Home » ფინანსები » რა შედეგები მოიტანა საბანკო რეგულაციებმა
რა შედეგები მოიტანა საბანკო რეგულაციებმა

რა შედეგები მოიტანა საბანკო რეგულაციებმა

2018 წელი გამორჩეული აღმოჩნდა საკრედიტო ორგანიზაციებისთვის. სწორედ 2018 წელს შევიდა ძალაში რეგულაციები, რომელიც მთელს საფინანსო სექტორზე გავრცელდა. მთავარი სამიზნე კი, თავად ბაზრის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, კომერციული ბანკები აღმოჩნდნენ. “კვალიფიციური დაკრედიტების ჩარჩო”, სწორედ ასე ეწოდება რეგულაციას, რომელიც ეროვნულმა ბანკმა მოამზადა და რომლის პირველი ტალღაც, მიმდინარე წლის მაისში შევიდა ძალაში. რეგულაციის მიხედვით, კომერციული ბანკები შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხებს ვეღარ გასცემენ. უფრო კონკრეტულად კი მომხმარებლების გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხის გაცემა შეიზღუდა.

ახალი რეგულაციით, ბანკი ვეღარ გასცემს შესაძენი ბინის შეფასებული ღირებულების 50%-ზე მეტს თუ მსესხებლის გადამხელუნარიანობის ანალიზი არ გააკეთა. რაც შეეხება სრულფასოვან ანალიზის, მასში მოიაზრება, რომ ბანკმა მოახდინოს მსესხებელი/თანამსესხებელი პირის შემოსავლების, ხარჯებისა და ჯამური ვალდებულებების დეტალური ანალიზი. ასევე, მომხმარებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზისთვის, მსესხებელს მოუწევს კომერციულ ბანკში წარადგინოს საბანკო ანგარიშიდან სახელფასო ამონაწერი, შემოსავლების სამსახურიდან ცნობა და სხვა მსგავსი სანდოობის დოკუმენტაცია. თუმცა, აღნიშნული რეგულაცია, კომერციული ბანკების გარდა შეეხო ონლაინ სესხებს, ლომბარდებსა თუ ე.წ. კერძო მევახშეებს და მთლიანი საფინანსო სექტორი მოიცვა.

რეგულაციის მეორე ტალღის მიხედვით, რომელიც 2018 წლის აგვისტოში ამოქმედდა, ნებისმიერი საკრედიტო ორგანიზაციისთვის განისაზღვრა საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარი, რომელიც 100%-დან 50%-მდე შემცირდა. რეგულაციები შეეხო ლომბარდებსაც და ამ უკანასკნელებს, უძრავი ქონებისა და ავტომობილების სანაცვლოდ სესხის გაცემა აეკრძალათ. სებ-ის რეგულაციები შეეხო ფიზიკურ პირებსაც, კერძოდ კი ნებისმიერი პირი, რომელიც 4-ზე მეტი ადამიანისგან მოიზიდავს ან გასცემს ფულად რესურს, რეგისტრაციის გავლა ეროვნულ ბანკში მოუწევს. თავის მხრივ, იმ ფიზიკურ პირებს, ვისაც სამევახშეო საქმიანობის გასაგრძელებლად ლიცენზიის აღება მოუნდება, მოუწევს ლიცენზიის ღირებულების გადახდაც, რომელიც 10.000 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული.

ნოემბრის თვეში იყო დაანონსებული რეგულაციების მესამე ტალღა, რომელიც 2019 წლის პირველი იანვრისთვის გადაიდო. მესამე ტალღის ფარგლებში, საუბარია რეგულაციებზე, რომლის თანახმად: იპოთეკაზე წესდება მაქსიმუმ 15-წლიანი ლიმიტი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი მაქსიმუმ 10-წლიანი იქნება, ავტოსესხი მაქსიმუმ 6-წლიანი, ნებისმიერი ტიპის სესხის ხანგრძლივობა 4 წელს არ უნდა აჭარბებდეს. ასევე ეროვნული ბანკის პროექტის მიხედვით, განსაზღვრული იყო ექვსი საშემოსავლო საფეხური და სესხის კოეფიციენტი, კერძოდ თვეში 10 000 ლარზე მეტი – ბანკი თავისი შიდა პოლიტიკის მიხედვით ადგენს სესხსა და პირის შემოსავალს შორის ბალანსს, თვეში 7 000-10 000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 30 პროცენტი, ანუ 3000 ლარამდე, თვეში 5 000-7 000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 25 პროცენტი, ანუ 1 750 ლარამდე, თვეში 3 000-5 000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20 პროცენტი, ანუ 1000 ლარამდე, თვეში 1 000-3 000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20 პროცენტი, ანუ 600 ლარამდე, თვეში 1 000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20 პროცენტი, ანუ 200 ლარამდე.

საზოგადოების თუ ექსპერტების ნაწილი რეგულაციებს კრიტიკულად შეხვდა, ერთნი ამბობდნენ, რომ რეგულაციები დააქცევდა საფინანსო სექტორს, ხოლო მეორენი ამბობდნენ, რომ რეგულაციები ქვეყანას ეკონომიკურ კოლაფსს მოუტანდა. თუმცა, თუ რეგულაციებს, უფრო სიღრმისეულად ჩავხედავთ დავინახვთ, რომ რეგულაციები თავისი ბუნებით ძირითადად საცალო და სამომხმარებლო სესხების შეზღუდვისკენ არის მიმართული. ამას ამტკიცებს სებ-ის მონაცემები, რომლის მიხედვითაც თუ 2017 წლის იანვარ-ნოემბერში 1.477 მლრდ ლარის მოცულობის ბიზნეს სესხი გაიცა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს რიცხვი 2.035 მლრდ ლარამდე მდე გაიზარდა.

თავის მხრივ, საცალო – სამომხმარებლო სესხები, იმ პროდუქტთა კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომლებიც ყველაზე ნაკლებად არიან ორიენტირებულნი ეკონომიკის დაკრედიტებაზე. საქმე იმაშია, რომ ჩვენი ეკონომიკის სიმწირიდან გამომდინარე, პროდუქტების უმრავლესობა რისთვისაც სამომხმარებლო სესხები გაიცემა არის იმპორტირებული, შესაბამისად, აღნიშნული პროდუტების შეძენისას მომხმარებელი ირიბად აკრედიტებს იმპორტიორი ქვეყნის ეკონომიკას და არა საქართველოს ეკონომიკას. მეორე საკითხია რეგულაციების ეფექტი თავად საფინანსო ორგანიზაციებზე, თუ კომპანიებზე რომლებიც მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული, საბანკო პროდუქტებთან (განვადებებთან). თუ მონაცემებს ჩავხედავთ, არც ამ მიმართულებით გამოუღია რეგულაციებს ის ნეგატიური ეფექტი, რომელსაც საზოგადოების ნაწილი ელოდა. მაგალითად, კერძო სექტორის დაკრედიტებიდან მიღებული შემოსავალი, 2018 წლის აგვისტოში, გაზრდილია 27 მლნ 2017 წლის, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება საცალო სესხების რეგულირებას, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ მიმართულებითაც პოზიტიური მონაცემები გვაქვს და თუ 2017 წელს საცალო სესხებიდან მიღებულმა შემოსავალმა 133 მლნ ლარი შეადგინა, 2018 წლის აგვისტოში ეს მონაცემი, 28 მლნ-ით გაიზარდა.

რაც შეეხება თავად საფინანსო სექტორს, რეგულაციების მიუხედავად, ამ სექტორის სწრაფ განვითარებაზე მეტყველებს ინვესტორების მზარდი ინტერესი ამ უკანასკნელის მიმართ. კონკრეტულად, თუ FDI -ის წილი საფინანსო სექტორზე 2017 წლის პირველ კვარტალში 76 მლნ იყო, 2018 წლის პირველ კვარტალში ეს ციფრი 110 მლნ-მდე გაიზარდა. რაც შეეხება უკანასკნელ მონაცემებს, მესამე კვარტლის მონაცემებით ინვესტიციების საერთო მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად თითქმის 49 %-ით არის შემცირებული ყველა სექტორში, თუმცა ამის მიუხედავადაც საფინანსო სექტორი 6 ადგილს იკავებს 21.2 მლნ დოლარით.

აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ საბანკო რეგულაციების ეს ტალღა არც თუ ისეთი კაბალური აღმოჩნდა ქვეყნისთვის, როგორსაც კრიტიკოსები პროგნოზირებდნენ, ხოლო მეორე მხრივ, რეგულაციებმა შექმნა “თამაშის წესები” ბაზარზე, “თამაშის წესები”, რომელიც ევროპის ყველა ქვეყანას გააჩნია და რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს, რომელსაც პრეტენზია ეკონომიკის ინკლუზიურ განვითარებაზე.
პეტრე ლეკიშვილი

Share