Home » ეკონომიკა » რა პოტენციალი აქვს ქართულ პროდუქციას მსოფლიო ბაზარზე
რა პოტენციალი აქვს ქართულ პროდუქციას მსოფლიო ბაზარზე

რა პოტენციალი აქვს ქართულ პროდუქციას მსოფლიო ბაზარზე

საქართველოს საექსპორტო კალათაში ცვლილებებია – გარკვეული პროდუქციის ექსპორტი მცირდება, მაგრამ ჩნდება ახალი პროდუქტები, რომელთა ექსპორტი იზრდება.

Allnews.ge დაინტერესდა, რას ფიქრობენ საქართველოს ეკონომიკის ექსპერტები მსოფლიოში ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალზე და რომელ პროდუქტებს მიიჩნევენ პერსპექტიულად.

ამასთან, საინტერესოა რა პროექტებს ახორციელებს ეკონომიკის სამინისტრო იმისთვის, რომ საქართველოში წარმოებულმა ამა თუ იმ პროდუქციამ ადგილი დაიკავოს მსოფლიო ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს საექსპორტო კალათის ლიდერი პირველად შეიცვალა. საქსტატის მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-აპრილში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადანმა და კონცენტრატებმა დაიკავა. ბოლო წლების რეიტინგით მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი მეორე პოზიციაზე ჩამოქვეითდა, მესამე ადგილზე კი ფეროშენადნობებია. თითქმის 2,5-ჯერ გაიზარდა თხილისა და კაკლის ექსპორტი. საექსპორტო კალათის ხუთეულში შედის სამკურნალო საშუალებები, რომელთა ექსპორტი 39 მილიონამდეა მომატებული წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით.

ეკონომიკის ექსპერტის, სოსო არჩვაძის თქმით, საქართველოს ბევრი პროდუქტი აქვს, მაგრამ მცირე რაოდენობით: “ჩვენ ცოტ-ცოტა ყველაფერი გვაქვს, მაგრამ ისეთი, როგორიც მაგალითად თურქმენეთს აქვს ნავთობი, გაზი, უზბეკეთს – ბამბა, რუსეთს – ენერგომატარებლები და ასე შემდეგ, ჩვენ ასეთი არ გვაქვს.”

თუმცა, მისივე თქმით, არსებობს გარკვეული პერსპექტივები მსოფლიო ბაზარზე. ეკონომიკის ექსპერტი რამდენიმე პროდუქტს ასახელებს, რომლებსაც მსოფლიო ბაზარზე გარკვეული პოზიციების დაკავება შეუძლიათ, მათ შორის თხილის, მინერალურ წყლებსა და ღვინოს.

“ღვინო, უკვე არა მარტო ჩრდილოეთის და დასავლეთის, არამედ აღმოსავლეთის მიმართულებითაც დაიძრა – იგივე ჩინეთის მიმართულებით. ასევე მნიშნელოვანი პოტენციალი აქვს მანგანუმს და ქიმიური მრეწველობის პროდუქციას, საქართველოს მტკნარ წყლებს. საუბრობენ საქართველოს მტკნარი წყლების ექსპორტზე. თუმცა ეს ბაზარი სტრუქტურირებულია და იქ ახალი მოთამაშის შესვლას გაშლილი ხელებით ნამდვილად არ ელიან”, – აღნიშნავს სოსო არჩვაძე.

მისივე თქმით, ქართული პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე ექსპორტის საკითხი კომპლექსურ მუშაობას და დიდ დროს მოითხოვს.

“ზოგადად, ეს მთელი პროცესია და მუშაობაა სააჭირო – ქვეყნის რეკლამიდან დაწყებული, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებით დამთავრებული. ასევე, მარკეტინგული სვლებით შეიძლება გარკვეული შედეგის მიღება. ჩვენ არ უნდა განვეწყოთ ნახტომისებური წინსვლისთვის. ეს არის ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლისკენ ორიენტაცია”, – აღნიშნავს სოსო არჩვაძე.

ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე საქართველოს საექსპორტო პოტენციალზე საუბრისას, პირველ რიგში, ბიოპროდუქციას და გადამამუშავებელ მრეწველობას ასახელებს. “ამ პროდუქციის ნიადაგზე ბაზარი არის უზარმაზარი და საქართველოს აქვს ძალიან კარგი პოტენციალი. მისი ძირითადი მიმართულება სწორედ ეს უნდა იყოს. სოფლის მეურნეობაში შესაბამისი პოლიტიკის გატარებაა საჭირო, მისი საბაზრო პრინციპებზე მოწყობა. იმ ბაზრების აგება, რასაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის ბაზარი ჰქვია. ამათ გარეშე არაფერი გაკეთდება. ის არასერიოზული პროგრამები, რომლებსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრი სახელმწიფო ხარჯებით ახორციელებს, შედეგს ვერ მოიტანს და ამას ჩვენ ყველა მალე დავინახავთ”,-აღნიშნავს ექსპერტი.

დემურ გიორხელიძე ასევე ხაზს უსვამს, რომ საქართველოს კარგი პოტენციალი აქვს ფეროშენადნობების და მადნეულის მხრივ.

“არ უნდა დაგვავიწყდეს ინოვაციები. ხელშეწყობის, განათლებისა და მეცნიერების სტიმულირების შემთხვევაში, ნელ-ნელა ეკონომიკა ინოვაციურ რელსებზე უნდა გადავიყვანოთ და იქ 10 პროდუქტიც გაჩნდება და 50-იც, რომელიც წარმატებით გავა მსოფლიო ბაზარზე. ის პოტენციალი, რაც ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებობს, არაფრით არის გამოყენებული. თუნდაც ცნობილი ინჟინრის, აკაკი იორამაშვილის მაგალითი. საქართველოში ვერავის ვერაფერი გააგებინა და დღეს მისი ხელსაწყო (მომანტალურად ცემენტის თვისებების, ბეტონის თვისებების დადგენის შესაძლებლობა) სამშენებლო ინდუსტრიაში ძალიან მოთხოვნადია. პროდუქცია არის, მაგრამ ქვეყანაში გარემო არ არის იმისთვის, რომ ეს იდეებისა და პროექტების დონეზე არსებული ინტელექტუალური პოტენციალი რეალიზდეს. პირველ რიგში, სტრატეგიული ამოცანაა განათლება, როგორც ქვეყნის არსებობისა და განვითარების საფუძველი”, – ამბობს დემურ გიორხელიძე.

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში წარმოებული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის დასადგენად და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს.

“სააგენტო მუდმივად აკეთებს სხვადასხვა კვლევებს და აქტიურად ეკონტაქტება კერძო სექტორს, რათა გამოიკვლიოს მათი პრობლემატიკა, იპოვოს გადაჭრის გზები და დაეხმაროს მათ პროდუქციის ექსპორტში. ამ მიმართულებით გამოვყოფდით ოთხ საკითხს: პირველი, მნიშვნელოვანია კერძო სექტორის უნარების ამაღლება, მეორე, აუცილებელია პირველად განხორციელებული ექსპორტის წახალისება, მესამე, მეწარმეებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე ინფორმაციის მიწოდება; აღსანიშნავია, რომ სააგენტოს აქვს წვდომა საერთაშორისო საინფორმაციო პორტალზე (Euro Monitor), რის შედეგადაც კომპანიებს ექნებათ საშუალება, მიიღონ მეტი ინფორმაცია საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ სიტუაციაზე და ახალ ტრენდებზე და მეტად აქტიურად იმუშაონ საერთაშორისო მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და საერთაშორისო ბაზარზე შესვლის სტრატეგიაზე; მეოთხე, დამატებითი კაპიტალის მოძიება გაფართოებისათვის, რაც დღეს უკვე “აწარმოე საქართველოში” პროექტის ფარგლებში შესაძლებელი გახდა მეწარმეებისათვის”,-აღნიშნავს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს პიარის წარმომადგენელი ნათია კალანდარიშვილი.

წყარო: Allnews.ge

Share