Home » ბიზნესი » რამდენი სახელმწიფო საწარმო გვაქვს და რომელ სექტორებში ფუნქციონირებენ ისინი?
რამდენი სახელმწიფო საწარმო გვაქვს და რომელ სექტორებში ფუნქციონირებენ ისინი?

რამდენი სახელმწიფო საწარმო გვაქვს და რომელ სექტორებში ფუნქციონირებენ ისინი?

2018-2021 წლების ფისკალური ანალიზის დოკუმენტში, რომელიც საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონს ერთვის თან, ცალკე ქვეთავი ეთმობა სახელმწიფო საწარმოების ანალიზს.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „საქართველო სახელმწიფო საწარმოების ზედამხედველობისა და მენეჯმენტის გაძლიერების პროცესშია, რომელშიც მნიშვნელოვანი აქცენტი აღნიშნული საწარმოებიდან მომავალი ფისკალური რისკების შეფასებასა და რისკების მართვაზე კეთდება“.

სამინისტროს ინფორმაციითვე, სახელმწიფო საწარმოების ერთიანი რეესტრი მომზადდა სახელმწიფო სტრუქტურების, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და სხვა ადმინისტრაციული წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და რეესტრი მოიცავს ცენტრალური მთავრობისა და ადგილობრივი მთავრობების წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, რომლებიც კლასიფიცირდებიან, როგორც ფისკალური რისკების ანალიზისთვის მნიშვნელოვანი საწარმოები.

„ფისკალური რისკისთვის მნიშვნელოვან საწარმოთა რიცხვმა შეადგინა 286, რომელიც მოიცავს რიგი საწარმოების 50 შვილობილ კომპანიას. ამდენად, ფინანსურ მონაცემების კონსოლიდების შედეგად ანალიზი ეყრდნობა 236 სახელმწიფო საწარმოს მონაცემებს, ხოლო 50 შვილობილი კომპანიის მონაცემები დამატებითი ინფორმაციის სახით არის წარმოდგენილი.

წარმოდგენილი 236 სახელმწიფო საწარმოდან 159 ცენტრალური ხელისუფლების, ხოლო 77 ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაშია. 159 ცენტრალური ხელისუფლების მფლობელობაში არსებული საწარმოდან 100-ში სახელმწიფო წილის 100 პროცენტს, 29-ში 50 პროცენტიდან 100 პროცენტამდე, ხოლო 30 საწარმოში 50 პროცენტზე ნაკლების მესაკუთრეა“, – აღნიშნულია ფისკალური ანალიზის დოკუმენტში.

ამასთან, აღნიშნულ 159 საწარმოზე ზედამხედველობა შემდეგნაირად ნაწილდება:

111 საწარმო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მართვაში;

26 საწარმო – შექმნილი საპარტნიორო ფონდის წილობრივი მონაწილეობით;

3 საწარმო – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში;

5 საწარმო – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მართვაში;

7 საწარმო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მართვაში;

2 საწარმო – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მართვაში;

1 საწარმო – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მართავში;

1 საწარმო – იუსტიციის სამინისტროს მართვაში;

3 საწარმო – იურიდიული პირების მართვაში.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტების მფლობელობაში არსებულ სახელმწიფო საწარმოებს, 32 კომპანია არის თბილისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტების საკუთრებაში და მათი წილი მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული საწარმოების მთლიანი ბრუნვის 94 პროცენტზე მეტს შეადგენს.

სტატისტიკის ეროვნული სტატისტიკის ბიზნეს რეგისტრის ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო საწარმოები 12 სხვადასხვა სექტორში ფუნქციონირებენ. მათგან ნახევარზე მეტი ჯანდაცვის და სოციალური დახმარების, კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის და უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის სფეროებში ოპერირებს.

საწარმოთა ბრუნვის 31,4 პროცენტი ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორზე, 40,6 პროცენტი ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილების, ხოლო 18 პროცენტი ვაჭრობის ოპერაციებზე მოდის.

bm.ge

Share