Home » საზოგადოება » რა ზარალი მიიღო დედაქალაქმა მეტროს გაჩერების შედეგად
რა ზარალი მიიღო დედაქალაქმა მეტროს გაჩერების შედეგად

რა ზარალი მიიღო დედაქალაქმა მეტროს გაჩერების შედეგად

მემანქანეების გაფიცვის გამო ყველა მეტროსადგური დაკეტილია, რის გამოც მგზავრებს ავტობუსები უფასოდ ემსახურება. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება მემანქანეების გაფიცვა, რამდენადაც დათმობაზე არც მემანქანეები მიდიან და არც მერია აპირებს მათი მოთხოვნების შესრულებას და ხელფასის გაზრდას.

ამის ფონზე „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ზარალი ნახა ამის შედეგად დედაქალაქის მერიამ ერთ დღეში. ცნობისთვის, მეტროს ყოველდღიურად დაახლოებით 300-350 ათასი მგზავრი გადაჰყავს, მგზავრობის საფასური 50 თეთრია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ დღეში მეტროპოლიტენით მგზავრობისას სატრანსპორტო კომპანიის ბიუჯეტში 150-175 ათასი ლარი შედის.

რაც შეეხება ავტობუსებს, მათ მიერ გადაყვანილ მგზავრთა რიცხვი ყოველდღიურად დაახლოებით 400 ათასია. მგზავრობის საფასური ამ შემთხვევაშიც 50 თეთრია, შესაბამისად, ავტობუსებში მგზავრობის შედეგად დღეში, დაახლოებით, 200 ათასი ლარი შედის სატრანსპორტო კომპანიის ბიუჯეტში.

შესაბამისად, უხეში გაანგარიშებით ერთდღიანი გაფიცვის შედეგად „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ზარალი დაახლოებით 350 ათასი ლარია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მეტროსა და ავტობუსში რიგი სოციალური შეღავათები მოქმედებს, შესაბამისად, აღნიშნული თანხები შესაძლოა 100%-იანი სიზუსტით არ იყოს.

შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურების დაკეტვის მიზეზი მეტროს მემანქანეთა გაფიცვაა, რომლებიც ხელფასის ზრდას ითხოვენ. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით კი, მათი ხელფასი 1400-1800 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც უფრო

მეტია, ვიდრე პატრულის თანამშრომლის, სასწრაფოს ბრიგადის თანამშრომლის, მაშველების და მეხანძრეების ხელფასებია.

ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ მეტროს 240 მემანქანეა დასაქმებული.

BPN.GE

Share