Home » ბიზნესი » რა შეიცვლება დასაქმებულისთვის, რომელსაც კომპიუტერთან უწევს მუშაობა
რა შეიცვლება დასაქმებულისთვის, რომელსაც კომპიუტერთან უწევს მუშაობა

რა შეიცვლება დასაქმებულისთვის, რომელსაც კომპიუტერთან უწევს მუშაობა

რა შეიცვლება დასაქმებულისთვის, რომელსაც კომპიუტერთან უწევს მუშაობა – მთავრობა მონიტორთან მუშაობის ახალ წესებს მიიღებს

ოქტომბრის ბოლოს საქართველოს მთავრობა მიიღებს ევროდირექტივას, რომელიც მონიტორიან მოწყობილობებთან მუშობის პროცესში უსაფრთხოების საკითხებს დაარეგულირებს.

ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა მაია მიქაიამ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე თქმით, მონიტორიან მოწყობილობაში იგულისხმება ჩვეულებრივი კომპიუტერის ეკრანიც, რომელთანაც შეხება დასაქმებულთა უმრავლესობას აქვს.

„ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით 23 ევროდირექტივის მიღების ვალდებულება გვაქვს, რომელიც შრომის უსაფრთხოებას ეხება. მათი მიღება ეტაპობრივად, 2022 წლამდე უნდა მოხდეს. თუმცა, მონიტორიან მოწყობილობებთან დაკავშირებით, ერთ-ერთი დირექტივა უკვე 2019 წელს არის მისაღები. მართალია, ოქტომბრის ბოლოს უკვე მივიღებთ ამ დირექტივას, თუმცა, დამსაქმებლებისთვის იქნება გარდამავალი პერიოდი რათა გაეცნონ დოკუმენტს და მოთხოვნების დაკმაყოფილება შეძლონ. ამის შემდეგ კი დავიწყებთ ზედამხედველობას.

რაც შეეხება დოკუმენტში გაწერილ მოთხოვნებს, განსაზღვრული იქნება თუ როგორ უნდა იყოს აღჭურვილი სამუშაო ოთახი; რამდენი კვადრატული უნდა იყოს სამუშაო სივრცე/ოთახი; ასევე გაწერილია, რომ განათებით იყოს სამუშაო კუთხე განათებული; სავარძელი იყოს ისეთი, რომელიც დასაქმებულისთვის მის მორგებას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, დირექტივაში განსაზღვრულია თუ როგორ უნდა განთავსდეს დასაქმებული მონიტორიან მოწყობილობასთან; რამდენი ხანი უნდა გაატაროს ეკრანთან შეუსვენებლად, დასაქმებულმა უნდა იცოდეს რომ მაგალითად, 3 საათის შემდეგ ადგეს, 10 წუთი გაიაროს და თვალი დაასვენოს; ამასთან, საუბარია, ფეხის და მაჯის დასადებზე.

რაც შეეხება თავად, მონიტორიანი მოწყობილობის ხარისხს, დირექტივის მიხედვით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ გამოსხივებამ დასაქმებულის ჯანმრთელობას, მის თვალებს საფრთხე არ შეუქმნას. იმ შემთხვევაში თუ დასაქმებული აღმოაჩენს, რომ მისი თვალების მდგომარეობა არის შეცვლილი მას ექნება უფლება, დამსაქმებელს მოსთხოვოს და მხედველობასთან დაკავშირებით, შესაბამისი სამედიცინო შემოწმება გაიაროს,“-განაცხადა მიქაიამ.

BPN.GE

Share