Home » ფინანსები » რამდენად მზად არის საქართველო საპენსიო რეფორმისთვის
რამდენად მზად არის საქართველო საპენსიო რეფორმისთვის

რამდენად მზად არის საქართველო საპენსიო რეფორმისთვის

დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მანძილზე რეფორმა მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ნამდვილად ისტორიულია და შეუძლია სოციალური ფონის რადიკალურად შეცვლა. მისი უმთავრესი მიზანია პენსიონერების ღირსეული ფინანსური სიბერით უზრუნველყოფა და ეკონომიკის მხარდაჭერა საჭირო დროს ფინანსური ინტერვენციების განხორციელებით. ვინაიდან მისი მოქმედების შედეგებს ქვეყნის მოსახლეობა და ეკონომიკა ათწლეულების შემდეგ იგრძნობს, ურიგო არ იქნებოდა, რომ მთავრობას რეფერენდუმი ჩაეტარებინა და ამით გაემაგრებინა ზურგი მისი გადაწყვეტილების აუცილებლობის შესახებ.

რეფორმაში მონაწილეობა 40 წლამდე მოქალაქეებისთვის სავალდებულო იქნება. ეს საკითხი პოლემიკის საგანი გახდა, თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსგავსი კომპონენტი აღმოსავლეთ ევროპაში განხორციელებულ სხვა საპენსიო მოდელებშიც გვხვდება. ლიტვასა და პოლონეთში 30 წლამდე პირებისთვის არის დაზოგვა სავალდებულო, შედარებით მაღალია ბულგარეთში, სადაც ასაკობრივი ცენზი 42 წელია. სავალდებულო კომპონენტებია ბულგარეთში, ესტონეთში, უნგრეთში, პოლონეთში, ლატვიაში და რუმინეთში.

დასაქმებულების მიერ საპენსიო ფონდში შენატანები 5-6 %-ს შეადგენს, ხოლო ლატვიაში სულაც 8%-ია.
ძირითადი არგუმენტი, თუ რატომ უნდა იყოს დაზოგვა გარკვეულ ასაკამდე სავალდებულო, გამომდინარეობს მომავალზე ორიენტირებული მიდგომიდან, რომ ახალი თაობა მომავალში რაც შეიძლება ნაკლებად იყოს დამოკიდებული სოლიდარულ საპენსიო სისტემაზე და მათ საკუთარი პენსიის უზრუნველყოფა თავად შეძლონ. ამასთან, სოლიდარული საპენსიო სისტემის დატოვება და მნიშვნელოვანი ზრდა მაღალ ხარჯად დააწვება ეკონომიკას, ის ამოსავალი წერტილი, რასაც დაზოგილი თანხების წლიურმა საპროცენტო სარგებელმა მინიმუმ უნდა გადააჭარბოს, არის ინფლაცია. 2012-2017 წლებში ეკონომიკის ზრდასთან ერთად იზრდებოდა საშუალო თვიური ანაზღაურებაც. თუ საშუალო თვიური ხელფასი 2012 წელს 712 ლარი იყო, 2016 წელს 950 ლარი, უკვე 2018 წლის პირველი ხუთი თვის მონაცემების მიხედვით, 1106 ლარით განისაზღვრა, რაც 55 %-ით მეტია 2012 წელთან შედარებით, ანუ საშუალოდ წლიური ზრდა 11 %-ია.

ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ სიტუაცია – სოლიდარული პენსიის მოდელი რომ დაგვეტოვებინა. 2015 წელს ყველა ტიპის საპენსიო ხარჯმა შეადგინა მშპ-ს 5.2% და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 16%. რაც განვითარებადი ეკონომიკისთვის ძალიან მაღალია. საქსტატის მონაცემებით, საქართველოში, ასაკით პენსიონერთა რიცხვი 720 ათასს აღემატება, თუ მას დავუმატებთ შშმ პირებს და მარჩენალდაკარგულებს, ეს რიცხვი 880 ათასამდე იზრდება და აღემატება კონტრაქტით დასაქმებულთა რაოდენობას, რაც 700 ათასზე ნაკლებია. ასეთ ვითარებაში პენსიის რადიკალურად გაზრდა ბიუროკრატიის და სხვა არამიზნობრივი ხარჯების შემცირების ფონზე, რასაც ექსპერტთა ნაწილი მიუთითებს შესაძლებელია, მაგრამ გარკვეული ლიმიტით. საპროგნოზო მაჩვენებლების მიხედვით, 2030 წლისთვის ასაკით პენსიონერთა ოდენობა (შშმ პირების და მარჩენალდაკარგულების გარეშე), 950 ათასს მიაღწევს. შესაბამისად, ათი წლის შემდეგ, 300 ლარიანი პენსიისთვის საჭირო გახდება 3.4 მილიარდი ლარი. თუ გავითვალისწინებთ, რომ 180 ლარიან პენსიაზე დღეს 1.58 მილიარდი ლარი იხარჯება, ხარჯი გაიზრდება 2.2-ჯერ. სხვადასხვა გათვლებით რომ არ გაიზარდოს საპენსიო ხარჯების წილი მშპ-ში საჭიროა სულ მცირე 7%-იანი ეკონომიკური ზრდა. მართალია, 2017 წელს ზრდამ 5% შეადგინა, მაგრამ 2014-2016 წლებში საშუალო წლიური ზრდა 3.4 % იყო. უკვე 2006 წელს საპენსიო ხარჯი შეადგენდა 268 მილიონ ლარს მშპ-ს 1.95 %-ს, ხოლო 2015 წელს 1.3 მილიარდს და მშპ-ს 4.25%-ს. უახლოეს ათ წელიწადში არსებული ეკონომიკური ზრდის თუნდაც 5%- იანი ტემპის შენარჩუნებით, პენსიის თუნდაც 300 ლარამდე გაზრდაც კი გამოიწვევს საპენსიო ხარჯის მშპ-ს 5.3 %-მდე გაზრდას, ხოლო 500 ლარიანი პენსიის შემთხვევაში სულაც მშპ-ის 8.7 %-მდე ზრდას, რაც არის ძალიან მაღალი ხარჯვითი მაჩვენებელი. ეს კი ნიშნავს, რომ სულ უფრო ნაკლები თანხა დარჩება განათლებაზე, თავდაცვაზე თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც ისევ ეკონომიკურ ზრდაზე აისახება ნეგატიურად.

მოქალაქისთვის ინვესტირების თვალსაზრისით რეფორმა უნიკალურია, ვინაიდან მის მიერ ყოველთვიურად განხორციელებული მაგალითად 20 ლარიანი ინვესტიცია მას უმალ აძლევს 60 ლარიან უკუგებას, რაც დანაზოგების ზრდის კვალდაკვალ თანხების აკუმულირების საკმაოდ მიმზიდველი შესაძლებლობაა.

მიუხედავად ამ მიმზიდველობისა, უამრავი საკითხი რჩება, რაც რეფორმის სრული მასშტაბით და ეფექტით განხორციელებას შეუძლებელს ხდის. ეს კი დაკავშირებულია თავად საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურასთან და მის სისუსტესთან, რომელიც ჯერ მზად არ არის, მსგავსი მასშტაბის რეფორმის განსახორციელებლად. მნიშვნელოვანია რამდენიმე მათგანი გამოვყოთ, რაზეც მთავრობას ექნება სამუშაო შემდეგი ათწლეულების განმავლობაში. მაგალითად:

რეფორმა ეხებათ მხოლოდ დასაქმებულ ადამიანებს. ეს იმას ნიშნავს, რომ დაგროვებას შეძლებენ მხოლოდ ის ადამიანები, ვინც დასაქმებულები არიან კერძო ან საჯარო სექტორში. ისეთი კატეგორია როგორიცაა თვითდასაქმებული, რომელსაც საკუთარი მცირე ბიზნესი აქვს ან სოფლის მეურნეობაში არის ჩართული, პრაქტიკულად გამოთიუშულია რეფორმას, ვინაიდან მათ დამოუკიდებლად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საპენსიო ფონდში შენატანების განხორციელების შესახებ, რაც ნაკლებად სავარაუდოა. ასეთი კატეგორიის დასაქმებულები კი მთლიან უმუშევრობის მაჩვენებელში 50%-ზე მეტი წილით არიან წარმოდგენილი. გარდა ამისა თავად არსებული პენსიონერები ვერ ისარგებლებენ ამ რეფორმით და ისინი მხოლოდ სოლიდარულ საპენსიო მოდელზე იქნებიან დამოკიდებული.

რა ხდება სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში? ლოგიკურად ამ დროს ადამიანი წყვეტს დაგროვებას და აგრძელებს მაშინ, როცა ახალ სამსახურს იწყებს.

ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ შეგროვილი თანხები არ დაიკარგება ან ინფლაცია არ შეჭამს ან ზედმეტად გაბერილი ბიუროკრატიული ხარჯები? ამ საკითხებზე პასუხისმგებლობას სრულად იღებს საპენსიო სააგენტო, რომელიც სახელმწიფო უწყებაა და მის მიერ თანხების ბრუნვას და ინვესტირებას სრულად არეგულირებს კანონი. სააგენტომ მთავრობასთან ერთად მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ მოსახლეობაში ნდობის ფაქტორი აამაღლოს, რაც ამ ეტაპზე თითქმის არ არსებობს.

შოთა კორინთელი

Share