Home » საზოგადოება » რა წერია ნიკა გვარამიას კონტრაქტში
რა წერია ნიკა გვარამიას კონტრაქტში

რა წერია ნიკა გვარამიას კონტრაქტში

კონტრაქტი ჩემი გათავისუფლების უმაღლეს გარანტიებს შეიცავს. ნიკა გვარამიას აქედან ვერც ქიბარ ხალვაში და ვერც ვინმე სხვა, კანონიერი გზებით ვერ გაუშვებს, – ამის შესახებ „რუსთავის 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ქიბარ ხალვაშის განცხადებას, რომ ნიკა გვარამია ტელეკომპანიაში ვერც ჟურნალისტის და ვერც გენერალური დირექტორის პოზიციაზე ვეღარ დარჩება.

გვარამიას თქმით, მისი სამსახურებრივი კონტრაქტი ტელეკომპანიის მესაკუთრის შეცვლის გამო ბათილად ვერ ჩაითვლება. გვარამია აცხადებს, რომ „რუსთავი2“-ს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ ამას არხის ჟურნალისტები მოისურვებენ.

„ჩემი კონტრაქტი, ჩემივე მოთხოვნით, ჩემი გათავისუფლების უმაღლეს გარანტიებს შეიცავს. ეს კონტრაქტი აქვს საჯარო რეესტრსაც. აქ წერია, რომ ჩემი გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარღვევისთვის განსაზღვრული ძალიან სერიოზული გარანტია იქნება გადახდილი. რა დამოკიდებულება აქვს ქიბარ ხალვაშს ამ კონტრაქტთან ჩემთვის მეორე ხარისხოვანია, ჩემი მუშაობის პერიოდის განმავლობაში ხალვაში არ იყო დამფუძნებელი, ვინც იყვნენ დამფუძნებლები, მათ მომცეს ეს გარანტია და ეს არის ლეგიტიმური კონტრაქტი. ამ კონტრაქტის ბათილობა მესაკუთრის შეცვლის გამო, ცხადია, ვერ დადგება.

ჩემი პროკურატურაში ტარება იმიტომ, რომ უფლებამოსილებებს გადავაჭარბე და ა.შ. ამას განვიხილავ მედიის დამოუკიდებლობის საქმეში პირდაპირ ჩარევად და პირდაპირ შეზღუდვად ჩემი ყველა გარანტიის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით, მხოლოდ იმის გამო, რომ გამოიყენონ ყველა ხერხი, რათა მე ამ გარანტიებზე უარი ვთქვა. ეს გამორიცხულია. მნიშვნელობა არ აქვს რას იზამს ხელისუფლება. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მე უარს ვიტყვი ამ კონტრაქტზე და წავალ ამ კომპანიიდან ჩემი ნებით და არა ხალვაშის მოთხოვნით ან ხელისუფლების ზეწოლით, ეს არის ჩემი ჟურნალისტების, ჩემი თანამშრომლების ამგვარი დამოკიდებულება, რომ ჯობია წავიდე. თუ მათ ეს დამოკიდებულება ექნებათ, მე არ ვაპირებ ამ საკითხის განხილვას. სხვა შემთხვევაში ნიკა გვარამიას აქედან ვერც ქიბარ ხალვაში და ვერც ვინმე სხვა, კანონიერი გზებით ვერ გაუშვებს. ამ კონტრაქტზე დავა შეუძლებელია ქართულ სასამართლო სისტემაში. ამ კონტრაქტზე არის დათქმა ლონდონის არბიტრაჟზე,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

Share