Home » ბიზნესი » რას გულისხმობს პრივატიზაციის ახალი პოლიტიკა
რას გულისხმობს პრივატიზაციის ახალი პოლიტიკა

რას გულისხმობს პრივატიზაციის ახალი პოლიტიკა

150 მილიონი ლარის 117 საპრივატიზაციო ობიექტი, რომელმაც 2500 სამუშაო ადგილი უნდა შექმნას

საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი ქვეყნისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრივატიზაციის პროცესის სწრაფი და ეფექტური განხორციელება, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ობიექტების გასხვისება და ეკონომიკურ ბრუნვაში მათი მეტად ინტეგრირებული ჩართვა. აღნიშნული პროცესი ეკონომიკურ ზრდას საგრძნობლად უწყობს ხელს. ამასთან, საყოველთაოდ ცნობილია, რომ კერძო სექტორი გაცილებით უკეთ მართავს მის ხელთ არსებულ რესურსებს.

საქართველოში პრივატიზაციის ტემპები მაინცდამაინც მაღალი არ არის. ყველა ხელისუფლების პირობებში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით, თუმცა სერიოზული გარღვევები არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით ბენდუქიძის დროს გასხვისებულ სხვადასხვა ობიექტებს, რომლის ეკონომიკურ პოლიტიკასაც თავისი დროზე როგორც მოწინააღმდეგეები, ასევე მომხრეებიც გააჩნდა.

თუკი გადავხედავთ ბოლო წლების მონაცემებს, დავინახავთ, რომ 2016 წელს, სახელმწიფომ პრივატიზაციისგან მიღებული თანხის გეგმად 225 მილიონს დაისახა. ამ წელს გეგმა გადაჭარბებით, 109.5%-ით შესრულდა და სახელმწიფომ ნაცვლად 225 მილიონისა, 249.2 მილიონი მიიღო. რაც შეეხება 2017 წელს, პრივატიზაციისგან მისაღებ შემოსავალ თანხად 90 მილიონი ლარი განისაზღვრა. მართალია ეს რიცხვი გაცილებით ჩამოუვარდება წინა წლის მაჩვენებელს, თუმცა ეს გეგმა 2017 წელს გადაჭარბებულად, 108.5%-ით შესრულდა მიღებულმა შემოსავალმა 97.6 მილიონი ლარი შეადგინა. ეს უშუალოდ ის პერიოდია, როცა გიორგი გახარია ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა. საინტერესოა თუ როგორ გაგრძელდა ეს ტრენდი 2018-2019 წლებში. 2018 წელს პრივატიზაციისგან სახელმწიფომ 101 მილიონი ლარი მიიღო, გეგმაზე 1 მილიონი ლარით მეტი, ხოლო 2019 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით კი, ჯამში სახელმწიფომ პრივატიზაციისგან 68.9 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. მიმდინარე წლის გეგმა კი 70 მილიონ ლარს შეადგენს.როგორც მონაცემებიდან ჩანს, ტრენდი მზარდია, თუმცა მას მასშტაბური ხასიათი არ აქვს და სახელმწიფოს საკუთრებაში კიდევ უამრავი ქონება გააჩნია, რომელიც ფაქტობრივად დაკონსერვებული და უფუნქციოა. შესაბამისად პრივატიზაცია უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პრივატიზაციის პროცესი საკმაოდ დიდი დაკვირვებით უნდა წარიმართოს, რათა არ მოხდეს სახელმწიფო ქონებების იმ ინვესტორებზე გასხვისება, რომლებიც სამომავლოდ ვერ შეძლებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.

Black Friday ეკონომიკის სამინისტროსგან

როგორც ჩანს, ქვეყნის სახელისუფლებო წრეებში საბოლოოდ მიხვდნენ, რომ დაკონსერვებული სახელმწიფო ქონება ქვეყნის ეკონომიკისთვის ვერანაირი შედეგის მომტანი ვერ იქნებოდა და პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო ქონების პროაქტიული პრივატიზება დაიწყო, რომლის მიზანსაც ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვა და დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს. პირველ ეტაპზე 100 საპრივატიზაციო პროექტი გამოიტანეს აუქციონზე, ეს ყველაფერი სიმბოლურად პარასკევს 29 ნოემბერს, ანუ მსოფლიოში ცნობილ სავაჭრო დღეს, Black Friday–ს დაემთხვა.

ჩვენს ეკონომიკას სჭირდება მეტად უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდა, სწორედ ამიტომ გადავდგით ჩვენ ეს ნაბიჯი და სწორედ ამიტომ ყველა ის აქტივი განსაკუთრებით სახელმწიფო საკუთრებაში, რომელიც არსებობს, რომელიც სრულად არაა ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაში, ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაცოცხლოთ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესისთვის 100 საპრივატიზებო საინვესტიციო შეთავაზების შესახებ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი არის სამუშაო ადგილების რაოდენობა, განათლება, უსაფრთხოება და რა თქმა უნდა ყველაფერი ერთად უნდა გვაძლევდეს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას.

“პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ეკონომიკის სამინისტროს, საკმაოდ ეფექტური და სწრაფი მუშაობისთვის, იმისთვის, რომ მათ უკვე შეძლეს და შემოგვთავაზეს ფაქტობრივად 100 საინვესტიციო პროექტი. ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ დღევანდელი დღიდან ხელმისაწვდომი იქნება არანაკლებ 100 საინვესტიციო პროექტი, რომელსაც შემოგვთავაზებს სახელმწიფო იმისთვის, რომ ბიზნესმა უფრო ეფექტურად შეძლოს ოპერირება. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის სამუშაო ადგილების რაოდენობა, განათლება, უსაფრთხოება და რა თქმა უნდა ყველაფერი ერთად უნდა გვაძლევდეს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გაიმეორებ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა არის დამოკიდებული კერძო სექტორზე. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ძირითადი კომპონენტი არის კერძო ბიზნესი და მთავრობას სრულად აქვს გააზრებული მისი ფუნქცია, შეუქმნას კომფორტული გარემო იმისთვის, რომ ქართული ბიზნესი იყოს უფრო ძლიერი, შექმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი, ჰქონდეს უფრო მეტი მოგება და უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზრებზე. სწორედ ამიტომ გავაკეთეთ ჩვენ ეს შეთავაზება, სწორედ ამიტომ ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას და ვპირდებით ბიზნესს, რომ ყოველთვის ამ პროექტში არ იქნება 100-ზე ნაკლები საინვესტიციო შეთავაზება. დღეის მდგომარეობით დაახლოებით არის 117, რომლის საერთო საინვესტიციო ღირებულება გახლავთ 150 მილიონი, მაგრამ ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების რაოდენობა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყველა განხორციელებული პროექტი, რომელიც იქნება ბიზნესთან ერთად, თანამშრომლობაში სახელმწიფოს მხრიდან ეფექტურად განხორციელებული, ჩვენ დავაფიქსირებთ იმ სამუშაო ადგილების რაოდენობას, რომელსაც ბიზნესი აიღებს თავის თავზე ვალდებულებას, რომ შექმნის”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ.

ინფორმაცია საპრივატიზებო ქონების შესახებ განთავსებულია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებულ საპრივატიზებო რუკაზე, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს, გაეცნოს სხვადასხვა საინვესტიციო შეთავაზებას და დაინტერესების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონში.

საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა მოიცავს ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას და მოიცავს თბილისსა და საქართველოს 45-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტს. საპრივატიზებო ნუსხაშია სამრეწველო ობიექტები, სასაწყობო და სატბორე მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და დეველოპერებისთვის საინტერესო სხვა სახელმწიფო ქონება. პარალელურად დაანონსდა ისიც, რომ უახლოეს მომავალში მთავრობა აუქციონზე წყნეთის აგარაკებსაც გამოიტანს.

პრივატიზაცია როგორც ეკონომიკის მაცოცხლებელი

პრივატიზაციის დაჩქარებულ პროცესთან დაკავშირებით, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი აცხადებს, რომ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მისასალმებელია. ამასთან, მისი აზრით, დადებითი ტენდენციაა, რომ ეკონომიკის სამინისტრო სახელმწიფო ქონების გასხვისების კუთხით გააქტიურდა.

“დღეს საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ეკონომიკის ზრდის ტემპები. ვფიქრობ, ყველა ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლების მხრიდან გადაიდგმება, სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, ეკონომიკის სწრაფი ტემპით განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ხელთ არსებული ქონებები, კერძო სექტორის ხელში აღმოჩნდეს და მაქსიმალურად ჩაერთოს ეკონომიკურ აქტივობაში. დღესდღეობით უამრავი ქონება, შენობა-ნაგებობები, მიწები და სხვა მნიშვნელოვანი აქტივები პრაქტიკულად დაკონსერვებულია. არაერთი კონკრეტული მაგალითის მოყვანა შეიძლება, სადაც კერძო სექტორის ხელში არსებული ქონება ბევრად პროდუქტიულად არის გამოყენებული, ვიდრე სახელმწიფოს საკუთრებაში “ჩარჩენილი” აქტივები.

გარდა ამისა, აუცილებლად მინდა ვახსენო ერთი ყბადაღებული ფრაზა, რომ სახელმწიფო გაცილებით, ცუდი მენეჯერია, ვიდრე კერძო ბიზნესი. დიახ! ეს ასეა. ცხადია, დეტალურ განხილვაში არ შევალ, თუმცა, კონკრეტული ფაქტებით შემიძლია ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს ეს ჭეშმარიტება დავუმტკიცო.

აქედან გამომდინარე, მივიჩნევ, რომ აქტიური და არ მოვერიდები ამ სიტყვის თქმას, აგრესიული პრივატიზაცია არის სწორი გზა. შესაბამისად, პირადად ჩემთვის დადებითი სიგნალია ამ კუთხით ხელისუფლების გამოცოცხლება და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა”, – განაცხადა გვიდიანმა.

გიორგი კაპანაძე

Share