Home » ეკონომიკა » რა რისკები შეიძლება ახლავდეს მინიმალური ხელფასის დადგენას
რა რისკები, შეიძლება, ახლავდეს მინიმალური ხელფასის დადგენას

რა რისკები შეიძლება ახლავდეს მინიმალური ხელფასის დადგენას

ეკონომისტის, “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცეპრეზიდენტის პაატა ბაირახტარის განცხადებით, მინიმალური ხელფასის დადგენის შესახებ ინიციატივას რამდენიმე გარდაუვალი რისკი ახლავს.

როგორც ბაირახტარმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, ეს რისკებია: სამუშაო ადგილების შემცირება, პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასების ზრდა, შავი ბუღალტერია.

„მინიმალური ხელფასის დადგენის შესახებ იდეა, ზოგადად, რა თქმა უნდა, კეთილშობილურია. თეორიულ დონეზე ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ, ნახეთ, რა ხდება რეალურად: როდესაც ჩვენ რაიმე ტიპის ეკონომიკურ დაშვებებზე ვსაუბრობთ, აუცილებელია გათვალისწინებული იქნას ქვეყნის ეკონომიკური მოწყობა და სტრუქტურა. შესაძლებელია, ჩვენ რაღაც მიმართულებებით გამოვიყენოთ რეგულაციები და ამან პოზიტიური ნაბიჯი მოგცეს, ასევე შესაძლებელია რაღაც რეგულაციები გამოვიყენოთ ისეთი მიმართულებით, რამაც გაცილებით უფრო ნეგატიური შედეგი მოიტანოს. აღნიშნული მიმართულებიაც მიეკუთვნება სწორედ იმ ჩამონათვალს, რომლის ხელოვნური რეგულაციაც პოზიტიურ შედეგებს ვერ მოიტანს. როდესაც ჩვენ ვაწესებთ მინიმალურ ზღვრებს ხელფასთან დაკავშირებით და ამ დროს დამსაქმებელს არ აქვს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ თავის დაქირავებულს გადაუხადოს აღნიშნული ხელფასი , ეს ძირითადად შემთხვევაში, ქვეყნის ეკონომიკური პროცესებიდან მომდინარეობს. თუ ჩვენ მეწარმეს, ბიზნესმენს ვუწესდებთ რაღაც რეგუალციას, ის დგება სამი არჩევანის წინაშე: პირველი – გაათავისუფლოს თანამშრომლების რაღაც ნაწილი და იქიდან გამოთავისუფლებული თანხებით , დარჩენილებს გაუზარდოს ხელფასი იმ დონეზე, რა დონეზეცაა დარეგულირებული. მეორე – მან გაზარდოს ფასები პროდუქტსა და მომსახურებაზე, რაც ყველასთავის ცუდია. მესამე- აწარმოოს შავი ბუღალტერია, ანუ, თანამშრომლები გააფორმოს კანონის გვერდის ავლით, რააც ასევე ცუდია ქვეყნის ეკონომიკისა და ბიუჯეტისთვის.

ეს არის ის პრაქტიკულად გარდაუვალი რისკები , რომელსაც აღნიშნული ინიციატივა გვიქადის“, – განაცხადა ბაირახტარმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში მინიმალური ხელფასის თაობაზე კანონპროექტი დარეგისტრირდა. ინიციატორების განცხადებით, კანონპროექტის მიზანია საქართველოში კანონით დადგინდეს მინიმალური ანაზღაურების ის ოდენობა, რომელიც დასაქმებული პირის მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილების გარანტი იქნება, ქვეყანაში არსებული სოციალური და ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით.

კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილია.

ასევე, კანონის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს დამოუკიდებელი მშრომელთა გაერთიანებამ „სოლიდარობის ქსელი“, მეტროს პროფესიულმა კავშირმა „ ერთობა 2013“ და სოციალურ მუშაკთა პროფესიულმა გაერთიანებამ, ექთნებმა, მეტალურგებმა და სხვა დარგების წარმომადგენლებმა.

კანონის ინიციატორები არიან დეპუტატები: ბექა ნაცვლიშვილი, გიორგი ლომია, ირმა ინაშვილი, ადა მარშანია, ემზარ კვიციანი, გელა მიქაძე, გია ჟორჟოლიანი, მირიან წიკლაური, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, დავით ჯინჭარაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და ნატო ჩხეიძე.

kvira.ge

Share