიბი ქვეყნებისათვის გამოყოფილი ფული ელიტების ხელში ხვდება, რაღაც ნაწილი განვითარების ინსტიტუტებში რჩება და კონკრეტულ ოჯახებამდე არ მიდის.

ჩვენი პლანეტის ყოველი მეათე მცხოვრები ღარიბია. სიღარიბე აზიანებს ნაციის ჯანმრთელობას, შრომის უნარიანობას და სამეცნიერო პოტენციალს, აცარიელებს ხაზინას, ახდენს დესტაბილიზაციას, სახელმწიფოებს ხელს უშლის გამდიდრებაში, მშვიდობიან და ნორმალურ ცხოვრებაში – პრობლემა ცნობილია. ამ საკითხის მკვლევართა რიცხვი დიდია, მაგრამ არ არის მეცნიერული პასუხი კითხვაზე ეფექტურად როგორ დაიხარჯოს სიღარიბის შესამცირებლად გამოყოფილი თანხები. ადრე გადაწყვეტილებას იღებდნენ თვითონ ფილანტროპები, მდიდარი ქვეყნების – დონორების პოლიტიკოსები ან იმ ღარიბი ქვეყნების მმართველები, რომლებიც დახმარებას იღებენ. უკეთეს შემთხვევაში ისინი ბრმად მოქმედებენ, უარეს შემთხვევაში – პოლიტიკური მოსაზრებით. კრემერმა გადაწყვიტა ხარჯვის ეფექტიანობა ექსპერიმენტალური გზით დაედგინა. კენიის მაგალითზე მან დაადგინა 1 დოლარიან დახმარებაზე რა იძლევა უკეთეს უკუგებას.

სიღარიბესთან ბრძოლა – ასევე არაეფექტურ ღონისძიებებზე ფულის ხარჯვაზე უარი თქმაა. წამლის მოქმედების ეფექტიანობის შემოწმება კლინიკაში გამოცდისას ვლინდება, მაგრამ რომ განისაზღვროს სოციალური პოლიტიკის რომელ ზომებს მოაქვს რეალური სიკეთე და რომელს – არა, ამის დადგენა რთულია. თუ ჩვენ არ ვიცით ვაკეთებთ თუ არა კარგს, მაშინ არ ვართ უკეთესი, ვიდრე შუასაუკუნეების ექიმები და მათი წურბლები.

გასული საუკუნის 90-იანი წლების შუა პერიოდში კრემერმა, ბანერჯიმ და დუფლომ პირველად დაიწყეს სოციალური ინოვაციების ტესტირება პრაქტიკაში, რათა მეცნიერულად დასაბუთებული გადაწყვეტილებები ყოფილიყო შეთავაზებული. მათ მოახერხეს სიღარიბის მიზეზების არა მარტო დიაგნოსტიკა, არამედ მათი პირამიდაში წარმოდგენა – რა თანმიმდევრობით იქნება მიზანშეწონილი მათი გადალახვა კონკრეტული ოჯახისათვის, დასახლებისთვის, რეგიონისა თუ ქვეყნისათვის. 25 წლის შემდეგ ექსპერიმენტალური მეთოდი დომინირებს განვითარების ეკონომიკაში, ხოლო მთავრობებმა და ორგანიზაციებმა დახურეს ბევრი არაეფექტური პროგრამა.

ბიზნესსა და ტექნოლოგიებში ტარდება ექსპერიმენტი, პოულობენ ყველაზე ეფექტურ ხერხს და პრაქტიკაში ნერგავენ მას. რატომ არ შეიძლება იგივე გავაკეთოთ სოციალურ პოლიტიკაში? ექსპერიმენტები ხანდახან მოულოდნელ შედეგებს იძლეოდა. ასე, ღარიბების განათლებაზე ფული ხარჯვის შედეგების შესწავლისას გამოვლინდა, რომ სუბსიდიების ტრადიციული მიმართულებები – დამატებითი მასწავლებელი, უფასო სადილი, სასკოლო ფორმა და სტიპენდია – აფართოებს განათლებაში ჩართულთა რიცხვს. მაგრამ, ყოველ დაბანდებულ დოლარის ეფექტიანობა 15-ჯერ მეტი აღმოჩნდა, როცა იგივე ფული დახარჯული იყო ინფორმაციულ კამპანიაზე, რომელიც ახსნიდა განათლების სარგებლიანობას და უპირატესობას. და 10-ჯერ მეტი თუ იგივე სახსრები დაიხარჯებოდა პარაზიტებთან ბრძოლაზე, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით აფერხებს ბავშვების ფიზიკურ და კოგნიტურ განვითარებას, ზღუდავს განათლებაში პროგრესს და აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას. ამ ექსპერიმენტამდე თავში არავის მოსვლია აზრი ბავშვების მუცელში პარაზიტებთან ბრძოლა განათლების ხარჯებში პრიორიტეტული გამხდარიყო. მაგრამ როგორც კი შედეგების შესახებ შეიტყვეს დავოსის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე სასკოლო ასაკის 20 მილიონი ბავშვისთვის გამოიძებნა თანხები.

რა დაამტკიცეს ლაურეატებმა

ლაურეატებმა შექმნეს მეთოდიკა, რომელიც შეაფასებს სიღარიბესთან ბრძოლას საველე კვლევების დახმარებით. მათ ეკონომიკაში დანერგეს მედიცინაში გამოყენებული მიდგომა: “პაციენტები” იყოფიან 2 ჯგუფად – ერთი ექსპერიმენტული, მეორე – საკონტროლო. მიღებული შედეგები ერთმანეთთან შედარდება. სიახლე, რომელმაც საქმეში აჩვენა თავისი ეფექტიანობა, ახალ მასშტაბს იძენს. ამ მეთოდმა მთლიანად შეცვალა განვითარების ეკონომიკა.

პირველად მათ ინდოეთში შეამოწმეს რა ამაღლებს სკოლაში განათლების დონეს: სახელმძღვანელოების შეცვლა, სწავლების სხვა ხერხი, თუ გაუმჯობესებული კვება. მაქსიმალური ეფექტი აჩვენა ჯგუფმა, რომელშიც ჩამორჩენილ ბავშვებს ეხმარებოდნენ დაწეოდნენ კლასელებს, თუ მათ რაღაც ვერ გაიგეს ან გამოტოვეს მასალა. ამის შემდეგ ინდოეთის მთავრობამ მასობრივად შეიტანა სკოლაში სწავლების კორექციული პროგრამები ჩამორჩენილებისთვის.

კენიაში ცდილობდნენ მიხმარებოდნენ ფერმერებს: თესვის დროს სასუქი მიყიდეს 50%-იანი ფასდაკლებით, თუმცა ფერმერებმა იგნორირება გაუკეთეს ამ შეღავათს. როგორც აღმოჩნდა თესვის დროს მათ თავისუფალი თანხები აღარ დარჩათ. მოსავლის აღების შემდეგ კი ისინი მზად იყვნენ შეეძინათ სასუქი შეღავათის გარეშეც.

კენიაში შეაფასეს თუ რამდენად ეფექტურად იხარჯებოდა მეცენატების მიერ გაცემული თანხები მოსწავლეთა დახმარებისათვის. როგორც აღმოჩნდა გაუნათლებლობის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა ჭიების საწინააღმდეგო საშუალებების მიღება. ამათ გამო ბავშვები ცუდად დადიან სკოლაში და უარესად სწავლობენ. ერთ მოსწავლეზე წელიწადში მხოლოდ 3.5 დოლარის დახარჯვით შეიძლება ცოდნის დონის ამაღლება. სხვა საკითხია როგორ მოვახდინოთ ღარიბთა სტიმულირება. კოღოს საწინააღმდეგო ბადე ვაჩუქოთ, თუ მივყიდოთ მინიმალურ ფასად? როგორც აღმოჩნდა უფრო ხშირად ბადეს იყენებდა ის, ვინც მასში ფულს იხდის. ნაყიდი ნივთი მისთვის უფრო ღირებულია.

“სიღარიბესთან ბრძოლის ისტორია სავსეა წარმატებებით. უკიდურესი სიღატაკის დონე მკვეთრად შემცირდა, 1 წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობა 2-ჯერ შემცირდა, სასკოლო განათლება მცირე ასაკის ბავშვებისათვის თითქმის საყოველთაო გახდა. მაგრამ, ამჟამად გვაბრკოლებენ იდეები, რომლებიც არ მუშაობენ, მაგალითად, ინდოეთის ერთ პროვინციაში ლობიოს დახმარებით ვაქცინაციის დონე 1%-იდან გავზარდეთ 40%-მდე, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ფართო მოცვა”, – ამბობს დუფლო.

როგორაა აგებული ექსპერიმენტები

ამა თუ იმ ღონისძიების სარგებლიანობა საიმედოდ რომ გავზომოთ საჭიროა კვლევები ჩატარდეს ველზე (რეალურად). შემთხვევითობის პრინციპით განვითარებადი ქვეყნების სხვადასხვა ადამიანებს ეძლეოდათ “სიღარიბის წამალი” – კოღოს საწინააღმდეგო ბადეები და კონტრაცეპტივები. რამდენიმე წლის შემდეგ მკვლევარებმა ნახეს შედეგი: რამდენად შემცირდა მალარიით დასნებოვნების და არასასურველი ფეხმძიმობის შემთხვევები. ასეთი მიდგომა გამოიყენებოდა ყველაფერზე, რათა გაეგოთ თუ ყველაზე უფრო რომელი “წამალი” ამცირებს სიღარიბეს.

მაგალითად, როცა მათ კვლევა დაიწყეს ინდოეთის ერთ-ერთ შტატში, ბავშვების მხოლოდ 1% -ს ჰქონდათ ვაქცინაცია ჩატარებული, მიუხედავად იმისა, რომ იგი უფასო იყო. მობილური კლინიკების გაშვების შემდეგ ვაქცინაცია გაიზარდა 18%-მდე და 39%-მდე სოფლებში, სადაც ოჯახები ბონუსის სახით იღებდნენ 1 ტომარა ოსპის. ან სხვა მაგალითი, როცა მკვლევარებმა კენიაში ჩაატარეს ექსპერიმენტი სკოლებში მოსწრების ამაღლების მიზნით. სკოლების ერთმა ჯგუფმა მიიღო მეტი სახელმძღვანელოები, მეორემ – უფასო კვება, მესამემ – დახმარება სწავლაში ჩამორჩენილი მოსწავლეებისთვის. საუკეთესო შედეგი მოკლევადიან პერიოდში აჩვენა რეპეტიტორობის პროგრამამ. ასეთივე ექსპერიმენტი ჩატარდა ჯანმრთელობის დაცვაში, კრედიტების ხელმისაწვდომობასა და ახალ ტექნოლოგიების დანერგვაში.

სიღარიბის მასშტაბის კორექტულად გაზომვის და სოციალური პოლიტიკის ღონისძიებათა შემუშავება, მიმართული მისი აღმოფხვრისკენ – განვითარების ეკონომიკის საგნობრივი სფეროა. ლაურეატებმა ამ სფეროში მეთოდოლოგიური გადატრიალება მოახდინეს, როცა აქტიურად გამოიყენეს ექსპერიმენტული მიდგომა.

თავისი საველე ექსპერიმენტების დიზაინის დამუშავებისას ისინი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ყველაზე დაბალ დონეზე დაეშვნენ, როცა სიღარიბე მიკროეკონომიკური და მიკროეკონომეტრიკული პრიზმის ჭრილში განიხილეს. საკმარისია ვნახოთ მათ მიერ განხილული საკითხები: სამედიცინო დაზღვევაზე წვდომას და მიკროფინანსირებას შორის კავშირი; განათლების დონე, ფერტილობა და ბავშვთა სიკვდილიანობა; სასკოლო თვითმმართველობა, სტიმულები მასწავლებლებისათვის და სწავლების შედეგიანობა. 2017 წელს ესტერ დუფლომ გამოაქვეყნა ესსე “ეკონომისტი როგორც წყლის გამტარი მილი” სადაც განხილულია თანამედროვე ეკონომისტ-მკვლევარის როლი: თუ ეკონომისტი იღებს გამოწვევას და გავლენას ახდენს საქმის რეალურ მდგომარეობაზე, იგი ზოგადი რეკომენდაციებით არ უნდა შემოიფარგლონ, არამედ დეტალებში ჩაუღმავდეს საქმეს. იგი განიხილავს მაგალითს, როცა მაროკოს ერთ დასახლებულ პუნქტში მარტივმა გადაწყვეტამ – წყალმომარაგებაში ჩართვის დოკუმენტაციის ადგილზე (სახლში) გაფორმებით მუნიციპალიტეტში მისვლის ნაცვლად წყლის მილის მომხმარებელთა რიცხვი თითქმის 6-ჯერ გაზარდა. არსებითი პრობლემების დასმის და გადაწყვეტის გარდა მათ ხელი შეუწყვეს სპეციფიკური ინსტრუმენტალური მეთოდების სრულყოფას და პოპულარიზაციას, რომლებიც საველე ექსპერიმენტების შედეგების დამუშავებისას გამოიყენება: განსხვავებაში სხვაობათა შეფასების მეთოდი, რეგრესიული მოდელები წყვეტადი დიზაინით. უნდა აღინიშნოს მათი მაკროეკონომიკური კვლევები, რომლებიც განუყოფელადაა დაკავშირებული სიღარიბესთან ბრძოლასთან, ასე ფოკუსირებულია არათანაბარ განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის პრობლემებთან.

ვინც ვერ დაარწმუნეს

რომ აეხსნათ ღარიბი ქვეყნების ეკონომიკის ფუნქციონირების თავისებურებანი, მკვლევარებმა ჩაატარეს 800-მდე საველე კვლევა სხვადასხვა სფეროში სასმელ წყალზე წვდომიდან დაწყებული მიკროდაფანსებამდე. ლაბორატორიას 400 შტატიანი თანამშრომელი ჰყავს 7 ოფისში, გარდა ამისა მათთან თანამშრომლობს 181 პროფესორი. სპონსორებს შორისაა უმსხვილესი მეცენატები, მათ შორისაა ბილ გეიტსი.

მაგრამ, როგორც ნობელის კომიტეტმა აღიარა, ლაურეატების მიღწევებს ყველა არ აღიარებს. 2016 წელს ბრიტანელმა ეკონომისტმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა ანგუს დიტონმა ეჭვი გამოთქვა იმის შესახებ, რომ ახლანდელი ლაურეატების კვლევების შედეგები შეიძლება ექსტრაპოლირებული იქნეს: “იმის დემონსტრაცია, რომ წამალი მუშაობს ერთ სიტუაციაში, ძალიან სუსტი არგუმენტია იმის, რომ იგი ისევე იმუშავებს სხვა ადგილას”. გასულ წელს 15-მა წამყვანმა ეკონომისტმა (მათ შორის 3 ნობელის პრემიის ლაურეატია) გამოაქვეყნა სტატია, სადაც ლაურეატების მეთოდს ბრალი დასდეს, რომ ეს მეთოდი ავიწროებს ჩვენს ხედვას ადგილობრივ დონეზე მიკროჩარევამდე, რომლებიც მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში იძლევიან შესამჩნევ შედეგებს.

მიღებული შედეგები როგორ შეიძლება გამოვიყენოთ საქართველოში

ჩვენ ქვეყანაში სოციალური პროგრამის შეფასება რანდომიზირებელი ექსპერიმენტების საშუალებით არ ხდება, რაც ცუდია – ეს დაახლოებით ისეთივე ჩამორჩენაა ტექნოლოგიური თვალსაზრისით, როგორც ჩინოვნიკებს მობილური ტელეფონით სარგებლობა რომ ავუკრძალოთ. ცხოვრება გაგრძელდებოდა, მაგრამ ეფექტიანობა შემცირდებოდა.

თუმცა, ასეთი მიდგომა გათვლილია ძალიან ღარიბ ქვეყნებზე და შედეგს იძლევა განვითარების დიდი დეფიციტის შემთხვევაში. მაგრამ, ზოგი რამ ჩვენთანაც შეიძლება იქნეს გამოყენებული. ჩვენს ქვეყანაში სამთავრობო ორგანოები მიჩვეული არიან იმუშაონ არა კონკრეტულ ღარიბებთან, არამედ საზოგადოების მსხვილ ჯგუფებთან – დაეხმარონ ყველა ბავშვებიან ოჯახებს, ყველა ხანდაზმულს და ა.შ. ადრესული სოციალური დახმარება ჯერ-ჯერობით ძნელად ინერგება. საქსტატის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 20% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, რაც 740 ათასი კაცია. ფაქტიურად ყოველი მე-5 მცხოვრები ღარიბია.

სიღარიბის 2-ჯერ შემცირება შესაძლებელია ადრესული და კონტროლირებადი სოციალური პოლიტიკის შემთხვევაში. სიღარიბის შემცირების ერთი ასეთი მიდგომა შეიძლება გახდეს სოციალური კონტრაქტი, როცა ასეთი კონტრაქტი იდება სახელმწიფოსა და მცირე შემოსავლიან ოჯახებს შორის, რომლებიც აქტიურად ცდილობენ სიღარიბის დაძლევას. ისინი მიიღებენ მნიშვნელოვან მატერიალურ მხარდაჭერას სამუშაოზე მოწყობის ვალდებულების სანაცვლოდ: გაიაროს სწავლების კურსი ან მიიღოს ახალი პროფესია, გაიუმჯობესოს დამხმარე მეურნეობა, დაიწყოს საკუთარი საქმე.

მერაბ ჯულაყიძე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – “თსუ-ს” ეკონომეტრიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი

Share