Home » ეკონომიკა » რამდენად მოაგვარებს ჭარბვალიანობის პრობლემას ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები
რამდენად მოაგვარებს ჭარბვალიანობის პრობლემას ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები

რამდენად მოაგვარებს ჭარბვალიანობის პრობლემას ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები

ბოლო წლებში ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად, მოსახლეობის ჭარბვალიანობა იქცა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მონაცემებით, კომერციულ ბანკებში დავალიანების მქონე მოსახლეობის სიჭარბით, საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა. სსფ ჯერ კიდევ 2013 წელს შეშფოთებას გამოთქვამდა, იმის თაობაზე, რომ საქართველოში კრედიტორთა უმრავლესობა, თითქმის ყოველი მესამე მსესხებელი საკუთარი შემოსავლის 50% -ზე მეტს იხდიდა საბანკო ტვირთის მომსახურებაში. სწორედ აღნიშნული პრობლემის დარეგულირებას ისახავს მიზნად ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია. “პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო”,  სწორედ ასე ეწოდება სებ-ის ახალ რეგულაციას, რომელიც მომდევნო თვიდან შევა ძალაში და რომლის მიხედვითაც, კომერციული ბანკები შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხებს ვეღარ გასცემენ. უფრო კონკრეტულად კი მომხმარებლების გადამხდელუნარიანობის, სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხის გაცემა იზღუდება. ახალი რეგულაციით, ბანკი ვეღარ გასცემს შესაძენი ბინის შეფასებული ღირებულების 50%-ზე მეტს, თუ მსესხებლის გადამხელუნარიანობის ანალიზი არ გააკეთა. რაც შეეხება სრულფასოვან ანალიზსს, მასში მოიაზრება, რომ ბანკმა მოახდინოს მსესხებელი/თანამსესხებელი პირის შემოსავლების, ხარჯებისა და ჯამური ვალდებულებების დეტალური ანალიზი. ასევე, მომხმარებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზისთვის, მსესხებელს მოუწევს კომერციულ ბანკში წარადგინოს საბანკო ანგარიშიდან სახელფასო ამონაწერი, შემოსავლების სამსახურიდან ცნობა და სხვა მსგავსი სანდოობის დოკუმენტაცია.

აღნიშნულ რეგულაციას კრიტიკულად აფასებენ ექსპერტები, როგორც ეკონომიკის დოქტორი, ირაკლი მაკალათია მიიჩნევს, რეგულაციას უფრო ფორმალური ხასიათი ექნება, ვიდრე პრაქტიკული.

“ეროვნული ბანკის ეს ნაბიჯი, ვფიქრობ, პოპულისტურია, ვინაიდან, ამ რეგულაციების მიხედვით, ადამიანმა უნდა წარადგინოს სახელფასო ცნობა სესხის დამტკიცებამდე. მაშინ, ჩნდება კითხვა, რა უნდა ქნან თვითდასაქმებულებმა? – ჩვენს ქვეყანაში თვითდასაქმებულთა რიცხვი სოფლად 80%-ია, ხოლო მთლიანად ქვეყნის მასშტაბით 60% . ისინი ვერ წარადგენენ თავიანთი ხელფასის ცნობას ან ფინანსურ დოკუმენტაციას. ეს ადამიანები განწირულები არიან, ვერ განავითარებენ თავიანთ ბიზნესს და ექნებათ პრობლემები. ხოლო მაღალი ხელფასის მქონე მოქალაქეების უმეტესობას არც აქამდე ჰქონდათ სესხის აღების საჭიროება და არც მერე ექნებათ. ამიტომ, ეს რეგულაცია მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითად აისახება მომხმარებლებზე”, – მიიჩნევს მაკალათია.

სებ-ის რეგულაციას უარყოფითად აფასებენ ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკებშიც”, ორგანიზაციის დამფუძვნებელი, გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ რეგულაცია უარყოფით შედგეს გამოიღებს და მსესხებელს ფინანსურ ტვირთს გაუზრდის.

“ადამიანი, რომელსაც შეეძლო წასულიყო და ბანკში აეღო სესხი, მოუწევს თანხა აიღოს სხვა საფინანსო ინსტიტუტში. ახალი რეგულაცია მოსახლეობას უზღუდავს წვდომას ფინანსებზე და ზრდის ხარჯებს იმიტომ, რომ სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან შედარებით ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე კომერციულ ბანკებს აქვთ. პროცენტი გაცილებით მაღალია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, საუბარი აღარაა კერძო მევახშეებზე, რომლებიც კაბალური პირობებით გასცემენ სესხებს. აქედან გამომდინარე მეეჭვება ამ რეგულაციამ ჭარბვალიანობის პრობლემა გადაჭრას, ზოგადად რომელი სექტორი ქმნის ჭარბვალიანობის პრობლემას? თუ ჭარბვალიანობის პრობლემა მოდის კომერციული ბანკებიდან, რა თქმა უნდა, შესაძლებებილია ეს გარკვეულწილად შემცირდეს. მოსახლეობის მხრიდან სესხზე მოთხოვნა არ შემცირდება, მაგრამ მიწოდება მოხდება არა კომერციული ბანკების მხრიდან, არამედ არაფორმალური სექტორის მიერ. ბანკს შესაძლოა უნდოდეს სესხის გაცემა, მაგრამ მას ახალი რეგულაცია შეზღუდავს”, – აცხადებს კეპულაძე.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ეკონომიკის დოქტორს, რატი აბულაძეს, რომელიც მიიჩნევს, რომ სებ-ის რეგულაციები, დროული და აუცილებელი იყო.

“რეგულაციების შემოღება განაპირობა საზოგადოების ჭარბვალიანობის, ვადაგადაცილებული სესხების, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სოციალურ პასუხისმგებლობასთან, დაკავშირებულმა პრობლემებმა. ასევე, ევროკავშირის დირექტივამ, მთავრობის ძალისხმევამ და ფინანსური ბაზრის მოწესრიგების საჭიროებამ.

რაც შეეხება რეგულაციის ავკარგიანობას, პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მოქალაქეების უფლებების დაცვის მიზნით გატარებული, ნებისმიერი ღონისძიება პოზიტიურია. მისასალმებელია, ასევე ევროკავშირის დირექტივის შესრულება, მისასალმებელია ფინანსთა მინისტრის ინიციატივები და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების, მოთხოვნების შემოღებაც. თუმცა მოსახლეობის მწირი შემოსავლების პირობებში, მას ექნება გარკვეული თანმდევი შედეგები და ეს შედეგები იქნება, დაკრედიტების მასშტაბების შემცირება, ფულის სესხების პრობლემები, რადგან გარანტირებული და “კარგი” შემოსავალი მოსახლეობის მცირე ფენას აქვს. ასევე ხაზგასასმელია, რომ არსებული მოცემულობით ისარგებლებს სხვა სეგმენტი საფინანსო ორგანიზაციების. სწორედ ამიტომ, რეგულაციით ბალანსი, რომ არ დაირღვეს სრული საფინანსო სექტრი, ერთიან კონტექსტში უნდა იქნას მოქცეული, ანუ არსებული რეგულაციები ერთიან საფინანსო სპექტრს უნდა შეეხოს (ლომბარდებს, მიკროსაფინასო ორგანიზაციებს). იმისათვის, რომ ქვეყანაში კიდევ უფრო არ გაიზარდოს (გაუზომავი) ჭარბავალიანობის მასშტაბი. საბოლოო შეფასებისთვის, შეიძლება ითქვას რომ, არსებული რეგულაციები არის ფინანსური გარემოს მორალურად მოწესრიგების პროცესი, რომელიც მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობაზე, მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს”,- აცხადებს აბულაძე.

 შოთა ხაფავა

Share