Home » მსოფლიო » რამდენად დიდია ჩრ. კორეის ეკონომიკა – ფაქტები არასწორი მონაცემების მიღმა

რამდენად დიდია ჩრ. კორეის ეკონომიკა – ფაქტები არასწორი მონაცემების მიღმა

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, 12 ივნისს გასამართი შეხვედრა დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის, იძლევა იმის შესახებ იმედის გამოთქმის საშუალებას, რომ ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკა დანარჩენი მსოფლიოსთვის საბოლოდ გახდება ღია.

ჩრდილოეთ კორეაში სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნება 1960 წელს შეწყვიტეს და 4 ათწლეულის განმავლობაში მხოლოდ მწირე ინფორმაცია მოდიოდა ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკური მონაცემების შესახებ. მონაცემები ძირითადად ყოველწლიური საბიუჯეტო ანგარიშების მიხედვით ხდებოდა ცნობილი.

2000 წელს, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ საერთოდ ამოიღო აბსოლუტური ციფრები და მას შემდგომ საკმაოდ უცნაური ყოველწლიური პროცენტული ცვლილების გამოქვეყნებით შემოიფარგლება სხვადასხვა სექტორებში.

ინფორმაციის ნაკლებობას მცირედით ავსებს ის მონაცემები, რომლებიც ფოტოების საშუალებითაა წარმოდგენილი. ფოტოები როგორც სატელიტების საშუალებით, ასევე სხვადასხვა ფოტოგრაფის მიერაა გადაღებული და მათზე ასახულია ესა თუ ის საწარმო ან რომელიმე სექტორში მომუშავე ჩრდილოეთ კორეელი მოქალაქე.

სამხრეთ კორეის ცენტრალურმა ბანკმა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკური მონაცემების ყველაზე ავტორიტეტული წყაროა, მთავრობისა და სადაზვერვო სააგენტოების მიერ შედგენილ მონაცემებზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა მოხსენება, სადაც აღწერილია მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის შესახებ. მოხსენება მოიცავს, ისეთ სექტორებზე ინფორმაციებს, როგორიცაა წყლის რესურსების გამოყენება, მარცვლეულის გამოყენება სოფლის მეურნეობაში, ბრინჯის მარცვლეულის როლს სოფლის მეურნეობაში და სხვა.

კიდევ ერთი სფეციფიკა, რაც ართულებს ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას, მოპოვებული სტატისტიკური რიცხვების შედარების შეუძლებლობაა. მაგალითისთვის, ერთ წელს მონაცემები შეიძლება გამოქვეყნებული იყოს ადგილობრივ ვალუტაში, მეორე წელს დოლარში. ასევე, ერთ წელს გამოქვეყნებულ მონაცემებში( დოლარში) შეიძლება ინფლაციის დონე გათვალისწინებული იყოს, ხოლო მეორე წელს არა, ან მეორე წელს ეროვნულ ვალუტაში იყოს გამოქვეყნებული ინფლაციის დონის გათვალისწინებით.

ბოლო 26 წლის მონაცემებით, Bank Of Korea-ს შეფასებით, ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკა 1.8-ჯერ მეტია, ვიდრე ეს გაეროს მონაცემებშია მოცემული. ჩაკეტილი სისტემის გამო, არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენია ყოველწლიური შემოსავალი ჩრდილო კორეელი მოქალაქის.

2011 წლის მონაცემით, ჩრ. კორეაში მშპ ერთ სულ მოსახლეზე, სხვადასხვა წყაროს მიხედვით სხვადასხვა რიცხვს წარმოადგენს. Bank Of Korea-ს ინფორმაციით, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1197 აშშ დოლარია, გაეროს მონაცემებით კი 571 აშშ დოლარი.

არ არსებობს ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, თუ რით ვაჭრობს ჩრდილოეთ კორეა სხვა ქვეყნებთან. მიუხედავათ იმისა, რომ ქვეყნებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეასთან განხორციელებული ექსპორტ-იმპორტის შესახებ, ხშირშემთხვევაში ამ ინფორმაციას მალავენ. მიზეზი ბევრია, დაწყებული სანქციებიდან, დამთავრებული ჩრდილოვანი ეკონომიკით. ცდუნება დიდია იმისა, რომ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით აწარმოონ ეკონომიკური ურთიერთობა ჩრდილოეთ კორეასთან ამ ბაზრის ასათვისებლად. მეტიც, ხშირად მთავრობები კვალის ასარევად ორ კორეას, ჩრდილოეთს და სამხრეთს, მონაცემებში ურევენ.

როგორც ჩანს, ჩრდილოეთ კორეული ბაზრის ათვისების მხრივ ინტერესი მართლაც რომ დიდია, მანამდე კი 12 ივნისს გასამართი შეხვედრაა წინ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის, რომელიც წესით ბევრ სამომავლო პერსპექტივას მოჰფენს ნათელს.

 

ბაჩანა ჯინჭარაძე

მომზადებული Bloomberg-ის მიხედვით

Share