Home » ფინანსები » რა სხვაობა უნდა იყოს თქვენს შემოსავალსა და გადასახადს შორის, რომ სესხის აღება შეძლოთ
რა სხვაობა უნდა იყოს თქვენს შემოსავალსა და გადასახადს შორის, რომ სესხის აღება შეძლოთ

რა სხვაობა უნდა იყოს თქვენს შემოსავალსა და გადასახადს შორის, რომ სესხის აღება შეძლოთ

მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან სესხის გამცემი სუბიექტებისთვის პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა ამოქმედდა. ეს კი ნიშნავს, რომ სესხის გამცემ სუბიექტებს ფიზიკური პირის გადახდისუუნარობის შესწავლის გარეშე სესხის გაცემა ეკრძალებათ.

სებ-ის მიერ დამტკიცებული დებულების მიხედვით, სუბიექტი ფიზიკურ პირზე იმაზე მეტ სესხს ვეღარ გასცემს, რისი გადახდის რეალური შესაძლებლობაც არ ექნება მოქალაქეს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ დებულებაში მსესხებლის შემოსავალსა და ყოველთვიურ გადასახდელს შორის არსებული სხვაობაც არის განსაზღვრული, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც პირი სესხის აღებას ვერ შეძლებს. კერძოდ, დებულების თანახმად, მსესხებლის/თანამსესხებლის ყოველთვიურ წმინდა შემოსავლებსა და ყოველთვიურ გადასახდელებს შორის სხვაობა სესხის გაცემის თარიღისთვის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმს უნდა აღემატებოდეს.

ცნობისთვის, 2018 წლის ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 174.3 ლარი იყო.

შეგახსენებთ, რომ ამ დებულებით დგინდება ერთიანი ჭერი იმაზე, თუ რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი. მაგალითად, იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად 15 წელი, სატრანსპორტო სესხის ვადად 6 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის ვადად 10 წელი, ხოლო სხვა ნებისმიერი ტიპის სესხის მაქსიმალურ ვადად 4 წელი განისაზღვრა. ამასთან, განისაზღვრა სესხის მომსახურების კოეფიციენტებიც.

კერძოდ, 1 000 ან უფრო ნაკლები ყოველთვიური შემოსავლის შემთხვევაში, ჰეჯირებული მსესხებლებისთვის სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 35% უნდა იყოს, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ ყოველთვიური შემოსავალი გაქვთ 1 000 ლარი, ყოველთვიური დასაფარი თანხა 350 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 1 000-დან 2 000 ლარამდე შემოსავალზე 45% უნდა იყოს; 2 000-4 000 ლარის შემოსავლის შემთხვევაში – 55%; 4 000 და უფრო მაღალი შემოსავლის შემთხვევაში სესხის მაქსიმალური კოეფიციენტი 60%-ით განისაზღვრა.

რაც შეეხება არაჰეჯირებულ მსესხებლებს, ამ შემთხვევაში სესხის მაქსიმალური კოეფიციენტი შედარებით დაბალია. დოკუმენტის მიხედვით, 1000 ლარის ან უფრო ნაკლები შემოსავლის შემთხვევაში სესხის მაქსიმალური კოეფიციენტი 25%-ით განისაზღვრა, 1 000-4 000 ლარის შემთხვევაში – 30%-ით, 4 000 ლარის ან უფრო მეტის შემთხვევაში – 35%-ით.

ცნობისათვის, ჰეჯირებულია მსესხებელი, თუ შემოსავალი აქვს ლარში და სესხსაც ლარში იღებს, არაჰეჯირებული კი, როდესაც შემოსავალი აქვს ლარში, სესხს კი უცხოურ ვალუტაში იღებს. აღსანიშნავია, რომ ჰეჯირებული მსესხებლებისთვის განსაზღვრული კოეფიციენტები იმ მსესხებლებზეც ვრცელდება, რომლებსაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ, ხოლო სესხს ლარში იღებენ.

წყარო: bpn.ge

Share