Home » ფინანსები » რა წერია ანტიდემპინგურ კანონში – როგორ დაიცავს მთავრობა ადგილობრივი მეწარმეებს
რა წერია ანტიდემპინგურ კანონში - როგორ დაიცავს მთავრობა ადგილობრივი მეწარმეებს

რა წერია ანტიდემპინგურ კანონში – როგორ დაიცავს მთავრობა ადგილობრივი მეწარმეებს

პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე ანტიდემპინგური საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება.

“ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ – ასე ეწოდება პროექტს, რომელიც 2 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე იქნება ინიცირებული. საკანონმდებლო პაკეტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა. ანტიდემპინგური კანონის ამოქმედება, 2020 წლის 1-ლი იანვრიდან იგეგმება.

კანონის მიზანს ადგილობრივი მეწარმეებისა და ინდუსტრიის დემპინგური ფასებისგან დაცვა წარმოადგენს. უფრო კონკრეტულად, თუ რა წერია დოკუმენტში „ბიზნესპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ესაუბრა.

„თუ იმპორტირებული პროდუქტი იყიდება ღირებულებაზე დაბალ ფასად და მიმართულია, რომ დააზიანოს ადგილობრივი ინდუსტრია, ამ შემთხვევაში იწყება გამოძიება, რომელსაც კონკურენციის სააგენტო ახორციელებს. თუმცა, ამას წინ უძღვის ადგილობრივი ინდუსტრიის განცხადება, რის საფუძველზეც იწყება გამოძიება, რომელიც შესაძლოა, 12 თვემდე გაგრძელდეს, თუმცა თუ არც ეს პერიოდი იყო საკმარისი მოკვლევის დასრულებისთვის, კონკურენციის სააგენტოს შეეძლება ვადა კიდევ 6 თვით გაახანგრძლივოს. ანუ დემპინგის გამოსავლენად გამოძიება მაქსიმუმ 18 თვის განმავლობაში შესაძლოა, მიმდინარეობდეს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში თუ გამოძიების დასრულებამდე ადგილობრივ ინდუსტრიას სერიოზული ზიანი ადგება, კანონი ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე წინასწარი ღონისძიების შემოღებას გულისხმობს. ამ ღონისძიების ფარგლებში იმპორტიორ კომპანიას უწესდება სპეციალური დემპინგური ტარიფი, რომელსაც დეკლარირების, განბაჟების დროს გადაიხდის. მნიშვნელოვანია, რომ წინასწარი ღონისძიება მაქსიმუმ 7 თვის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს. გამოძიების სრულად დასრულების შემთხვევაში კი თუ დადგინდება, რომ დემპინგი არ ყოფილა, ამ თანხის კომპანიისთვის დაბრუნება მოხდება. ხოლო თუ დადასტურდება დემპინგური ფასების არსებობა, მაშინ ტარიფი იმის მიხედვით დაწესდება/შეიცვლება, რაც ადგილობრივი ინდუსტრის დასაცავად იქნება საჭირო. სხვა სადამსჯელო ღონისძიებებს ანტიდემპინგური კანონი არ გულისხმობს,“- აცხადებს არველაძე.

მისივე თქმით, კანონის თანახმად, მოკვლევას კონკურენციის სააგენტო განახორციელებს, რომელიც რეკომენდაციის სახით წარუდგენს მთავრობას და უკვე მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას ღონისძიების შემოღებასთან დაკავშირებით.

ამასთან, როგორც არველაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოძიების დასაწყებად აუცილებელია ინდუსტრიის და არა ერთი კომპანიის მიმართვა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც არის გამონაკლისი, კერძოდ, თუ კონკურენციის სააგენტოს დემპინგურ ფასებთან დაკავშირებით მოკვლევის დასაწყებად ერთი კომპანია მიმართავს, მას ბაზრის მნიშვნელოვანი წილი უნდა ეკავოს.

BPN.GE

Share