Home » საზოგადოება » რა რეგულაციები ამოქმედდა დღეიდან და რა სახის სასჯელია გათვალისწინებული მათი დარღვევისთვის
რა რეგულაციები ამოქმედდა დღეიდან და რა სახის სასჯელია გათვალისწინებული მათი დარღვევისთვის

რა რეგულაციები ამოქმედდა დღეიდან და რა სახის სასჯელია გათვალისწინებული მათი დარღვევისთვის

დღეიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლის საფუძველზეც შენობა-ნაგებობების უმეტესობაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა. თამბაქოს მოწევა აიკრძალა საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა ტაქსისა და კატერისა); საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, 18-წლამდე ასაკის პირებისათვის განკუთვნილი დაწესებულებების შენობა-ნაგებობების ტერიტორიებზე; სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება. თამბაქოს მოწევა აკრძალული იქნება სტადიონზეც, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია.

“თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებებით, რომლის ნაწილი ძალაში 1-ელი მაისიდან შევიდა, თამბაქოს მოწევა ნებადართულია შემდეგ შენობა-ნაგებობებში: ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას, თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში, პენიტენციურ დაწესებულებაში, ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარებში, სამორინეში, აეროპორტის სატრანზიტო ზონასა და წინასწარი დაკავების იზოლატორში.

შენობებში თამბაქოს მოწევა 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო აღნიშნული ქმედების განმეორება – 1000 ლარიანი ჯარიმის დაკისრებას

ადმინისტრაციული ჯარიმები, “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ აკრძალვებთან ერთად, დღეს ამოქმედდა. ანალოგიური ოდენობის ჯარიმა არის დაწესებული თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების დაუმტკიცებლობაზე და შენობა-ნაგებობების ტერიტორიაზე ამკრძალავი წესების განუთავსებლობაზე.

გარდა ამისა, ფიზიკური პირის მიერ თამბაქოს მოწევა მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში, რომელიც საერთო ქონებაა (ვესტიბიული, სადარბაზო, დერეფანი, კიბის უჯრედი, სარდაფი, სხვენი, სახურავი, ლიფტი და სხვა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა – დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალებაში მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა და თამბაქოს მოწევის აღუკვეთელობა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 1 000 ლარის ოდენობით.

ფიზიკური პირის მიერ საზღვაო და საჰაერო საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა კატერისა) თამბაქოს მოწევა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში – დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

ასევე, ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოწევა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით და ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში – 100 ლარის ოდენობით.

შენობებში თამბაქოს მოხმარების ამკრძალავი წარწერების გამოკვრა სავალდებულოა

თამბაქოს მოხმარების შეზღუდვასთან დაკავშირებით სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებისათვის ძალაში შევიდა ვალდებულებები, რომელიც 1-ელი მაისიდან ამოქმედდა.

კერძოდ, ნებისმიერი იურიდიული პირი, ორგანიზაციული წარმონაქმნი, მეწარმე სუბიექტი, საჯარო დაწესებულება, მათ შორის, სახელმწიფო ორგანო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია, იმ შენობა-ნაგებობაში ან ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობს, თამბაქოს მოწევის აკრძალვა/შეზღუდვა უზრუნველყოს.

დაწესებულებამ არ უნდა დაუშვას შენობა-ნაგებობაში თამბაქოს მოხმარების შედეგად არსებული კვამლის, ფერფლის, ნამწვის არსებობა, აგრეთვე ჩილიმის განთავსება.

სავალდებულო ხდება შენობის ტერიტორიაზე – ყველა შესასვლელსა და სხვა თვალსაჩინო ადგილზე თამბაქოს მოწევის აკრძალვა/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების განთავსება, შესაბამისი წარწერა და ნიშანი თამბაქოს მოწევის აკრძალვის თაობაზე.

გარდა ამისა, უნდა განთავსდეს იმ ფიზიკური პირის და დაწესებულების საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა ინფორმაცია, რომელთან დაკავშირებაც იქნება შესაძლებელი თამბაქოს მოხმარების აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში.

დღეიდან თამბაქოს ღერებით გაყიდვა აიკრძალა და 150 ლარის ოდენობით დასჯადი ქმედება გახდა

 დღეიდან თამბაქოს ღერებით გაყიდვა აიკრძალა და 150 ლარის ოდენობით დასჯადი ქმედება გახდა. 1-ელი მაისიდან ძალაში შევიდა “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომლის მიხედვით, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის, თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან განლაგება სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში; საჯარო დაწესებულებაში; ნებისმიერი სახის სამედიცინო, სპორტულ და კულტურულ დაწესებულებებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; სავაჭრო ობიექტის იმ სექციაში, სადაც ბავშვის ტანსაცმელი, კვების პროდუქტი ან/და სათამაშო იყიდება.

აიკრძალა თამბაქოს რეალიზაცია: ერთეული ღერებით ან ერთეული კოლოფით/შეფუთვით, თუ მასში 20 ღერ სიგარეტზე ნაკლები ან მეტია; 18 წლამდე ასაკის პირზე; ელექტრონული ან მექანიკური მანქანის საშუალებით; უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებისათვის სადღეღამისო ულუფაში შეტანით; ინტერნეტით ან ფოსტით.
აკრძალვებთან ერთად ძალაში შევიდა ადმინისტრაციული ჯარიმები. კერძოდ, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია იმ დაწესებულებაში, დაწესებულების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ობიექტში ან სავაჭრო ობიექტის სექციაში, სადაც რეალიზაცია აკრძალულია, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით ჩადენა – დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის განლაგების წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია ერთეული ღერებით ან ერთეული კოლოფით/შეფუთვით, თუ მასში 20 ღერ სიგარეტზე ნაკლებია ან მეტია 150 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, ხოლო განმეორებით ჩადენა – 300 ლარის ოდენობით.

თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის 18 წლამდე ასაკის პირზე რეალიზაცია გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

Share