Home » ეკონომიკა » რას გულისხმობს ანტიდემპინგური კანონი და რატომ გახდა მისი მიღება აუცილებელი
რას გულისხმობს ანტიდემპინგური კანონი და რატომ გახდა მისი მიღება აუცილებელი

რას გულისხმობს ანტიდემპინგური კანონი და რატომ გახდა მისი მიღება აუცილებელი

რას გულისხმობს ანტიდემპინგური კანონი და რატომ გახდა მისი მიღება აუცილებელი

თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკაში, პროტექციონიზმი ახალ ფენომენს აღარ წარმოადგენს.  თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპების ყველაზე ერთგული ამერიკისთვისაც კი, პროტექციონისტული პოლიტიკა ტრამპის მმართველობის პირობებში უკვე კარგად აპრობირებული მექანიზმია. კარგი მაგალითია ევროკავშირიც, სადაც სპეციალურად ჩამოყალიბებული საკმაოდ მძლავრი ინსტიტუციები მოქმედებენ დემპინგური ფასების გამოსავლენად, კერძოდ ევროკომისია არის პასუხისმგებელი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაზე. პრაქტიკა აჩვენებს, რომ მიუხედავად გლობალიზაციისთვის დამახასიათებელი ტენდენციებისა, რომელიც ვლინდება ერთი მხრივ ქვეყნებს შორის  სავაჭრო ბარიერების მოხსნაში, ხოლო მეორე მხრივ სავიზო რეჟიმების გაუქმებაში, ვაჭრობაში დაცვითი ღონისძიებების გატარება არა მარტო გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის არის საჭირო, არამედ მსოფლიოს ლიდერი ეკონომიკებისთვისაც, რომლებიც აქტიურად ახორციელებენ სხვადასხვა ღონისძიებებს შიდა წარმოების მხარდასაჭერად.

პროტექციონისტული პოლიტიკის ერთ-ერთი ეფექტური მექანიზმი და მიმართულება ანტიდემპინგური კანონმდებლობაა. სწორად შემუშავებულ ანტიდემპინგურ კანონზეა დამოკიდებული ოპტიმალური ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ვაჭრობის ლიბერალიზაციისა და ზომიერი პროტექციონიზმის ერთგვარი ნაზავია. ჩენს შემთხვევაში ანტიდემპინგური კანონი კიარ შეგვიზღუდავს ვაჭრობას სხვა ქვეყნებთან, არამედ საჭიროების შემთხვევაში არაკეთილსინდისიერი მოთამაშეებისგან თავდაცვის შესაძლებლობას გვაძლევს.

მიუხედავად ამ კანონის საჭიროებისა, საქართველოს მსგავსი განვითარებადი ქვეყნისთვის ანტიდემპინგური კანონის მიღება გარკვეულ პრობლემებს წარმოშობს და ეს დაკავშირებულია ორ მნიშვნელოვან საკითხთან:

  • პირველი, რესურსების შეზღუდულობა, რაც იწვევს ჩვენი ეკონომიკის დამოკიდებულებას გლობალურ ბაზრებზე, აგრეთვე იმპორტდამოკიდებულება;
  • მეორე, გასაღების ბაზრების მცირე მასშტაბები, რაც ექსპორტზე ორიენტირებული სტრატეგიიდან გამომდინარე მოითხოვს ჩვენი საექსპორტო პროდუქტების აქტიურ რეკლამირებას მიზნობრივ ბაზრებზე;

საქართველოს უახლოეს წარსულში პრაქტიკული მაგალითები

ჩვენ შემთხვევაში მრავალი მაგალითი არსებობს, რა დროსაც სწორედ ამ კანონის არ არსებობის გამო ადგილობრივმა ინდუსტრიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიიღო. მაგალითად ერთადერთი შაქრის მწარმოებელი ქართული კომპანია „აგარის შაქარი“. 2017 წლის 1 ოქტომბრიდან ევროპის ქვეყნებს მოეხსნათ თეთრი შაქარის ექსპორტზე დაწესებული კვოტა, რამაც ახალი ტალღით გაზარდა საქართველოში, ევროპასთან 2016 წლიდან ამუშავებული თავისუფალი ვაჭრობის გამო ისედაც გაზრდილი, თეთრი შაქრის იმპორტის მოცულობა. თეთრი შაქრის მსოფლიო ბაზარზე მიწოდების ამ გაზრდამ განაპირობა ფასების გლობალური შემცირება მასზე. აგარის შაქრის მიერ წარმოებული თეთრი შაქარი კი იმპორტირებულს კონკურენციას ვერ გაუწევდა, რადგან შაქრის ნედლეულის ფასი მსოფლიო ბაზარზე არ შემცირდა თეთრი შაქრის ფასების ანალოგიურად, ხოლო ქარხნისთვის ნედლეულის გადამუშავების ხარჯები ცხადია იგივე დარჩა. რის გამოც საწარმოს მოუწია ფუნქციონირების შეჩერება და მის ირგვლივ გაშენებული დაბა, სადაც ამ ქარხანაში დასაქმებული ადამიანები ცხოვრობენ, დაახლოებით ხუთასამდე ადამიანი უმუშევარი დარჩა.

დემპინგურ ფასებთან გამკლავების პრობლემა აქვთ კვერცხისა და ფრინველის ხორცის ადგილობრივ მწარმოებლებს, ხორბლისა და ფქვილის ინდუსტრიას და ნებიმსიერი ბიზნესი შეიძლება დადგეს ანალოგიური პრობლემის წინაშე, თუ ვაჭრობაში დაცვითი ღონისძიებები არ იქნა დანერგილი.

რას გულისხმობს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კანონი

ანტიდემპინგური კანონის პროექტის შემუშავება და მთავრობის მიერ მისი მხარდაჭერა სიახლე არ უნდა იყოს საზოგადოებისთვის, ვინაიდან ჯერ კიდევ 2014 წლიდან, DCFTA-ის ამოქმედებიდან იყო ცნობილი, რომ სწორედ ამ ხელშეკრულების ერთ-ერთი თავი არეგულირებს ვაჭრობაში დაცვითი, ანტიდემპინგური და სუბსიდიების საწინააღმდეგო ზომების გამოყენების პირობებს. კერძოდ, მოცემული შეთანხმებით განსაზღვრულია, რომ დემპინგური იმპორტის, გადაჭარბებული იმპორტისა და სუბსიდირებული იმპორტის შემთხვევაში, მხარეებს უფლება აქვთ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის(ვმო) შეთანხმებებით გათვალისწინებული პროცედურებით გამოიყენონ ვაჭრობაში დაცვითი ზომები.

მთავრობის მიერ შემუშავებული კანონის მთავარი მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილება. მისი ძირითადი იდეა და არსი მდგომარეობს იმაში, რომ პირველ რიგში გამოვლინდეს დემპინგური ფასი და შემდეგ დადგინდეს მიზეზშედეგობრივი კავშირი დემპინგსა და იმ ინდუსტრიას შორის, რომელიც აცხადებს, რომ ზიანი მიადგა სწორედ დემპინგის გამო, რაც პროდუქტის თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად რეალიზებას გულისხმობს. სწორედ ამ მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენისა და დამტკიცების შემდეგ ერთვება სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების გაკოტრებისგან გადასარჩენად, რისთვისაც სპეციალურ ღონისძიებებს ატარებს, მაგალითად კვოტები იმპორტზე, ან სპეციალურ ანტიდემპინგურ ტარიფს დაუწესებს იმ შესწავლის ობიექტს, რომელიც ზიანს აყენებს ადგილობრივ ინდუსტრიას.

მნიშვნელოვანია საზოგადოებამ სწორად გაიაზროს, რომ ანტიდემპინგური კანონი  არ გულისხმობს ვაჭრობის შეზღუდვას, არამედ ის მხოლოდ დაცვითი მექანიზმია, რასაც მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი ეკონომიკა იყენებს. ამასთან, მთავრობა უფლებამოსილია, რომ არ გამოიყენოს ანტიდემპინგური ღონისძიება იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ღონისძიების შემოღება ზიანს მიაყენებს ეკონომიკის სხვა დარგს მთლიანად ან ნაწილობრივ, საქონლის მომხმარებლების ინტერესებს ან განპირობებული იქნება სახელმწიფო საჭიროებით.

შოთა გულბანი

„აფბას“ პრეზიდენტი

Share